საზოგადოება

ეპიდსიტუაცია უმართავია! – რა წერია ამირან გამყრელიძის წერილში, რომელიც კლინიკებს გაუგზავნა?

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დღითი დღე რთულდება, სახელმწიფო უწყებები ყოველ დილით მნიშვნელოვნად გაზრდილ სტატისტიკას გვამცნობენ, პარალელურად კი საკუთარ მიღწევებზე და წარმატებებზე საუბრობენ. თუმცა რამდენად რეალურია ის სურათი რომელსაც საქართველოს მთავრობა გვიჩვენებს, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. „კომერსანსანტს“ სანდო წყარომ ჯანდაცვის სექტორიდან, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის სახელით ჰოსპიტალური სექტორისთვის გაგზავნილი წერილი მიაწოდა, სადაც საუბარია ახალი კორონავირუსის რეგისტრაციის დაგვიანების ფაქტებზე, რა დროსაც მოქალქეებისთვის პასუხების მიწოდების პროცესი ფერხდება. წერილით ირკვევა, რომ არეულია ტესტის აღების და დიაგნოზის დასმის დღეები. მოსახლეობა კი საფრთხის ქვეშაა, რადგან შესაძლებელია COVID პოზიტიური დაუდგენელი შემთხვევები ეპიდემიის გავრცელებას უწყობდეს ხელს. პრობლემის მოგვარებას გამყრელიძის უწყება ფინანსური სანქციით გეგმავს. იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო დაწესებულება ან ლაბორატორია შეტყობინების რეგისტრაციას 24 საათზე მეტი დროით დააგვიანებს, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მსგავსი შემთხვევები ანაზღაურებას არ დაექვემდებარება.

 

პრობლემაზე სასაუბროდ მედიაჰოლდინგი ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანრთელობის ცენტრს დაუკავშირდა,თუმცა სახელმწიფო სტრუქტურების პრესსამსახურისგან უმწვავეს კითხვებზე, პასუხი ჩვეულებისამებრ ვერ მივიღეთ.

ჯანდაცვის სექტორში მიმდინარე ქაოსური პროცესების შესახებ ინფორმაცია აქვთ სფეროს ექსპერტებს. ვატო სურგულაძე აცხადებს, რომ წერილის შინაარსი აბსოლუტური რეალობაა და მასში ნახსენები ყველა პრობლემა არსებობს. მისი თქმით, ლაბორატორიები აგვიანებენ პასუხის გაცემას, რა დროსაც ვირუსის გავრცელების საფრთხე მნიშვნელოვნად იზრდება.

„მას შემდეგ რაც კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ იმატა, ტესტების გაკეთებას ვეღარ ასწრებენ, შედეგად გაიზარდა ე.წ. ცრუ უარყოფით პასუხები, ანუ ადამიანს რეალურად აქვს ვირუსი, მაგრამ პასუხი უარყოფითია. როგორც მინისტრი ამბობს, ტესტირებაში 22 ლაბორატორია მონაწილეობს, თუმცა ფაქტია, რომ ვერ ასწრებენ ტესტების გაკეთებას. ასევე სპეციფიკურია ანალიზის აღება, თუ მედპერსონალმა რომელიც ანალიზს აკეთებს არ იცი ნაცხის სწორად აღება, შეიძლება ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენოს, რეალურად კი პაციენტს კოვიდ – 19 ჰქონდეს. რამდენიმე დღის წინ პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ ტესტების რაოდენობა გაზარდეს. ნახოს სტატისტიკა, ბოლო სამი კვირაა ტესტების რაოდენობა შემცირებულია. თუ არ გინდა კორონა გქონდეს ტესტი არ უნდა გაიკეთო, ჩვენ თუ არ ჩავატარეთ ტესტირებები რეალურ სურათს ვერ დავინახავთ“, – აცხადებს ვატო სურგულაძე.

ჯანდაცვის ექსპერტი აცხადებს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო სრულყოფილ ინფორმაციას არ იძლევა და სერიოზული კრიზისული მდგომარეობისკენ მიდის.

„წარმოიდგინეთ, მე რაღაც შეგიკვეთეთ, თქვენ კი დავალება დროულად არ შეასრულეთ, ამაში თანხას ხომ არ გადაგიხდით? თუ კი ეს კიდევ განმეორდება მაშინ დაგსჯი. სამინისტრო არ უნდა იყოს დამსჯელი ორგანო, არამედ მხარდამჭერი უნდა იყოს, ზუსტად ამას ვერ ახორციელებენ. უნდა ჩაეტარებინათ ტრენინგები, პარალელურად შეემოწმებინათ ისწავლა თუ არა საქმის კეთება. რისკები სწორად უნდა შეგვეფასებინა, 22 ლაბორატორია გვჭირდება თუ 42, რადგან კონკურსში 47 დაწესებულება იღებდა მონაწილეობას და როგორც ტიკარაძე აცხადებს, 22 აარჩიეს. ეს ყველაფერი რისკ მენჯმენტია, წინასწარ უნდა გამიჯნო რა, რამდენი გჭირდება. ახლა კი მივიღეთ ის, რაც მივიღეთ, რადგან მთელი ზაფხული ჯანდაცვის სამინისტოს არაფერი უკეთებია“, – განმარტავს ექსპერტი.

ვადებთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია აქვს ეპიდემიოლოგ ოთარ ჩოკოშვილსაც. მისი თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გაგზავნილი წერილი მიმართულია იმისკენ, რომ სამედიცინო დაწესებულებებს აიძულონ სწრაფად და ხარისხიანად მოახდინონ ინფორმაციის ატვირთვა. ექიმი ამბობს იმასაც, რომ NCDC – მა საკმაოდ აქტიური ნაბიჯები გადადგა არსებული ხარვეზების მაქსიმალურად მოსაგვარებლად.

„ჩვენ ვიცით რომ იგივე ბათუმის შემთხვევაში და ზოგიერთ სხვა რეგიონში იყო შემთხვევები როდესაც პასუხი გვიანდებოდა. ამის მიზეზი იყო ის, რომ რეგიონალურ ლაბორატორიებს სიმძლავრე არ ჰყოფნიდა. ჩემი ინფორმაციით, ტესტის პასუხი მაქსიმუმ სამი დღე გვიანდებოდა. სიმძლავრეების გარკვეული ვარიაციები, რაც დაგვიანებას იწვევს, დიდ საანგარიშო ცდომილებას თითქოს ვერ ჰქმნის. თუმცა, მეორე მხარე არის ის, რომ პაციენტს უნდა პასუხის დროულად გაგება, რაც ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარეც მნიშვნელოვანია. აქვე უნდა ითქვას, რომ ბევრ ქვეყანაში ძალიან დიდ ხანს ელოდებიან პასუხს. არ ვიცი ქვეყნის მასშტაბით რა ხდება, მე პირადად ინფექციურ საავადმყოფოსა და ჩაფიძის სახელობის გულის ცენტრში ვმუშაობ და ეს პრობლემა ნამდვილად არ დგას. ბოლო 5 დღეა იმაზე ადრე მოდის პასუხები, იგივე ლუგარიდან ვიდრე აქამდე მოდიოდა, რადგან დატვირთვები სხვა ლაბორატორიებმა გადაინაწილეს“, – აცხადებს ოთარ ჩოკოშვილი.

ინფექციურ საავადმყოფოს ეპიდემიოლოგი „კომერსანტთან“ საუბარში ჰყვება, თუ როგორ ხდება მონაცემთა რეგისტრაცია სისტემაში და რატომ გვიანდება მონაცემების ატვირთვა.

„არსებობს ერთიანი საინფორმაციო სისტემა, სადაც ნებისმიერი კლინიკა ან ლაბორატორია ნიმუშს აიღებს აფიქსირებს მონაცემს, ხოლო ნიმუში ლაბორატორიაში იგზავნება, შემდეგ კი კონკრეტული ლაბორატორია შედეგს აფიქსირებს. შეკვეთის გამკეთებელი კლინიკა იღებს ინფორმაციას გარდა ამისა ქვეყნის სტატისტიკა ერთ სისტემაშია მოქცეული.  როდესაც დიდი რაოდენობით კეთდება ტესტები ზოგ შემთხვევაში ინტერნეტის ხარვეზის გამო, ან სხვა პრობლემის გამო მონაცემი დროულად ვერ ატვირთვა“, – აცხადებს ოთარ ჩოკოშვილი.

წყარო: „კომერსანტი“

 

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close