სამართალი

ვინ არიან მეგი ბაქრაძის გარდაცვალების ფაქტზე ბრალდებულები

საქართველოს პროკურატურამ ექთნის მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე სამ ადამიანს ბრალი წარუდგინა. ბრალდებულები „ახალციხის კლინიკა იმედის“ თანამშრომლები ვიოლეტა ინასარიძე,თეა გზირიშვილი და რეანიმატოლოგის თანაშემწე ბექა ლიპარტელიანი არიან. ამის შესახებ ქრონიკას ინფორმაცია გარდაცვლილი მედდის მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატმა, ნინო ამაღლობელმა დაუდასტურა.

უფლებადამცველის განცხადებით, საქმის მასალებში არის შეცვლილი ჩვენებები, ამიტომ მისთვის და გარდაცვლილის ოჯახისთვის პროკურატურის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა.

2021 წლის 18 მარტს კორონავირუსზე „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის შემდეგ ახალციხეში 27 წლის ექთანს მძიმე გვერდითი რეაქცია განუვითარდა. მას ადგილზე ჩაუტარდა გადაუდებელი დახმარება და მოთავსდა რეანიმაციაში, სადაც ხელოვნურ სუნთქვაზე გადაიყვანეს. იმავე დღეს ქალი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. მეგი ბაქრაძე 19 მარტს გარდაიცვალა. მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, გარდაცვალების მიზეზის დასადგენად”

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close