საზოგადოება

კლინიკიდან კოვიდინფიცირებული არ გაქცეულა – ლევან რატიანი „tv პირველის“ ინფორმაციას გამოეხმაურა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი გამოეხმაურა “TV პირველის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას კლინიკიდან ორსული კოვიდინფიცირებული პაციენტის გაქცევის შესახებ და აღნიშნულს სიცრუე უწოდა.

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, სიმართლეს არ შეესაბამება მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს კორონავირუსით ინფიცირებული ორსული კლინიკიდან გაიქცა. როგორც რატიანმა აღნიშნა,  ორსული კლინიკაში 21 ოქტომბერს შევიდა და მისივე სურვილით, კლინიკიდან სახლში, თვითიზოლაციაში გადავიდა.

ლევან რატიანი განმარტავს, რომ ვინაიდან ორსულს სურდა გაწერა და მას ჰქონდა თვითიზოლაციის შესაძლებლობა, კლინიკურმა დირექტორმა გადაწყვიტა, დაცვის სამსახურთან ერთად დაეტოვებინა საავადმყოფო. მისივე განცხადებით, ორსულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

„რაც შეეხება დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, სამწუხაროდ, არ ვიცი რატომ მოხდა, მაგრამ არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენი კლინიკა თავიდან ბოლომდე მონიტორულ სისტემაზეა აღჭურვილი. მე, ქალბატონი ლალი, ქალბატონი ქეთი 24 საათის განმავლობაში კლინიკაში ვიმყოფებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, არც ერთი პაციენტი, არც ერთ კითხვაზე უპასუხოდ არ რჩება. 21 ოქტომბერს კლინიკაში შემოვიდა 30 კვირის ორსული.

პროტოკოლის მიხედვით მოხდა პაციენტის გამოკვლევა, იყო მცირე პათოგენური სიმპტომატიკა გამოვლენილი, რომელიც დინამიკაში ჩატარებული მკურნალობის მიხედვით ალაგდა. ვინაიდან ქალბატონს სურდა გაწერა და მას ჰქონდა თვითიზოლაციის შესაძლებლობა, კლინიკურმა დირექტორმა გადაწყვიტა, დაცვის სამსახურთან ერთად დაეტოვებინა კლინიკა. ამ წუთას პაციენტი არის სახლში, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით, თავს გრძნობს კარგად“ – განაცხადა ლევან რატიანმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close