Sliderსაზოგადოება

“მამიდაჩემი აფხაზმა “ბოევიკებმა” სოხუმში, კიროვის ქუჩაზე, საკუთარ ეზოში დახვრიტეს” – ბერდია კალანდია

"მესმოდა დედის თავგანწირული ხმა, მესმოდა თუ როგორ ხვრეტდნენ მას"…

“მზია კალანდია, მამიდაჩემი, 27 სექტემბერს, ისევე, როგორც ბევრი ქართველი, სოხუმში აფხაზებმა დახვრიტეს. მას შემდეგ 28 წელი გავიდა. არაფერი ქრება – არც სიხარული, არც ტკივილი. მაგრამ, 27 სექტემბერი მამიდას სახელს, სახეს, სიტყვებს, მოქმედებებს, რომელიც აღარ არის, ისევ და ისევ აახლებს. არაფერი ქრება, არც მისი ღიმილი და სიყვარული, რომელიც ჩვენში შემოიტანა. უბრალოდ, ზოგჯერ იყუჩებ უმისობას და ზოჯგერ წაგლეკავს წარმოდგენა, როგორ მოხვდა ტყვია, რომლის შემდეგაც ყველაფერი მაჯისცემასავით გაუჩერდა. არაფერი ქრება, არც ეს სიყვარული, რომელიც დიდი ხნის ურთიერთობით დატოვა ჩემში……
27 სექტემბერს სოხუმში სიკვდილის სუნი იდგა. აფხაზი, ჩრდილოეთ კავკასიელი “ბოევიკები” და მათი რუსი დამქაშები სასტიკად უსწორდებოდნენ ქართველებს, არ ერიდებოდნენ არც ქალებს და არც ბავშვებს. ამ დღეებში ცხოველურმა სისასტიკემ თავის პიკს მიაღწია. ასობით უდანაშაულო ადამიანი დახვრეტილ იქნა სახლში, ქუჩაში, ბაღში, საკუთარ ეზოში…
დღეს გვინდა შემოგთავაზოთ ფრაგმენტი ნანა იზორიას ჩანაწერიდან იმ უბედურების შესახებ, რომელიც მას და მის დედას, მზია კალანდიას თავს გადახდა 1993 წლის 27 სექტემბერს.
ნანას დედა აფხაზმა “ბოევიკებმა” სოხუმში, კიროვის ქუჩაზე, საკუთარ ეზოში დახვრიტეს. რომ არ დაეწყოთ ამ არაადამიანებს სახლის ჩხრეკა, სადაც ისინი ახალგაზრდა გოგონას აღმოაჩენდნენ, დედამ შვილი სახლის სარდაფში ჩაიყვანა, დაარიგა არ ამოსულიყო იქიდან რამდენიმე დღე სიტუაციის ოდნავ მაინც განმუხტვამდე, თავად კი ჭიშკარში შემოსულ მტერს შიშველი ხელით შეეგება და წინააღმდეობაც გაუწია… იგი დახვრიტეს, მაგრამ დედის თავგანწირვამ ახალგაზრდა გოგონას სიცოცხლე იხსნა:
“მითხრა – დედიკო, შვილო, რაც არ უნდა მოხდეს, ხმა არ ამოიღოო. თავისი საქორწინო ბეჭედი ხელში დამაკავა და … წავიდა. ვგრძნობდი, ჩემს თავზე უბედურება ტრიალებდა…ცოტა ხანში სროლის ხმა გავიგე, მეგონა რომ გული გამისკდებოდა…მესმოდა დედის თავგანწირული ხმა, მესმოდა თუ როგორ ხვრეტდნენ მას… ვიჯექი სოროში, სადაც განძრევის საშუალება არ მქონდა. ერთ მომენტში თავის მოკვლასაც ვცდილობდი, არ მინდოდა სიცოცხლე… იმ წამს მხოლოდ დედის ხმა მესმოდა… ვერ მოვიკალი თავი…მე დედა დამიხვრიტეს!!! მერე, იმ ადგილზე კიდევ რამდენიმე ქალი დახვრიტეს და იქაურობა გადაწვეს”…
1993 წლის 10 ოქტომერს ჯაბუ, გენო და მამუკა კალანდიებმა ქალბატონი მზიას ცხედარი სოხუმიდან წალენჯიხაში გადმოასვენეს და მის მშობლიურ კუთხეს მიაბარეს. ბედნიერება თუ ქვია ამას, მაგარამ ბედნიერებაა, როდესაც დედისა და მამიდის საფლავი არსებობს….
გვახსოვდეს აფხაზეთი, ეს ჩვენი უკიდეგანო ტკივილია!
საუკეთესო მამიდა! ხსნება და მოგონება… ომმა მზია კალანდიას მხოლოდ სამი ფოტო დატოვა” – წერს ჟურნალისტი ბერდია კალანდია სოციალურ ქსელში.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close