საზოგადოება

იყო თუ არა ლიბანში აფეთქების მიზეზი რუსთავში ნაწარმოები ნივთიერება? – რას ამბობს მომხდარზე რუსთავის “აზოტის” დირექტორი

რუსთავის “აზოტის” დირექტორი ლევან ბურდილაძე არ გამორიცხავს, რომ ბეირუთში აფეთქებული ამონიუმის ნიტრატი, მართლაც რუსთავში იყოს ნაწარმოები.

როგორც ლევან ბურდილაძემ “ინფო რუსთავს” განუცხადა, ქარხნის ოპერირებას სს “რუსთავის აზოტი” მხოლოდ 2017 წლიდან ახორციელებს, ამიტომაც, 2013 წელს ნაწარმოები ნივთიერების შესახებ, მას დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვს, თუმცა, არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული ნივთიერება შესაძლოა მართლაც ამ ქარხანაში იყოს წარმოებული. ბურდილაძის განმარტებით, ამ პერიოდში ქარხანას სხვა კომპანია, შპს “რუსთავის აზოტი” მართავდა.

“2013 წლის წარმოებაზეა საუბარი და მაშინ შპს “რუსთავის აზოტი” ოპერირებდა ქარხანას და მე ახლა, როგორც სააქციო საზოგადოების წარმომადგენელი, ვერც დავადასტურებ და ვერც ვუარყოფ იმას, 2013 წელს რუსთავში იყო თუ არა ნაწარმოები ეგ ნივთიერება. შეიძლება, მართლაც რუსთავში იყო ნაწარმოები, თუმცა დანამდვილებით ვერ გეტყვით. დანამდვილებით მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ სააქციო საზოგადოების ნაწარმოები არ არის, რადგან 2017 წლიდან მართავს ქარხანას”, – აცხადებს ლევან ბურდილაძე.

“ინფო რუსთავის” კითხვას, რას შეიძლებოდა გამოეწვია აფეთქება, “რუსთავის აზოტის” დირექტორი პასუხობს, რომ შესაძლოა, აფეთქება უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გამოეწვია.

“2013 წლიდან ინახებოდა პორტში ამონიუმის გვარჯილა. 7 წელი, ეს არის კატეგორიულად დაუშვებელი. ამონიუმის გვარჯილა 6 თვის შემდეგ თავის თვისებებს კარგავს და უვარგისი ხდება. ამდენი წელი რატომ ინახავდნენ ეს გაუგებარია. მათი პრემიერი აცხადებს, რომ უსაფრთხოების  ნორმების ყოველგვარი დაცვის გარეშე ხდებოდა ტვირთის შენახვა. ამ წლების განმავლობაში, ფიზიკური მოვლენების ზემოქმედების გამო, ამონიუმის გვარჯილა დაიშალა და მტვრად იქცა. რაც ყველაზე საშინელებაა, თურმე იქვე პიროტექნიკის წარმოება ხდებოდა. პრემიერის განცხადებით, პიროტექნიკის საწყობში შედუღებითი სამუშაოები მიმდინარეობდა, გაჩნდა ცეცხლი და წარმოიდგინეთ, იქვე იყო გვარჯილა დასაწყობებული. ეს იგივეა, რომ ნავთობის სათავსოს თავზე ცეცხლი დაანთოს ადამიანმა”, – განაცხადა ლევან ბურდილაძემ.

„ინფო რუსთავი“

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close