სხვადასხვა

ვინ არის ქართველი მეცნიერი, რომელმაც ორი წელი მგლებთან ერთად იცხოვრა და ცოცხალი გადარჩა

საქართველოში ცხოვრობს და მოღვაწეობს მეცნიერი, რომელმაც ორი წელი მგლების ხროვასთან ერთად იცხოვრა და ეს მეტაფორა არაა.

ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ჯეისონ ბადრიძემ ცხოველების ქცევის შესასწავლად ველურ ბუნებაში რამდენიმე წელი გაატარა. როგორ გაბედა ამის გაკეთება და როგორ დასრულდა მისი უჩვეულო ექსპერიმენტი, ჩვენს მასალაში წაიკითხავთ.

იასონ ბადრიძე გარეული ცხოველების ქცევით 1960-იანი წლების ბოლოს, თსუ-ის ბიოლოგიის ფაკულტეტის დამთავრებისთანავე დაინტერესდა. მოგვიანებით მან მუშაობა მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში დაიწყო, მაგრამ მგლების ბუნების შესწავლა არა სახელმძღვანელოებიდან, არამედ ველურ ბუნებაში დიდხანს ვერ მოახერხა, რადგან საბჭოთა კავშირი ეთოლოგიას (ზოოლოგიის ნაწილი, რომელიც ცხოველების გენეტიკურად განსაზღვრულ ქცევას სწავლობს) ოფიციალურ მეცნიერებად არ აღიარებდა.

იასონ ბადრიძემ მგლების ხროვაში მოხვედრა მხოლოდ 1974 წელს მოახერხა. ექსპერიმენტი ბორჯომის ნაკრძალის ტერიტორიაზე ჩატარდა. იმ დროს მგლები სოციალისტური მეცხოველეობის მთავარ მტრებად ითვლებოდნენ, ამიტომ მათი უმოწყალო ხოცვა-ჟლეტა მიმდინარეობდა. მონადირეები ყოველ მოკლულ მგელზე სახელმწიფოსგან 50 მანეთს იღებდნენ, ამიტომ მეცნიერს მათთვის ფულის გადახდა მოუწია, რომ ექსპერიმენტისთვის ხელი არ შეეშალათ.

ბადრიძემ მონადირეებთან მგლების ძირითადი ლოკაციები გაარკვია და მათთან წავიდა. მეცნიერის თქმით, თითოეულ ხროვაში ყოველთვის რამდენიმე დომინანტია. სწორედ ისინი მართავენ ხროვის შიგნით ყველა პროცესს, ამიტომ მეცნიერის ძირითადი ამოცანა მათი ნდობის მოპოვება იყო.

ბუნებრივია, პროფესორს შანსი არ ჰქონდა თავისი უპირატესობა ბრძოლაში დაემტკიცებინა, როგორც ეს მგლებს შორის ხდება, ამიტომ  გადაწყვიტა დალოდებოდა, რომ ცხოველები შეეჩვეოდნენ. ბადრიძემ მალე შენიშნა, რომ მგლები მის გვერდით თავს უსაფრთხოდ გრძნობდნენ.

”მგლებმა გააცნობიერეს, რომ ჩემი გამოჩენის შემდეგ ტყეში იარაღიანი ადამიანები აღარ მოდიოდნენ და მათზე ნადირობა შეწყდა“.

ადამიანისა და მგლების დაახლოება მშვიდად და აუჩქარებლად ხდებოდა. მეცნიერი მგლების კვალდაკვალ დადიოდა და საშუალებას აძლევდა მის სუნს მიჩვეოდნენ. ამას თითქმის ოთხი თვე დასჭირდა.

ამის შემდეგ, მგლებისა და მეცნიერის პირველი პირისპირ შეხვედრა შედგა – ორმა მგელმა ბადრიძე დაახლოებით, ასი მეტრიდან შენიშნა. მათ ადამიანის თვალიერება და მასთან ნელ ნელა მიახლოვება დაიწყეს.

”მგელი ხუთი-ექვსი მეტრის მანძილზე მომიახლოვდა. ის თვალებში ერთი წუთი მიყურებდა, მაგრამ მე მარადისობად მომეჩვენა ” – ამბობს მეცნიერი.

საბედნიეროდ, მგლებმა მშვიდობიანად გაცლა ამჯობინეს – ხვადმა ძუს ნიშანი მისცა და ისინი ტყის სიღრმეში გაუჩინარდნენ. ამ შემთხვევამ ბადრიძე დაარწმუნა, რომ მგლებთან მეგობრობა შესაძლებელია. მეცნიერი მგლებთან საცხოვრებლად დარჩა და მათთან ერთად ნადირობაც კი დაიწყო, რომ თავისი სარგებელი დაემტკიცებინა. მგლებისა და ადამიანის პირველი საერთო ნანადირევი ირემი იყო. გარეულმა ცხოველებმა ნანადირევს დაახლოებით, საათნახევარში ბოლო მოუღეს, თუმცა ტრაპეზის ბოლოს ცოტაოდენი ხორცი ახალ მეგობარსაც შესთავაზეს. ბადრიძეს შეთავაზებაზე უარი არ უთქვამს – ცოტაოდენი ხორცი მოიჭრა და მდინარის ნაპირას, კოცონზე შეწვა.

ბუნებრივია, მეცნიერი არ აპირებდა იგივე საკვების მიღებას, რითიც მგლები იკვებებიან. ის ერთ-ერთ რეინჯერს შეუთანხმდა, რომელსაც ორ კვირაში ერთხელ, ნეიტრალურ ტერიტორიაზე გარკვეული პროდუქტები მიჰქონდა და ტოვებდა. მგლებს თავისიანად რომ ჩაეთვალათ, ბადრიძეს ზოგიერთი ცხოველური ჩვევების გამეორება მაინც მოუწია. მაგალითად, ის ყმუოდა და იღრინებოდა, როცა ეს საჭირო იყო.

ორი წლის განმავლობაში, სანამ ბადრიძე მგლებთან ცხოვრობდა,  ქალაქში ოჯახის სანახავად მხოლოდ რამდენჯერმე გაემგზავრა. მეცნიერი აღიარებს, რომ ტყეში თავს მარტოსულად გრძნობდა და საკუთარ თავს ელაპარაკებოდა, მაგრამ დიდი ხნით წასვლას ვერ ახერხებდა, რადგან ამ დროს მგლები უცნაურ, გულისგამგმირავ ყმუილს იწყებდნენ, რომელსაც პროფესორმა „მონატრების ყმუილი“ უწოდა.

მგლებზე დაკვირვება ამით არ დასრულებულა. ბადრიძემ მოგვიანებით მგლების კიდევ ხუთი ოჯახი გაიცნო.  გარკვეული პერიოდის განმავლობაში მის სახლში მგლის ლეკვებიც კი იზრდებოდნენ.

მტაცებლებზე დაკვირვების შემდეგ, ბადრიძემ დაასკვნა, რომ ზოგ შემთხვევაში გარეული ცხოველი უფრო შეგნებულად იქცევა, ვიდრე ადამიანი. ერთხელ მგლებმა სიკვდილსაც კი გადაარჩინეს!

ეს მოხდა მაშინ, როდესაც მეცნიერი შემთხვევით მძინარე დათვს წააწყდა. ის იყო გაბრაზებულმა ცხოველი ადამიანზე თავდასხმისთვის მოემზადა, რომ მგლების ხროვა გამოჩნდა და დათვს შეუტია. მეცნიერი თქმით, მგლების დათვზე შეტევის შემთხვევები არაპროპორციული ძალის გამო, იშვიათია. მგლებთან ცხოვრების მანძილზე მეცნიერმა გააცნობიერა, რომ „ღალატი“, „ერთგულება“, „სიყვარული“ და „მეგობრობა“ ცხოველებისთვისაც ნაცნობი ცნებებია.

”მგლები ძალიან მონოგამიურები არიან. მათი ურთიერთობა ზოგჯერ სიგიჟემდე მისულ სიყვარულს წააგავს. თუ მგლის მეწყვილე მოკვდა, ცოცხლად დარჩენილი სიკვდილამდე მარტოა“ – ამბობს ბადრიძე.

ამჟამად 70 წელს გადაცილებული მეცნიერი ტყეში აღარ დადის, თუმცა მგლების მიმართ ინტერესი არ დაუკარგავს. მან გარეულ ცხოველებზე რამდენიმე წიგნი დაწერა, ამ თემებზე სტატიებს აქვეყნებს და ლექციებს კითხულობს.

იასონ ბადრიძე აღიარებს, რომ მას მგლები ძალიან ენატრება.

”როდესაც მგლებთან ერთად ცხოვრების პერიოდი მახსენდება, ვხვდები, რომ  ერთ-ერთ ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ” – აცხადებს მეცნიერი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close