Sliderრეგიონები

,,იმის გამო, რომ გავლენიანი ნათესაობა არ გყავს, სვანეთში თავს დაჩაგრულად არ უნდა გრძნობდე“- ვიკა ფილფანი

გავრცელებული ტენდენციაა, რომ საქართველოს მაღალმთიანი რეგიონებიდან დედაქალაქში დამკვიდრებული და დასაქმებული ახალგაზრდები, უკან, მშობლიურ მხარეში ნაკლებად ბრუნდებიან. საბედნიეროდ, ბოლო პერიოდში ეს ტენდენცია ნელ-ნელა იცვლება და ახალგაზრდობასაც გული ისევ იმ ადგილებისკენ მიუწევთ, სადაც დაიბადნენ.

სამართალმცოდნე ვიკა ფილფანიც სვანეთში დაიბადა და გაიზარდა, სკოლაც იქ დამთავრა, უმაღლესი განათლება კი თბილისში, ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 9 წლის განმავლობაში მუშაობდა როგორც არასამთავრობო, ასევე საჯარო სექტორში. პარალელურად მუდმივად აგრძელებდა სწავლას, როგორც საქართველოში ასევე ევროპაში. უნდოდა, მეტი ცოდნა და გამოცდილება დაეგროვებინა, რათა სვანეთში დასაბრუნებლად და იქ არსებული პრობლემების გადასაჭრელად, როგორც პრაქტიკული, ისე თეორიული ცოდნით უკეთესად მომზადებულიყო.

სწორედ ასეთი გამოცდილების მიღების შემდეგ გადაწყვიტა, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გუნდთან ერთად თავისი კუთხის უკეთესი მომავლისთვის ბრძოლაში ჩართულიყო, მშობლიურ სოფელში დაბრუნდა და დღეს მესტიის საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია.

,,პროგრესნიუსი“ ვიკა ფილფანის სამომავლო მიზნებით დაინტერესდა და რამდენიმე კითხვა დაუსვა.

– ვიკა, საკმაოდ რთულ ბრძოლაში ჩაებით. რამ გიბიძგათ, გადაგედგათ ეს ნაბიჯი?

– ამ ნაბიჯისკენ მიბიძგა ჩემს მხარეში არსებულმა და დღემდე მოუგვარებელმა პრობლემებმა.

სვანეთმა ძალიან ბევრი რამ მომცა და მასწავლა. უპირველესად, მასწავლა გარემოს დაფასება, კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობა და რაც ყველაზე მთავარია, ადამიანების და ბუნების სიყვარული. ამაყი და მადლიერი ვარ, რომ სწორედ აქ გავატარე ცხოვრების მნიშვნელოვანი პერიოდი, რომელმაც ჩემს ადამიანად ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი.

სვანეთიდან წასვლის დღიდან ვფიქრობდი იმაზე, თუ როგორ შემეძლო დამებრუნებინა აქაურობისთვის ყველა ეს სიკეთე. ყოველთვის ვიცოდი, რომ სვანეთში უნდა დავბრუნებულიყავი და ის პირობები გამეუმჯობესებინა, რომლებიც მე და ჩემს თანატოლებს განვითარებაში პრობლემებს გვიქმნიდა. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ეს პრობლემები დღეს არათუ შემსუბუქებული, უმეტეს წილად გამძაფრებულია. რაზეც განსაკუთრებით მწყდება გული და სწორედ ეს გახდა ჩემი მთავარი მოტივაცია.

– რა არის ის პრობლემები, რომელთა აღმოფხვრის მიზნითაც საკრებულოს წევრობა გადაწყვიტეთ ?

–  ჩემი მშობლიური სოფელია ლენჯერი, ამიტომ სწორედ აქედან გადავწყვიტე ცვლილებების დაწყება და მესტიის საკრებულოში ლენჯერის თემის მაჟორიტარად ვიყრი კენჭს, ვინაიდან კარგად ვიცნობ ჩემი თემის სპეციფიკას და პრობლემებს.

სამწუხაროდ 21-ე საუკუნეში ლენჯერი ძალიან ბევრი პრობლემის წინაშე დგას, როგორიც არის ცხოვრებისთვის აუცილებელი საბაზისო პირობების უქონლობა. როდესაც განვითარებაზე ვსაუბრობთ, ადამიანებში ხშირად ვაწყდებით ნიჰილიზმს და ეს ნორმალურია, ვინაიდან როცა მოსახლეობას, ყოველგვარი შემოსავლის გარეშე, უგზოობასა და უშუქობაში ყოფნა უწევს, ცოტა რთულია მათ მაღალ მატერიებსა და სხვა კულტურულ თუ შემეცნებით განვითარებაზე ზრუნვა მოსთხოვო.

ჩემს თემში, პირველ რიგში, საჭიროა ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, როგორიცაა გზა, ელექტროენერგიის მომწოდებელი სისტემები, კანალიზაცია, ნაგავსაყრელები.

დაზიანებული გზები განსაკუთრებულ პრობლემებს დიდთოვლიანობის დროს ქმნის. ხალხს მანქანების დატოვება ცენტალურ გზაზე უწევს. დაზიანებულ და გაუმართავ გზებს ხელისუფლების გულგრილობა და უპასუხისმგებლობაც ემატება. მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას რამდენიმე დღე უნდა ეხვეწოს და ელოდოს, გზის გამწმენდი ტექნიკა გამოუშვან. ხშირ შემთხვევაში ხვეწნაც უშედეგოა და მოსახლეობა თავისი ძალებით ცდილობს გზების გაწმენდას.

არის დასახლებები, სადაც საჭიროების შემთხვევაში ვერც სასწრაფო დახმარების მანქანა და ვერც სახანძრო ტექნიკა მიუდგება. ყოფილა შემთხვევა, რომ უგზოობის გამო ავადმყოფამდე სასწრაფო დახმარების მანქანას ვერ მიუღწევია; ხანძრის დროსაც, როცა წუთებია გადამწყვეტი, დაზიანებული გზის გამო, სახანძრო მანქანა ხანძრის კერამდე დროულად ვერ მიდის.

ახლა, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ლენჯერში, ქაშვეთის უბანში გზაზე ბეტონის საფარის დაგება დაიწყეს. მე-11 საუკუნის კოშკებთან მისასვლელი ჩააბეტონეს, მაშინ როცა ამ გზაზე გარემოსთვის შესაფერისი მასალა, ქვაფენილი უნდა გამოეყენებინათ…  ამ ფაქტს რომ თავი დავანებოთ, კანალიზაცის მილების საკითხი არ გაითვალისწინეს, რაც სამომავლოდ ორ ვარიანტზე მიანიშნებს. ან სოფელს კანალიზაცია არასდროს ექნება, ან მომავალში ის ბეტონი უნდა აყარონ და მერე ხელახლა გადააგონ, რაც ორმაგ ხარჯთან იქნება დაკავშირებული.

როგორც ჩემს თემში, ასევე მთელ სვანეთში არანაკლები პრობლემური თემაა ელექტროენერგიის საკითხი. ამ მხრივ, განსაკუთრებით ზამთარში რთულდება ვითარება, როცა შესაძლოა, 3-4 დღე ელექტროენერგიის გარეშე დავრჩეთ. გამომწვევ მიზეზთა შორის უპირველესია გაუმართავი და მოძველებული ელექტროსადენები და მომრავლებული კრიპტოვალუტის ქარხნები, რაზეც არავინ იღებს პასუხისმგებლობას. აღნიშნული პრობლემა ყველა სფეროს აყენებს ზიანს, პირდაპირი დარტყმაა ტურიზმის სექტორისთვის და რაც ყველაზე მთავარია, დიდ პრობლემას უქმნის სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს, ვინაიდან პანდემიის გამო, მეორე წელია განათლება ონლაინ სწავლების რეჟიმზეა გადართული. სწორედ ამ მიზეზით, ბევრი სტუდენტი ისევ ქალაქში იმყოფება და იგივე ხარჯების გაწევა უწევს, რასაც მანამდე ხარჯავდნენ, რათა ლექციების მიმდინარეობას არ ჩმორჩნენ.

ნაგავსაყრელები ზედ დასახლებებთან არის მოწყობილი, ზაფხულში სოფლის რამდნეიმე ნაწილში ყოფნა გაუსაძლისი და ჯანმრთელობისთვის სახიფათო ხდება. ზოგიერთ უბანში ნაგვის ბუნკერები დღემდე არ დგას, ამასაც ხელისუფლების კეთილი ნება სჭირდება.

– ლენჯერში მრავლადაა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. რამდენად არის ისინი მოვლილი და დაცული?

– უძველესი კოშკების და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის საკითხი, ისევე როგორც მთელს სვანეთში, ლენჯერშიც მწვავედ დგას. ამ ისტორიულ სოფელში დღემდე არაერთი კოშკი დაინგრა და ამჟამად რამდენიმე კოშკიც დანგრევის პირასაა. თუ დროულად არ ჩაუტარდათ რესტავრაცია, სამწუხაროდ მათაც დავკარგავთ.

ეს იმ პრობლემების მცირე ჩამონათვალია, რომელიც სვანეთის მოსახლეობას და ჩემი სოფლის მკვიდრთ ღირსეული ცხოვრების პირობებისთვის სჭირდებათ და რაც ყველა ადამიანის უფლებაა.

რა შეიძლება გაკეთდეს ლენჯერელების ღირსეული ცხოვრებისთვის, რას ჰპირდებით მათ?

– ლენჯერს სჭირდება განვითარების სწორი გეგმა, რაც ინფრასტრუქტურის გამართვის შემდეგ უნდა განხორციელდეს. ჩემს სოფელს დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს, არის ერთ-ერთი უძველესი სოფელი თავისი კულტურული მემკვიდრეობითა და ისტორიით, კოშკებით, მაჩუბებით, ეკლესიებითა და ფოლკლორით.

ჩემი მიზანია ამ რესურსის სწორი გამოყენება და პოპულარიზაცია. ლენჯერი აუცილებლად უნდა გახდეს ტურისტული სოფელი.

აქ შეიძლება გაიხსნას მულტიფუნქციური სპორტული ცენტრი, შეიძლება ავამოქმედოთ სახელოვნებო საამქროები, ხეზე კვეთისა და ოქრომჭედლობის სკოლები, სვანური ქუდისა და საკრავი ინსტრუმენტების წარმოება.

ასევე, გვაქვს იმის პოტენციალი, ვაწარმოოთ ადგილობრივი ბიო პროდუქცია.

ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია განათლება. სოფელში ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები ცხოვრობენ, რომლებიც წარმატებით აბარებენ ეროვნულ გამოცდებს, თუმცა დედაქალაქში ცხოვრებისთვის საჭირო ფინანსების უქონლობის გამო, სწავლის გაგრძელებას ვერ ახერხებენ. ვფიქრობ, ასეთი სტუდენტების გვერდში დგომა ჩვენი პასუხისმგებლობა და მოვალეობაა.

ჩემი სურვილია, ყველა არსებულ პრობლემაზე ხალხთან ერთად ვიმსჯელო, პრიორიტეტებიც ერთად შევარჩიოთ და ყველა აუცილებელი პროექტიც განვახორციელო. ძალიან მინდა, ლენჯერმა მიიღოს ის სიკეთეები, რასაც იმსახურებს. მინდა, გამოვიყენოთ ყველა პოტენციალი და აქ მცხოვრებთა კეთილდღეობა რამდენიმე ადამიანის პირად ინტერესებს  არ შეეწიროს.

იმის გამო, რომ ვიღაცის ნათესავები არ არიან ან მათი ოჯახის წევრს სათანადო გავლენები არა აქვს, სვანეთში ადამიანები თავს დაჩაგრულად არ უნდა გრძნობდნენ.

ჩემი ერთ-ერთ პირველი ამოცანა, სწორედ სამართლიანობის შეგრძნების დაბრუნებაა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close