მსოფლიო

ზელენსკიმ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ხუთპუნქტიანი მშვიდობის ფორმულა წარადგინა

წარმოგიდგენთ მშვიდობის ფორმულას, რომელმაც შესაძლოა, იმუშაოს არამარტო ჩვენთვის, არამედ ყველასთვის, ვინც მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაზე ვიდეომიმართვაში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტმა დაასახელა მშვიდობის ფორმულის ხუთი პუნქტი, რომელიც, მისი თქმით, ხელს შეუწყობს კონფლიქტის დასრულებას.

„ეს არის ფორმულა, რომელიც მოიცავს დასჯას დანაშაულის ჩადენისთვის, მოიცავს სიცოცხლის დაცვას, უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ახდენს უსაფრთხოების გარანტიას და მოიცავს სიმტკიცეს. უკრაინას სურს მშვიდობა, ევროპას სურს მშვიდობა, მსოფლიოს სურს მშვიდობა და ყველამ იცის, ვინ არის ის ერთადერთი, რომელსაც სურს ომი. ჩვენ არ დავუშვებთ ამ სახელმწიფოს გაბატონებას, მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაზე დიდი სახელმწიფოა. გაერო-ს წესდება მოიცავს ერების თანასწორობას და ჩვენ დავამტკიცეთ, რომ უკრაინა თანასწორია თანასწორთა შორის. გაერო-ს წესდება მოიცავს საზღვრების ხელშეუხებლობას და ჩვენ დავადგინეთ ჩვენი საზღვრები იმით, რომ ვდევნით ოკუპანტებს ამ საზღვრების მიღმა. გაერო-ს წესდება მოიცავს ადამიანის უფლებების პატივისცემას, ღირსებას და სიცოცხლის უფლებას და ჩვენ ამისთვისაც ვიბრძვით”, -განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, უკრაინას არ მოუხდენია ამ ომის პროვოცირება. მისივე თქმით, უკრაინამ ომამდე გამართა მოლაპარაკებების 88 რაუნდი, რათა მომხდარიყო ამ ომის თავიდან არიდება, თუმცა ამის მიუხედავად რუსეთმა განახორციელა სრულმასშტაბიანი აგრესია და ამიტომ უკრაინა იბრძვის საკუთარი ტერიტორიის დასაცავად.

„ეს არის ჩვენი ფორმულის პირველი პუნქტი. დასჯა აგრესიის გამო, დასჯა საზღვრების და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისთვის. დასჯა, რომელიც უნდა განხორციელდეს აგრესიის დასრულებამდე და ვიდრე არ იქნება გადახდილი კომპენსაცია იმ ზარალისთვის, რაც იქნა მიყენებული. ამიტომ სანქციები აგრესორის წინააღმდეგ მშვიდობის ფორმულის ნაწილია. ვაჭრობის, ურთიერთობების ბლოკირება, აგრესორთან მშვიდობის ფორმულის ნაწილია. ეს ყოველივე არის დასჯა. საჭიროა სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნა რუსეთის დასასჯელად იმ აგრესიისთვის, რაც ჩაიდინა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ეს იქნება გზავნილი ყველა პოტენციური აგრესორისთვის”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, მშვიდობის ფორმულის მეორე პუნქტი არის სიცოცხლის დაცვა, რადგან სახელმწიფოს, რომელიც შეიარაღებულ აგრესიას განიცდის, უნდა ჰქონდეს საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლის დაცვის შესაძლებლობა. პრეზიდენტის განცხადებით, ამისთვის საჭიროა სამხედრო, ფინანსური, სადაზვერვო დახმარება.

„ჩვენი მშვიდობის ფორმულის მესამე პუნქტი არის უსაფრთხოების და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. შეხედეთ გლობალური უსაფრთხოების ელემენტი დაარღვია რუსეთმა თავისი ომით. საუბარია საზღვაო უსაფრთხოებაზე, სურსათის უსაფრთხოებაზე, რადიაციულ უსაფრთხოებაზე, ენერგო უსაფრთხოებაზე. რუსეთმა სამიზნედ აქცია ევროპაში ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგური და სამიზნედ გაქციათ თქვენ ყველა. რუსეთი იყენებს ბირთვულ შანტაჟს. ახორციელებს ენერგეტიკულ შანტაჟს. აუცილებელია ფასის ზედა ზღვარის დადგენა რუსული რესურსების ექსპორტზე, რუსეთის ნავთობი და გაზი ჩვეულებრივი საქონელი უნდა გახდეს, რადგან ნავთობი და გაზი ახლა რუსეთის ენერგეტიკული იარაღია და ამიტომაც ახდენს რუსეთი ბაზრების მანიპულირებას. ჩვენ უნდა ვაღიაროთ ყველა დონეზე, რომ რუსეთი ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოა. ყველა ქვეყანაში, საკანონმდებლო დონეზე, პოლიტიკურ დონეზე. ეს არის გლობალური უსაფრთხოების აღდგენის საფუძველი. რაც შეეხება ტერიტორიულ მთლიანობას, როდესაც ერთი სახელმწიფო ცდილობს მიიტაცოს მეორე სახელმწიფოს ტერიტორია, ყველა სხვა დანარჩენი სახელმწიფო ასევე საფრთხის ქვეშ არის. გლობალური უსაფრთხოების აღდგენა შეუძლებელია იმ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარეშე, რომელიც განიცდის შეიარაღებულ აგრესიას”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მეოთხე პუნქტად ზელენსკიმ დაასახელა უსაფრთხოების გარანტიები. მან აღნიშნა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, ჰქონდეს უსაფრთხოების გარანტიები. მისივე თქმით, უკრაინამ პარტნიორებს წარუდგინა ის ინიციატივები, რომელთა მეშვეობითაც გარანტიები იმოქმედებს და მიღწეულ იქნას შედეგები ჰაერში, მიწაზე და ზღვაზე, ასევე დიპლომატიაში, პოლიტიკაში და ეკონომიკაში.

„მეხუთე პუნქტი ეს არის სიმტკიცე, რომლის გარეშეც ყველა სხვა პუნქტი არ იმუშავებს. ეს არის ჩვენის ბრძოლის სიმტკიცე, ჩვენი პარტნიორების სიმტკიცე, დაგვეხმარონ და დაეხმარონ საკუთარ თავს. ასევე მთელი მსოფლიოს სიმტკიცე, გაერთიანდნენ იმის გარშემო, ვინც იბრძვის შეიარაღებული აგრესიის წინააღმდეგ და პასუხისმგებლობა დააკისრონ მას, ვინც ემუქრება ყველას”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

პირველი არხი

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close