Sliderსაზოგადოება

კატასტროფა ძველ თბილისში! კლდე გაიყიდა და რომელიღაც სენიორის ვასალი იქ საცხოვრებელ სახლებს, სასტუმროებს თუ სახინკლეებს იშენებს – ბესიკ ლაგვილავა

რაჭველები რას მიიღებენ იმისგან, რომ მათი კუთვნილი ტყე გადასცეს ვიღაც ძალიან საეჭვო რუს-ქართველ ბიზნესმენს გვარად ხიდაშელს?! ვირის თავ-ფეხს ! იცით, რატომ არ თმობენ დღევანდელი სენიორები სახელმწიფო მიწის განკარგვის უფლებას? მხოლოდ იმიტომ, რომ სახელმწიფო მიწა, ტყე, წყალი, სხვა რესურსი საკუთრად მიაჩნია სუზერენს და როცა დასჭირდება ოფიციალურად გაუფორმებს საკუთარ თავს ან მადლიერების ნიშნად, როგორც ჯილდოს გადასცემს საკუთარ ვასალებს! მიწა, ტყე, წყალი, სხვა რესურსების თვითმმართველობის (თემის) საკუთრება რომ იყოს (როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებში), ხალხი ჯოხით გააგდებს სამსახურიდან იმ თვითმმართველს, რომელიც მას საძოვარს ან ტყეს უყიდის და ამით სოფლიდან ასახლებს!

ბესიკ ლაგვილავა:

რა საზოგადოებას ვაშენებთ?
ამ ფოტოს და ვიდეოს გადაღებას ერთმანეთისგან ზუსტად ერთი წუთი აშორებს. ფოტო გადაღებულია ბოტანიკური ბაღის გამოსასვლელთან, ხოლო ვიდეო გადაღებულია ბოტანიკური ბაღიდან გამოსვლისას.
და ის მაგალითია იმისა, როგორ სცდება ერთმანეთს სიტყვა და საქმე.
ბანერზე წერია “გაუფრთხილდით ქალაქს!” ხოლო ასი მეტრის ქვევით გაჩაღებულია მშენებლობები, რომლებიც მაგალითია იმისა, თუ როგორ შეგიძლია არ სცე პატივი არც შენს ქალაქს, არც მის ისტორიას და მეტიც.. რა ისტორია, რის ქალაქი… 4.5 მილიარდი წლის  განმავლობაში ჩამოყალიბებულ მის ლანდშაფტსაც კი…
სამარცხვინოა?! არა! ფაქტია!
დღეს, ბოტანიკურ ბაღში ახალგაზრდა სიმპათიურმა ტაქსისტმა კაცმა მიგვიყვანა და როცა ამ მშენებლობებს მივუახლოვდით თქვა ის სიტყვები, რომლებმაც გუნება გამიფუჭა!
– შეხედეთ რას გავს აქაურობა! ამ ქვეყნიდან უნდა გავიქცე! – თქვა მან, – ეს ჩემი მეორე სამსახურია (ტაქსისტობა იგულისხმა). პლეხანოვზე დავიბადე, გავიზარდე და მიყვარდა იქაურობა, მაგრამ აქედან უნდა გავიქცე! აქ მხოლოდ ერთეულები იწყობენ ცხოვრებას! აქ ფეოდალიზმია!
ფეოდალიზმი?! დავფიქრდი! მართლაც რა ტიპის საზოგადეობას ვაშენებთ ჩვენ და უცებ ჩემთვის აღმოვაჩინე, რომ იმ ახალგაზრდა კაცის მოსაზრება შორს არ დგას ჭეშმარიტებისგან და საზოგადოებრივი ცხოვრების წესი, რომელსაც ვამკვიდრებთ ველური კაპიტალიზმისკენ კი არ იხრება, როგორც ადრე ვფიქრობდი, არამედ ძალიან ბევრი რამით წააგავს ფეოდალიზმს!
რა არის ფეოდალიზმი?! ეს არის საოგადოებრივ-პოლიტიკური ფორმაცია, სადაც მთავარ ეკონომიკურ რესურსს წარმოადგენს მიწა, რომელსაც სუზერენი (სენიორი) ვასალს აძლევს სამსახურისთვის (ხანდახან ყმებთან ერთად).
ამ სისტემის თავში დგას მონარქი, რომელიც საფეოდოებს აძლევს მის ვასალებს, მსხვილ ფეოდალებს, ისინი კი თავის მხრივ საკუთარ ვასალებს უფრო მცირე საფეოდოებს… მაშ გლეხებს რა?! მონისგან განსხვავებით მასაც ერგებოდა თავისი მცირე ზომის მიწა, რომელსაც დამოუკიდებლად განკარგავდა…
სისტემა, რომელიც საქართველოში შევქმენით ძალიან წააგავს ამას, რადგან აქ სუზერენები, სენიორები განკარგავენ სახელმწიფო ქონებას, ფინანსებს, ბუნებრივ რესურსებს და მას აძლევენ საკუთარ ახლო ვასალებს, ისინი კი სუზერენის მიცემული ნებართვით როგორც ვიდეოზე ნაჩვენებ შემთხვევაში ანგრევენ კლდეებს, ცლვლიან 50 მილიონი წლის წინ დასრულებულ ლანდშაფტურ გარემოს და აშენებენ ბეტონის ურჩხულებს!
მე არ ვაპირებ დღეს იმაზე საუბარს თუ რა მავნებლობაა, როცა ეს ბეტონის სიმახინჯე, ზემოდან აწვება ძველ ქალაქს, უცვლის მას არამხოლოდ ისტორიულ სახეს, არამედ მთლიანად ცვლის ლანდშაფტსაც და არც იმაზე ვილაპარაკებ, რომ აქ მონგრეული კლდის თითოეული ლოდი მეტი ღირს, ვიდრე მის ადგილზე აშენებული ბეტონის ურჩხულები.. არც მათი პატრონი სენიორების და ვასალების სიხარბეზე ვაპირებ საუბარს…
მე მხოლოდ იმას ვწუხვარ, რომ ფეოდალური საზოგადოებისთვიოს დამახასიათებელია, სამოქალაქო საზოგადეობის არარსებობა… აქედან გამომდინარე, ყმები შეჩვეულნი არიან, რომ რაც არ უნდა იყაყანონ მაინც მათ ყაყანს არავინ მოუსმენს! ქუჩაშიც რომ გამოვიდნენ, ფეოდალებს ჰყავთ მათი ლანდსკნეხტები, რომლებიც გალახავენ, ცრემლსადენი გაზით მოგუდავენ და ჰყავთ საკუთარი მოსამართლეები, რომლებიც გალახვას არ აკმარებენ და უკეთეს შემთხვევაში, დააჯარიმებენ! უარესში? რა დაჭერა გაუჭირდებათ, თუ რა?!
მე მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ფეოდალური საზოგადოებიდან განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე მყოფი საზოგადოების შექმნა ხორციელდება მხოლოდ და მხოლოდ ერთი მეთოდით – ხელისუფლების დეცენტრალიზაციით!
ამ ეკონომიკურად განუვითარებელ ქვეყანაში, ფეოდალური საზოგადოებისთვის დამახასიათებელი სისტემის შესაცვლელად ბევრი რამ არის საჭირო, მაგრამ სენიორთა დაუსჯელ პარპაშს და სახელმწიფო რესურსების ხარჯზე მათ გამდიდრებას ლაგამს ამოსდებს, თუკი აქ გვეყოლება რეალური ადგილობრივი თვითმმართველობა, რომლის ხელშიც გადავა ამ სუსტი ქვეყნის მთავარი სიმდიდრე – მიწა!
მაშინ ვეღარ გაგიყიდიან სოფელში მცხოვრებნო თბილისიდან თქვენს საძოვარს და აღარ გაიძულებენ სოფლიდან გაექცეთ შიმშილს !
ის კლდე, რომელსაც ოთხნახევარი მილიარდი წლის განმავლოაში ქმნიდა ღმერთი და ბუნება, თქვენ გეკუთვნოდათ თბილისელებო! ეს თქვენი საკუთრება იყო და არა სენიორის! სენიორებმა მათ ვასალებს მისცეს და რა მიიღეთ მისგან?
– მაშ გოგიასა რაო? – კითხულობს ერთი ძველი ქართული ფილმის მთავარი გმირი, რომელსაც სხვათა შორის, კომიკურმა ფეოდალმა საცოლე წაართვა .
– ვირის თავ-ფეხი! – პასუხობს ფეოდალი.
თბილისელებსაც რა ერგებათ იმისგან, რომ მათი( დიახ მათი!) კლდე გაიყიდა და რომელიღაც სენიორის ვასალი იქ საცხოვრებელ სახლებს, სასტუმროებს თუ სახინკლეებს იშენებს?
რაჭველები რას მიიღებენ იმისგან, რომ მათი კუთვნილი ტყე გადასცეს ვიღაც ძალიან საეჭვო რუს-ქართველ ბიზნესმენს გვარად ხიდაშელს?!
ვირის თავ-ფეხს !
იცით, რატომ არ თმობენ დღევანდელი სენიორები სახელმწიფო მიწის განკარგვის უფლებას? მხოლოდ იმიტომ, რომ სახელმწიფო მიწა, ტყე, წყალი, სხვა რესურსი საკუთრად მიაჩნია სუზერენს და როცა დასჭირდება ოფიციალურად გაუფორმებს საკუთარ თავს ან მადლიერების ნიშნად, როგორც ჯილდოს გადასცემს საკუთარ ვასალებს!
მიწა, ტყე, წყალი, სხვა რესურსების თვითმმართველობის (თემის) საკუთრება რომ იყოს (როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებში), ხალხი ჯოხით გააგდებს სამსახურიდან იმ თვითმმართველს, რომელიც მას საძოვარს ან ტყეს უყიდის და ამით სოფლიდან ასახლებს!
თბილისში გრძელ კაბინეტში ბორბლებიან ტყავის სავარძელში მჯდომს კი, რას დააკლებს ხარაგაულელი ან არბოშიკელი კაცი?! ისიც სარგებლობს ამით და… თბილისში ანგრევს მასზე მიყიდულ კლდეს! სვანეთში, რაჭასა და სამეგრელოში საჩუქრად იღებს ტყეს და ამით იმ ხეებს, რომლებიც მაშინაც ხე იყო, როცა დღევანდელი მფლობელის პაპის პაპის პაპის პაპა… უშარვლოდ დაძვრებოდა მის ტოტებს შორის!
აი ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ ვაშენებთ..ფეოდალიზმს და… ამიტომ გაიქცევა მალე ის შრომისმოყვარე უნივერსიტეტდამთავრებული ახლაგაზრდა, რომლისთვისაც ტაქსისტობა მეორე სამსახურია, რადგან პოირველის სემოსავალი არ აკმაყოფილებს… ამიტომავ გარბის ამ ქვეყნიდან ის ახალგაზრდობა, რომელსაც პირდაპირი გაგებით მის ფეხქვეშ ის მიწა გაუყიდეს, რომელიც მისი იყო, მას ეკუთვნოდა!
ამასწინათ წიგნის ფესტივალზე უამრავი ახალგაზრდა ვნახე, რომლებიც წიგნებს იძენდნენ და გამიხარდა!
მაგრამ დღეს ვიფიქრე, რომ ამ წიგნისმკითხველმა ახალგაზრდობამ იცის, არსებობს ქვეყნები, რომლებმაც ფეოდალური წყობა სამი-ოთხი საუკუნის წინათ მოიშორა.. (მთელმა ევროპამ გარდა რუსეთისა!). ისინი გაიქცევიან !
რამდენი რამ გვაქვს გასაკეთებელი, მაგრამ… ჩვენი სიტყვები და საქმეები… მათ შორის ხომ უფსკრულია! და ეს ორი სურათი ამ უფსკრულის ამსახველია !
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close