სხვადასხვა

ვინ იყო ქართველი ტენორი, რომელმაც რუსეთის ელჩს პარიზში, “გრანდ ოპერის“ დარბაზი დაატოვებინა

როგორ დაატოვებინა ქართველმა ტენორმა რუსეთის ელჩს პარიზში “გრანდ ოპერის“ დარბაზი? – ფეისბუქის გვერდი Speech / სფიჩი საფრანგეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის, მიხეილ ნანობაშვილის (მიშელ დარიალი) შესახებ საინტერესო ამბავს აქვეყნებს.

„მსოფლიოში ცნობილი ტენორი მიხეილ ნანობაშვილი (მიშელ დარიალი) XX საუკუნის დასაწყისში პარიზის “გრანდ ოპერის” სოლისტი იყო. მუსიკალური განათლება მილანში მიიღო, იქიდან კი საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად. 1908 წელს მიხეილ ნანობაშვილი პირველად წარსდგა პარიზის „გრანდ ოპერის“ სცენაზე. მალე ის კანადაში მიიწვიეს, კონცერტებს მართავდა ჯერ ქალაქ მონრეალში და შემდეგ ტორონტოში.
მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ის ასევე ეწვია იტალიას, ესპანეთს, თურქეთს, აზერბაიჯანს და საქართველოს. მომღერალი სამშობლოდან საფრანგეთში იმედგაცრუებული დაბრუნდა და პარიზში განარგძო მოღვაწეობა.
1924 წელს, აგვისტოს აჯანყების შემდეგ, „გრანდ ოპერაში“ გადიოდა კარმენი. დარბაზში იმყოფებოდა რუსეთის ელჩი საფრანგეთში. წარმოდგენის დაწყებამდე, მაყურებლის წინაშე წარსდგა მთავარი როლის შემსრულებელი მიშელ დარიალი და ფრანგულ ენაზე წარმოთქვა სიტყვა: „ მე ვარ პატარა ქვეყნის, საქართველოს შვილი. ბევრმა თქვენგანმა, ალბათ არც კი იცის, თუ რაოდენ დიდი წარსულის და ღრმა კულტურის არის ჩემი სამშობლო, სადაც ახლა უმოწყალოდ ხოცავენ თავისუფლებისთვის მებრძოლ ხალხს. აქ ზის იმ ქვეყნის წარმომადგენელი, რომელმაც ეს საზარი საქმე მოიმოქმედა და სანამ ეგ უღირსი გვამი აქ ბრძანდება , მე სპექტაკლს ვერ ვიმღერებ“ .
მიშელ დარიალის სიტყვით გამოსვლას დარბაზში ოვაციები მოჰყვა, მაყურებელმა სტვენა და ყვირილი დაიწყო. რუსეთის ელჩი იძულებული გახდა, თეატრი დაეტოვებინა. მხოლოდ ამის შემდეგ გამოვიდა მიშელ დარიალი სცენაზე. ძალიან დიდხანს ფეხზე მდგომი ფრანგი მაყურებლები ოვაციებით აჯილდოებდნენ ქართველ მომღერალს.
მიხეილ ნანობაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა საფრანგეთში. მისი გარდაცვალების თარიღიც უცნობია“ – ვკითხულობთ Speech / სფიჩი-ს ფეისბუქ-გვერდზე. 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close