სამართალი

მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი სასამართლომ თაღლითობაში დამნაშავედ სცნო, მაგრამ ხანდაზმულობის გამო პატიმრობისგან გაათავისუფლა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი არევაძემ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა.

სასამართლომ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი დამნაშავედ ცნო და 7-7 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა საქმის ხანდაზმულობის გამო ისინი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა. მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებით, ხაზარაძეს და ჯაფარიძეს შეფარდებული მუხლი გადაუკვალიფიცირდათ სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებზე (თაღლითობა). ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულების მიმართ შეფარდებული გირაო გაუქმდა, ასევე გაუქმდა დადებული ყადაღებიც.

„მამუკა ხაზარაძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით. მამუკა ხაზარაძე სისხლის სამართლის დევნის ხანდაზმულობის გამო გათავისუფლდეს სასჯელისგან. მამუკა ხაზარაძის მიმართ გამოყენებული იყოს გირაო და დამატებითი ვალდებულება, საზღვრის დატოვების აკრძალვა გაუქმდეს, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 9 აგვისტოს განჩინებით მამუკა ხაზარაძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების უზრუნველსაყოფად დადებული ყადაღა უძრავ ქონებაზე.

ბადრი ჯაფარიძე ცნობილი იყოს დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით. სისხლის სამართლის კოდექსის 269-ე მე-5 ნაწილი „გ“ ქვეპუნქტით თანახმად, ბადრი ჯაფარიძე გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელისგან.

ავთანდილ წერეთლის ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 25-194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გე“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლის კოდექსის 25-180 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბე“ ქვეპუნქტზე. ავთანდილ წერეთელი ცნობილი იყოს დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 25-180 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბე“ ქვეპუნქტებით და სასჯელის ზომად და სახედ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ავთანდილ წერეთელი სისხლის სამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის გამო გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელისგან“, – განაცხადა მოსამართლემ.

პროკურატურა ამბობდა, რომ „თიბისი“ ბანკიდან აღებული სესხი ავთანდილ წერეთლის კომპანიებმა მეორე დღეს იმავე ბანკის დამფუძნებლებს – ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ასესხეს და მოგვიანებით, ბანკმა კომპანიებს ვალი ისე ჩამოაწერა, რომ თანხა არ დაბრუნებულა. საქმე 16 664 000 დოლარს ეხება.

გამამართლებელ გადაწყვეტილებას ელოდებოდა დაცვის მხარე, რომლის თქმითაც, ამ საქმეს ჰყავს დაზარალებული და ის „თიბისი“ ბანკია.

საქართველოს გენერალური პროკურატურა „თიბისი ბანკის საქმეზე“ გამოძიებას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე აწარმოებს. საუბარია 17 მილიონამდე დოლარის ტრანზაქციაზე. გენერალურმა პროკურატურამ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში „თიბისი ბანკიდან“ გარკვეული დოკუმენტაცია ამოიღო.

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 2019 წლის 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით)“.

2019 წლის 26 ივლისს სასამართლომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით, თითოეულს 700 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. ამავე საქმის ფარგლებში გენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 22 აგვისტოს აღძრა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close