Sliderრეგიონები

მესტია – “ჩამკვდარია კულტურა, სპორტი, ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისთვის არაფერი კეთდება, მათზე არავინ ზრუნავს”

ვისაც სვანეთში ერთხელ მაინც ფეხი დაუდგამს, შეუძლებელია ეს ჯადოსნური მხარე დაავიწყდეს. ალბათ იშვიათია მსოფიოში ადგილი, სადაც ასეთი ზღაპრული სილამაზე ბუნებრივად არსებობს. აქაურ გარემოსთან ჰარმონიულად შერწყმული უძველესი კულტურის ძეგლები, ეკლესია-მონასტრები, მაჩუბები და ცადაწვდილი კოშკები ისეთ ერთიან კომპოზიციას ქმნის, რომ პირველი დანახვისას აღფრთოვანებისგან ერთგვარ ემოციურ შოკს განიცდი.

რომელ სოფელშიც არ უნდა მოხვდე, შენს წინ ისეთი პეიზაჟები იშლება, ისეთ დაუჯერებელ სილამაზეს ეჩეხები, ფიქრობ, ამაზე უკეთეს ადგილას სად უნდა მოხვდე, ამაზე სულიშემძვრელი რა უნდა ნახო. გადახვალა მეორე სოფელში და შენს წინ ისეთი თვალწარმტაცი სანახაობა გადაიშლება, ახლა აქ ფიქრობ, ამაზე უკეთესი მეტი რაღა უნდა ნახო?..

გარშემო იყურები და დაჯერება გიჭირს, რომ ეს შოკისმომგვრელი სილამაზე შენია, შენს ქვეყანას ეკუთვნის.

მერე აღფრთოვანებას სინანული და ტკივილი გიცვლის, იმის გამო, რომ ხედავ ამ უნიკალურ მხარეს პატრონობა აკლია. ვისაც ხალხმა და ხელისუფლებამ სვანეთზე ზრუნვა ანდო, მას არ უვლის, არ ცდილობს, აქ ცხოვრება უკეთესი გახადოს, სიცოცხლე დუღდეს, ადგილობრივები აქედან წასვლას კი არ ცდილობდნენ, თუ სადმე არიან, ყველა უკან დაბრუნდეს, ყველამ აქ ააწყოს თავისი საქმე, ყველა გამდიდრდეს, სვანეთს ამის პოტენციალი ნამდვილად აქვს. მხოლოდ პატარა ხელის შეწყობა სჭირდება მათგან, ვისი პირდაპირი მოვალეობა ქვეყანაზე, თავის მხარეზე ზრუნვაა, ვისაც ამის უფლებამოსილება გააჩნია.

ძალიან რთული მოსასმენია, როცა სოფლებში მცხოვრები ადამიანები გეუბნებიან, რომ მათი პრობლემების მოგვარებაზე არავინ ზრუნავს, რომ წლებია ითხოვენ ცენტრალური გზების გაკეთებას, კანალიზაციის სისტემის მოწყობას, სკოლების და ბაღების მშენებლობას ან რეაბილიტაციას და მათ თხოვნას არავინ ეხმაურება.

სრულიად მიუვალია ცენტრალური გზა სვანეთის ერთ-ერთ დიდ სოფელ ჭუბერში, სადაც ნესკრა ჰესი შენდება და სადაც ხე-ტყის გადამამუშავებელი მრავალი საწარმო არსებობს.

ადგილობრივების თქმით, ნესკრა-ჰესის მშენებელ კომპანიასთან შეთანხმებული იყო, რომ სოფლის ინფრასტრუქტურის მოწყობის საკითხი მას უნდა მოეგვარებინა. როცა მოსახლეობამ მათგან ამ პირობის შესრულება მოითხოვა, ადმინისტრაციაში უთხრეს, რომ ჭუბერში საგზაო და სხვა ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ანგარიშზე მათმა კომპანიამ 6 მილიონი ლარი კარგა ხნის წინ ჩარიცხა. თუმცა ჭუბერლებმა ამ თანხის მიმღებს ვერ მიაკვლიეს და მათი ყველა პრობლემაც ისევ მოუგვარებელი დარჩა.
ეცერი, ცხუმარი, წვიმრი, ადიში, იფარი, ნებისმიერ ამ სოფელში შესვლისთანავე, პირველი რაც თვალში გეცემა, უგზოობაა. არსად, არც ცენტრალური, არც შიდა გზა დაგებული არ არის.  ცხუმარის თემში, სოფელი გვალდერი, რომელიც ცხუმარსა და ეცერს ერთმანეთთან აკავშირებდა, უგზოობის გამო, საერთოდ დაიცალა. არადა, როგორც ადგილობრივები ამბობენ, მათ თემში ყველაზე შემოსავლიანი სოფელი ყოფილა, სადაც სოფლის მეურნეობა კარგად იყო განვითარებული.

– თუ ასე გაგრძელდა, გზის საკითხი თუ არ მოგვარდა, ინფრასტრუქტურა თუ არ მოწესრიგდა, მომავალი თაობების აღზრდა-განვითარების საშუალება თუ არ მოგვეცა, ნელ-ნელა ყველა სოფელი დაიცლებაო. – გულდაწყვეტით გვეუბნებიან ყველგან.

მომავალ თაობებთან დაკავშირებითაც მთელ სვანეთში ერთნაირი ტენდენცია იკვეთება. მათ განვითარების არავითარი საშუალება არა აქვთ.

– კულტურა, სპორტი, ყველაფერი ჩამკვდარია, ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისთვის არაფერი კეთდება, მათზე არავინ ზრუნავს. – გვეუბნებიან სვანეთში – ადრე ყველგან, ყველა სოფელში გვქონდა სპორტსკოლა, გვყავდა მწვრთნელები, ბავშვები სხვადსხვა სპორტულ სახეობებში ემზადებოდნენ და ქვეყნის მასშტაბით მრავალ სპორტულ ასპარეზობაში მონაწილეობდნენ, იმარჯვებდნენ, პირველ ადგილებზე გადიოდნენ. რამდენი სპორტსმენი აღუზრდია სვანეთს, რამდენი ჩემპიონი გვყოლია. დღეს არაფერი კეთდება. ვინც რეალურად საქმის გამკეთებელია, იმას ხელს უშლიან, სამაგიეროდ სპორტის სფეროშიც თავისიანებს ასაქმებენ.
როგორც შევიტყვეთ, მესტიის მუნიციპალიტეტში მწვრთნელის პოზიციაზე 136 ადამიანია გაფორმებული. მათ შორის, სერფერის შტატიც კი აქვთ გახსნილი, სპორტული სკოლები კი უმეტეს სოფლებში გაუქმებულია.
მაგალითად, რამდენიმე წლის წინ ჭუბერს თავისი ფრენბურთის გუნდი ჰყავდა, რომელსაც ახალგაზრდა მწვრთნელი ავარჯიშებდა.

– მინიმალური ხელფასის გარდა, არანაირი ხელშეწყობა არ ჰქონია, მაგრამ თავის ხარჯებით ბევრჯერ წაუყვანია ბავშვები ვარჯიშებზე, ტურნირებზე, მესტიაში, ზუგდიდში. ბევრჯერ პირველი ადგილიც აიღეს, მაგრამ წახალისებას და ფულად ჯილდოს ვინ ჩივის, მადლობაც არავის უთქვამს. ბოლოს სპორტსკოლა საერთოდ დაანგრიეს, გუნდიც დაიშალა და მწვრთნელიც შეეშვა თავის საქმეს.- გვეუბნებიან ჭუბერის მაცხოვრებლები.
როგორც ირკვევა, დანგრეული სპორტსკოლის სანაცვლოდ ნესკრაჰესის ადმინისტრაციამ ახალი სპორტსკოლა ააშენა, თუმცა დღემდე არ არის ექსპლუატაციაში, რადგან მიღება-ჩაბარების ოქმი ვერ შედგა.
მიღება-ჩაბარების ოქმი კი შედგა, მაგრამ დღემდე გაურკვეველია სპორტსკოლის ბედი მულახში, რომლის მშენებლობა ჯერ კიდევ 2016 წელს დასრულდა და რომელშიც 2,5 მილიონი ლარი დაიხარჯა.

აღნიშნული სკოლა ძველი სპორტსკოლის ბაზაზე, უნიკალურ გარემოში, საკურორტო ზონაშია აშენებული და ინფრასტრუქტურაც უმაღლეს დონეზეა მოწყობილი. სკოლას აქვს დიდი ეზო, სპორტული მოედანი, აუზი, საუნა, გასახდელები, საშხაპეები, სავარჯიშო დარბაზი ყველა ინვენტარით.
სპეციალური სამეკლდეურო სავარჯიშო კედელი, რომელიც პოლონეთიდან ჩამოიტანეს და რაშიც 300 ათასი ლარი დაიხარჯა. აქვთ თანამედროვე, საუკეთესო ხარისხის ტატამები.

შენობაში მოწყობილია ასევე საძინებლები, რაც საშუალებას იძლევა, არამარტო ადგილობრივმა, არამედ ქვეყნის სხვადასხვა ქალაქიდან ან ქვეყნის გარედან ჩამოსულმა სპორტსმენებმაც ისარგებლონ ამ კომპლექსით.

ამ სპორტსკოლაში მთელი წლის განმავლობაში შეიძლება შეკრებების და შეჯიბრების გამართვა, თუმცა სრულიად გაუგებარი მიზეზების გამო, 5 წელია, მისი კარი არავის შეუღია.

სპორტის გარდა, არ არსებობს მოსწავლე-ახალგაზრდობის დაინტერესება კულტურული ღონისძიებებით, არც ერთ სოფელში არ არის მუსიკალური, სახელოვნებო სკოლები, სადაც ბავშვები სიმღერას და ცეკვას ისწავლიან.

არამარტო სახელოვნებო, ზოგან სასკოლო დაწესებულებაც არა აქვთ. რაც საბოლოოდ იმის მიზეზი ხდება, რომ ადგილობრივები სვანეთის დატოვებას ცდილობენ.
– აქ ჩვენი შვილების მომავალს, მათი განვითარების საშუალებას ვერ ვხედავთ, ამიტომ თანდათან იძულებული გავხდებით, აქედან წავიდეთ. – ამბობენ ერთმანეთში შეთანხმებულივით.

არის შემთხვევები, უმაღლესგანათლებამიღებული ახალგაზრდები ბრუნდებიან სვანეთში, სურთ, აქ დასაქმდნენ და აქ იცხოვრონ, მაგრამ ვერაფერს პოულობენ, მაშინ, როცა ნათესაური კავშირებით მათზე ბევრად ნაკლები კომპეტენციის ადამიანები არიან დასაქმებული ყველგან.

არის კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც აქაურების თქმით, მალე მთელი საქართველოს პრობლემა იქნება.
სოფლად მცხოვრები ახალგაზრდობის უმეტესობას აქამდე თუ მარტო მოსაწევი აინტერესებდა, დღეს მათი ინტერესი გაიზარდა და მაინერების და ბიტკოინების მოპოვებაზე არიან გადასულები.
ყველას აქვს მაინერების პატარ-პატარა საწარმო, რომელთაც არავინ აკონტროლებს. ეს იწვევს ელექტროენერგიის დიდ დანახარჯს, რაც თავისთავად სახელმწიფოს აწვება კისერზე მძიმედ.

ამის გამო, სასტუმროებით გავსებულ მესტიაში შუქიც ხშირად ქრება და მასპინძლებსაც და სტუმრებსაც დისკომფორტი ექმნებათ.

ქვეყანის ერთ-ერთ ყველაზე დიდ და საკვანძო ტურისტულ ზონაში, მოუგვარებელია სამედიცინო მომსახურეობის საკითხიც. მესტიაში არსებობს ერთადერთი საავადმყოფო, რომელიც მარტივი სამედიცინო დახმარების გარდა, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მქონე ადამიანებს ვერაფრით დაეხმარება.

რაც ყველაზე ნიშანდობლივია, მთიან კურორტზე არ ჰყავთ ტრავმატოლოგი, არ ჰყავთ ქირურგი, არ ემსახურებათ საკუთარი რეანიმობილი, ჩამოტანილია დიალიზის აპარატი, გადამზადებულია ექთნები და ვერ ხსნიან დიალიზის კაბინეტს. ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საჭიროებაზე ადგილობრივები იძულებულნი არიან ზუგდიდში ან ქუთაისში ჩავიდნენ.

ერთადერთი, რაც მესტიის მუნიციპალიტეტში შენდება, სასტუმროებია. ვინაიდან მესტიის განვითარების ერთიანი გეგმა დამტკიცებული არაა, ადგილობრივები შიშობენ, რომ ეს მშენებლობები მალე ქაოტურ სახეს მიიღებს, რაც უკვე შესამჩნევია და მალე აქაურ იერ-სახეს სერიოზული ზიანი მიადგება.

როგორც საქმეში ჩახედული ადამიანები გვეუბნებიან, მესტიის განვითარების გენერალური გეგმა კარგა ხანია, მზად არის. მის შექმნაში მრავალი სპეციალისტი იღებდა მონაწილეობას და მრავალი მილიონი ლარიც დაიხარჯა, მაგრამ მავანთა სურვილით, აქამდე დაუმტკიცებლად დევს თაროზე. მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მისი საკითხი არც განუხილავს, რადგან იციან, ამ გეგმის ამოქმედების შემდეგ აქ ვერაფერს ისეთს ვერ ააშენებენ, რაც მესტიას იერ-სახეს დაუკარგავს.

მესტიის იერ-სახეს რაც შეეხება, დღემდე ხელი არავინ ახლო მიხეილ სააკაშვილის სურვილით აშენებულ სასტუმრო ,,პიაცას“ შენობას, რომელმაც მესტიის ცენტრალურ მოედანს არა მარტო სახე დაუმახინჯა, არამედ ფუნქციაც მოუშალა.
როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობენ, ეს იყო ღია მოედანი, საიდანაც ერთნაირად კარგად ჩანდა თეთნულდი, მთელი თავისი ბრწყინვალებით და მესტიის ფერდებს შეფენილი სვანური კოშკები.

იქ მაღალსართულიანი შუშებიანი შენობის ჩადგმის შემდეგ, ეს ხედი მთლიანად ჩაიკეტა.

ამას გარდა, ,,პიაცას“ არსებობამ საუკუნოვანი სვანური ტრადიციული რიტუალის ჩატარებასაც შეუშალა ხელი.

მესტიაში ყოველწლიურად იმართება დღესასწაული ჰელიში (ჰლიშ), რომლის დროსაც ხუთი გვარის წარმომადგენლებს (ვინც სვანეთში ამ დროშის მსახურებად ითვლებიან), ცხენებზე ამხედრებულებს გამოაქვთ სვანეთის დროშა, ლემი და მესტიას ჯირითით სამ წრეს უვლიან. ბოლო წრეზე ვინც ყველას გაასწრებს, მესტიის მოედანზე გაივლის და წმინდა გიორგის ეკლესიაში პირველი მივა, გამარჯვებულიც ისაა და ლემიც მთელი წლის განმავლობაში მასთან რჩება.

ახლა ამ მოედანზე ქვაფენილია დაგებული და პიაცას შენობა დგას. შესაბამისად, ქვაფენილზე ცხენების გაჭენება შეუძლებელია და საჯირითოდ ადგილიც არ ყოფნით, ამიტომ ამ უძველეს ტრადიციაში ცვლილებების შეტანამ მოუწიათ.

სხვათაშორის, 2012 წელს, წინასაარჩევნო შეხვედრებისას ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, მესტიის მოედნის ,,პიაცასგან“ გათავისუფლებაზეც ჰქონიათ საუბარი.

როგორც მესტიელები გვიყვებიან, ბიძინა ივანიშვილი დაინტერესებულა, თუ რა თანხა დაუჯდებოდა ადგილობრივ ბიუჯეტს ამ შენობის დემონტაჟი და ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, მზად ყოფილა, ეს თანხა გადაეხადა.

მაშინდელი პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვიქტორ ჯაფარიძე თავის საარჩევნო პროგრამაშიც, პირველ რიგში, ამ პირობას დებდა, რომ შეიცვლებოდა თუ არა ხელისუფლება, მესტია თავის მოედანს პირვანდელი სახით დაიბრუნებდა.

მას შემდეგ, უკვე 9 წელია, ვიქტორ ჯაფარიძე სულ საკანონმდებლო ხელისუფლებაშია, თუმცა მესტიის მოედნიდან ,,პიაცას“ შენობა კი არ მოაშორა, თავად დაიკანონა და ის ახლა მის პირად მფლობელობაშია.

სამწუხაროდ, როგორც სვანეთის მკვიდრები გვიამბობენ, ეს შენობა ერთადერთი ქონება არ არის, რაც ვიქტორ ჯაფარიძემ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მოიპოვა. მის სახელს მრავალი ბიზნესსაქმიანობა უკავშირდება. ზოგადად, სვანეთში ყველა მომგებიანი საქმე, ორ პირთან, ვიქტორ ჯაფარიძესთან და სოზარ სუბართან ასოცირდება. ხოლო ყოფილი მერი ,,ქართული ოცნებიდან“ და მერობის ამჟამინდელი კანდიდატი, კაპიტონ ჟორჟოლიანი, მხოლოდ მათი ნების აღმსრულებლად სახელდება.

სვანეთის პრობლემების ჩამოთვლისას, ყველაზე მტკივნეული, რასაც ნებისმიერი მოსაუბრე გეტყვის, ესაა: მიშას მერე აქ არაფერი გაკეთებულაო.

ძალიან მინდა, საწინააღმდეგო დავამტკიცო, ფაქტები მოვიძიო, ხმამაღლა ვთქვა, რომ ასე არ არის, აგერ, ამ 9 წელიწადში სვანეთისთვის რამდენი რამე გაკეთდა, მაგრამ ხელთ არაფერი მაქვს.

სხვა რა უნდა თქვა, როცა ამხელა მუნიციპალიტეტს ერთი საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ემსახურება? ავტობუსების გაჩერების მანიშნებელ აბრებს კი ბევრგან მოვკარი თვალი, მაგრამ ავტობუსის ხსენებაზე აქ სიცილით კვდებიან.

მესტიის ახლო-მახლო სოფლებიდან მესტიაში დასაქმებული ადამიანები იძულებულნი არიან გამვლელ მანქანებს გაჰყვნენ და გამოჰყვნენ, მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობის ბედნიერება მათ არა აქვთ.

რაც შეეხება საქალაქთაშორისო ავტოსადგურს, პირდაპირ მესტიის ცენტრშია მოწყობილი, პურის საცხობისა და ხორციის მაღაზიის გვერდით, ერთი ნორმალური ავტოსადგური, არც ავტოსადგომი მესტიაში არ არსებობს.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ადგილობრივები წუხან და რაც მესტიაში ჩასული სტუმრისთვის, უპირველესად თვალსაჩინო ხდება, ნაგავსაყრელის საკითხია.

მუნიციპალიტეტიდან გატანილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებელი ტერიტორია აეროპორტის პირდაპირ არის მოწყობილი, ისე, რომ სვანეთში თვითმფრინავით ჩამოსულ სტუმარს, პირველი სწორედ ნაგავსაყრელი შეხვდება. ხოლო, თუ ცოტა ქარმა წამოუბერა, მთელი ნაგავი აეროპორტის ტერიტორიაზე ნაწილდება.

ამიტომ, მოსახლეობა ითხოვს ნაგავსაყრელისთვის სხვა ადგილი გამოინახოს, საყოფაცხოვრებო ნარჩენები დაიპრესოს და ისე შეინახოს, რომ გარემოს ზიანი არ მიადგეს.

სვანეთის ნებისმიერი მკვიდრი რომ გააჩერო და ჰკითხო, სასიკეთო რატომ არაფერი ხდება აქ, რატომ არ შენდება გზები, რატომ არ ეწყობა ინფრასტრუქტურა, რატომ არ უმჯობესდება საცხოვრებელი პირობები, რატომ არ პატრონობს ხელისუფლება სვანეთს, პასუხი ყველას ერთი აქვს, მარტივი, მაგრამ ძალიან მძიმედ მოსასმენი: მათ უნდათ, სვანეთი მოსახლეობისგან დაიცალოს, სურთ, გვაიძულონ, აქედან წავიდეთ, რათა ოქროს მომპოვებელ საბადოებად და ჰესებად აქციონ აქაურობა.

ასეთია ადგილობრივების ვარაუდი. შექმნილ მდგომარეობაზე სხვა ახსნა მათ, უბრალოდ, არა აქვთ.

 

 

 

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close