Slider

თბილისის სკოლებში კორონავირუსის შემთხვევები იმალება – მანანა ნიკოლაიშვილის სკანდალური განცხადება

15 თებერვლიდან, თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის 369 საჯარო და კერძო სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდა. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, V-XII კლასის მოსწავლეებისთვის სკოლის ტერიტორიაზე აუცილებელი გახდა პირბადეების ტარება. რაც შეეხება, სკოლის მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის სავალდებულო სისტემურ ტესტირებას, ორი კვირის განმავლობაში საჯარო და კერძო სკოლებში ის 46 300 მასწავლებელსა და ადმინისტრაციის თანამშრომელს ჩაუტარდა. ქვეყნის მასშტაბით, 2 კვირის მონაცემებით, Covid-19 მასწავლებელთა და სკოლის თანამშრომელთა 0,5%-ს დაუდასტურდა.
პედაგოგთა ნაწილს სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ
 ახლად გახსნილ სკოლებში მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოა უზრუნველყოფილი, არადამაჯერებლად ეჩვენება და ყურადღებას ოფიციალური სტრუქტურების მხრიდან სტატისტიკის დამალვაზე ამახვილებს.
„პროგრესნიუსს“ განათლების ექსპერტი მანანა ნიკოლაიშვილი ესაუბრა.

_ 11 დღეა, რაც საქართველოს სამ დიდ ქალაქში: თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა. მე მაინტერესებს ამ 11 დღის მანძილზე, ამ სამ ქალაქში, არც ბავშვს და არც მასწავლებელს ინფექცია არ გამოვლენია? ყველა რეგიონში ვლინდება, ქობულეთშია, კასპშია, გორშია, ყაზბეგშია, ბათუმში და აქ არ არის?
_ თბილისის ზოგადი სტატისტიკა ყოველდღიურად ქვეყნდება.
_ ზოგადი, გასაგებია. თბილისში 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდაო, რომ წერენ, რატომ არ ამბობენ აქედან სკოლებში რამდენი შემთხვევაა? თუ სხვა ქალაქებზე და რეგიონებზე ამბობენ, თბილისი, რუსთავი და ქუთაისი გამონაკლისია? ეს უცნაური ვითარება სრულ საფუძველს მაძლევს ვიფიქრო, რომ სტატისტიკა იმალება. მით უმეტეს, დღეს მივიღე ინფორმაცია, რომ თბილისის სკოლებში კოვიდ ინფიცირების უამრავი შემთხვევაა, რომელსაც მალავენ. დიახ, ხელისუფლება მალავს ამ ინფორმაცია. თუ ასე არაა, ამირან გამყრელიძის უწყებამ გამოაცხადოს და მთავრობამ რამდენი ბავშვი და მასწავლებელი ინფიცირდება ყოველდღიურად დედაქალაქში, ქუთაისში და რუსთავში, ეს სამი ქალაქი გამოყონ. ჩემი აზრით, ვაქცინაციის დაწყებამდე სკოლების გახსნა არ შეიძლებოდა და სახელმწიფომ  უპასუხისმგებლო პოლიტიკური პარტიების თუ მშობლების ჭკუაზე არ უნდა იაროს. რა არის ეს? მავნებლობა? გამოვიდნენ და თქვან, რის საფუძველზე ხსნიან უნივერსიტეტებს?
_ ქალბატონო მანანა, ახალი შემთხვევების რიცხვი მკვეთრად შემცირებულია.
_ ტყუილია,  ჩემი მეგობარი გამოვიდა ახლა საავადმყოფოდან და საავადმყოფოში ტევა არ არისო. უამრავი შემთხვევაა როგორც მასწავლებლებში, ისე მოსწავლეებში, მაგრამ სტატისტიკა ჩაკეტილია და ინფორმაცია იმალება. წარმოიდგინეთ ერთი ბავშვი რომ დაინფიცირდეს, იმ კლასიდან რამდენი ბავშვი და მასწავლებელი დაინფიცირდება. რატომ ხსნიან, რატომ? თავიანთი, კერძო სავადმყოფოები უნდათ, რომ დატვირთონ?
_ როგორც იცით, კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში წერტილოვანი შეზღუდვები მოქმედებს და კონკრეტული კლასი დისტანციურ რეჟიმში გადადის. თქვენი აზრით, ეს საკმარისი არაა?
_
რას ნიშნავს კლასის წეტილოვანი დახურვა? ის ბავშვი საერთო შესასვლელით არ შედის? მახინჯაურში დაწყებითი სწავლების ერთ კლასში გამოვლინდა და დახურეს, მაგრამ მერე მაღალი კლასის მოსწავლეებიც დაინფიცირდნენ. სკოლაში ერთი ბავშვიც რომ დაინფიცირდეს, მორჩა, ის სკოლა დასახურია. დღეს საავადმყოფოებში ძირითადად, ახალგაზრდები არიან, იმიტომ, რომ ახალგაზრდები წესებს არ იცავენ. არა მარტო საქართველოში, ამ ვირუსის გადამტანები მთელ მსოფლიოში ყველაზე მეტად ახალგაზრდები არიან. ჩემი ინფორმაციით, საგანმანათლებლო დაწესებულებების გახსნა საერთაშორისო მოთხოვნა იყო, მაგრამ ამის გაკეთება ვაქცინაციამდე არ შეიძლებოდა. 19 ოქტომბერს რომ უნივერსიტეტების ლაბორატორიები გახსნეს, იცით რამდენი პროფესორი დაინფიცირდა და ზოგი გარდაიცვალა კიდეც? მით უმეტეს, ახლა ბრიტანული შტამის შემთხვევებიც გვაქვს. იქ გაიხსნა, აქ გაიხსნაო, რომ გაიძახიან, ამერიკაში სკოლები ვაქცინაციის დაწყების შემდეგ გაიხსნა. ჩვენ გვაქვს ვაქცინა? არა და არც ვიცით, როდის გვექნება. მაშინ რატომ ვხსნით? სასიკვდილოდ ვიმეტებთ ხალხს?
მშობლების პოზიცია ხომ საერთოდ გაუგებარია. სკოლის დირექტორებს რომ ველაპარაკები, მშობლების პრეტენზიების შესახებ გაუგონარ ისტორიებს ყვებიან. მინისტრის ბრძანების თანახმად, 60% თუ დისტანციურ სწავლებას არჩევს, დირექტორს არ აქვს უფლება კლასი გახსნას. 30 ბავშვიდან 4 და 5 რომ ესწრება გაკვეთილს,კლასები ერთიანდება.  ამ გაერთიანებულ კლასში შედის ერთი მასწავლებელი და დანარჩენები დისტანციურ სწავლებაზე ნაწილდებიან. ამას აპროტესტებენ მშობლები და გინდა თუ არა, ის მასწავლებელი შჭევიდეს კლასში, ვინც ჩვენ გვინდაო. როგორ შევიდეს, ერთი მასწავლებელი ორად ხომ არ გაიჭრება? რომ გამოყარეს გარეთ კრიტიკულ ასაკში მყოფი მასწავლებლები ყოველგვარი ვაქცინაციის გარეშე და დარტყმის ქვეშ დააყენეს, რა გარანტია აქვთ, რომ ინფექციას არ შეეწირება?ეს მშობლები არ იყვნენ, რომ პანდემიამდე შვილებს სკოლაში არ უშვებდნენ და უამრავი გაცდენები ჰქონდათ? თითო-ოროლა ბავშვი დადიოდა,  დანარჩენი აცდენდა და მერე ექსტერნებს აბარებდა. ახლა გაიგეს, რომ სკოლა საჭიროა, ამ კრიტიკულ სიტუაციაში? გაუგონარი რამ ხდება ქვეყანაში, ამიტომ მოვითხოვ, რომ სასწრაფოდ გახსნან სტატისტიკა და გაამხილონ, სკოლების გახსნის შემდეგ რამდენი მოსწავლე და მასწავლებელი დაინფიცირდა. სხვა შემთხვევაში, სრული უფლება მაქვს ვიფიქრო, რომ მდგომარეობა იმდენად რთულია, სიმართლის გამხელას ვერ ბედავენ.

 კორონავირუსით ინფიცირების რამდენი შემთხვევა გამოვლინდა 15 თებერვალს გახსნილ სასწავლო დაწესებულებებში – ამის გასარკვევად საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს დავუკავშირდით, თუმცა პასუხი ვერ ერთი უწყებიდან მივიღეთ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close