საზოგადოება

„ემიგრანტი დედის ეს მონუმენტი ესპანეთში დგას.. რატომ არ შეიძლება გავაკეთოთ ჩვენც იგივე?“ – ელგუჯა შვანგირაძე

„ეს ქანდაკება იქნება სიმბოლური მინიშნება ქართული საზოგადოების 30- წლიან ტრაგედიაზე“ – გიორგი შავგულიძის სახელობის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და ბლოგერი ელგუჯა შვანგირაძე საადგილმამულო ფონდის პროექტის შესახებ წერს, რომელმაც მისი თქმით, საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

„რა დროს ეგააო, ხო?
სულიერებისთვის სულ არის დრო.
არ იქნება სულიერება და არ იქნება არაფერი.
მოკლედ, როგორც მოსალოდნელი იყო, საადგილმამულო ფონდის პროექტმა, რომელიც თბილისში ემიგრანტი დედის მონუმენტის დადგმას გულისხმობს, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
და ეს კარგია, მთავარია იდეის მიმართ არ დარჩეს საზოგადოება გულგრილი, თორემ რაც მეტს ისაუბრებს გინდა მომხრე, გინდა მოწინააღმდეგე მით უფრო გაიგებს ფართო საზოგადოება ამ იდეის შესახებ, აქედან გამომდინარე შედეგებით.
ჩვენ ამ პროექტის შესახებ დავდეთ ინფორმაცია, თორემ არავის არ ვაძალებთ მასში მონაწილეობას.
ჩვენ რაც ვთქვით, განვახორციელებთ.
განვახორციელებთ, ისევე, როგორც სხვა პროექტებს ვანხორციელებთ, მათ შორის გაზეთს, ინტერნეტტელევიზიას, იურიდიულ კომპანიას, საგანმანათლებლო ცენტრს, ემიგრანტის დაბრუნების პროგრამას, ინტერნეტპლატფორმას, საკანონმდებლო პროექტებს, საქველმოქმედო კონკურსებს, აუქციონებს,
და მიგვაჩნია, რომ ყოველი ასეთი პროექტი საზოგადოების თვითორგანიზაციას აძლევს ბიძგს და ეს არის სწორედ ჩვენი მიზანი- საქმის ერთად კეთება.
ყოველი კონკრეტული შედეგი საკუთარი თავის და ძალის რწმენას მისცემს საზოგადოებას, საზოგადოება ერთად დგომას სწავლობს, და გაერთიანებულ და თვითორგანიზებულ საზოგადოებას კი ქვეყნის დაბრუნებაც შეუძლია.
ემიგრანტი დედის ეს მონუმენტი, რომელსაც ფოტოზე ხედავთ, ესპანეთში დგას.
1970 წელს აღიმართა ის და მის შექმნაში უამრავმა რიგითმა ესპანელმა მიიღო მონაწილეობა, და მსოფლიოს მრავალი კუთხიდან.
ემიგრანტის ქანდაკებები დგას შვეციაში, იტალიაში, არგენტინაში, ავსტრალიაში, და თუკი სხვა ქვეყნის მოსახლეობა ასეთი თვალსაჩინოებითაც ამბობს სათქმელს, რატომ არ შეიძლება გავაკეთოთ ჩვენც იგივე?
კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ- ემიგრანტი დედის ქანდაკება მხოლოდ ემიგრანტის ღვაწლის დაფასება და პატივგება არაა, ეს ქანდაკება იქნება სიმბოლური მინიშნება ქართული საზოგადოების 30- წლიან ტრაგედიაზე.
ეს თვალსაჩინოება იქნება მხილება საქართველოში მყოფი უმოქმედო, გულგრილი და ფეხებზე მკიდია საზოგადოების ნაწილის, რომელიც არაფერს აკეთებს, რომ შეცვალოს ის სისტემა ამ 30 წლის განმავლობაში რომ ძარცვავს ხალხს, და აიძულებს საკუთარ მოსახლეობას ლუკმაპურისთვის ქვეყნიდან გადაიკარგოს. .
ეს მონუმენტი იქნება ყველა დროის ხელისუფლებისთვის გალაწუნებაც.
აი, ამ ყველაფრისთვისაა საჭირო ასეთი ქანდაკება.
და არაფერია ამაში საუხერხულო, თუკი ემიგრანტებიც მიიღებენ მონაწილეობას ამ სიმბოლური ქანდაკების შექმნაში.
საკუთარ თავს ძეგლი როგორ დავუდგაო, განაცხადა ზოგმა.
ემიგრანტი საკუთარ თავს კი არ უდგამს ძეგლს – ძეგლით საუბრობს მოვლენაზე, რომელიც საჭიროა დამთავრდეს და დამთავრდება კიდეც, თუკი საზოგადოება შეძლებს დიდ გაერთიანებას და სისტემურ ცვლილებს დაიწყებს.
ერთობის ერთ-ერთი მაგალითი იქნება სწორედ ამ პროექტში მონაწილეობის მიღება, და ერთობა არასდროს არ არის საჩოთირო.
საჩოთირო ის არის, ემიგრანტების მიერ გამოგზავნილი ფულიდან რომ იღებენ ხელფასებს ის ხელისუფლებები, მინისტრები, და პარლამენტარები, ვინც ემიგრაციაში წასვლას აიძულებს ხალხს.
რაც შეეხება პროექტის ფინანსურ შემადგენელს, დარწმუნებული ვარ გამოჩნდება მოქანდაკეც, ვინც გასამრჯელოს გარეშე გააკეთებს ამ ქართულ საქმეს და ისტორიას დარჩება მისი სახელიც.
და გამოდის მხოლოდ ქანდაკების მასალაზე დაიხარჯება თანხა,
სხვა რა? ნებართვა უნდა თბილისის მერიისგან, და ადგილის გამოყოფა, და არც ეს არ უნდა იყოს პრობლემა.
მერიაზე გამხსენდა, და აბა, ერთი კალაძეს გაეჟღერებინა ეს იდეა, ტაშისკვრით შეხვდებოდა ყველა.
დარწმუნებული ვარ იმაშიც, როცა ეს პროექტი განხორციელდება, ისიც კი, ვინც ჯერ ამ პროექტის აუცილებლობას ვერ ხედავს, იტყვის, რომ ეს სწორედ ისაა, რაც მასაც სურდა.
ჯერჯერობით ეს არის სულ, რაც ამ პროექტის შესახებ უნდა იცოდეთ,
და ერთსაც დავამატებ,
ერთ უბრალო ჭეშმარიტებას, და წლობით დადასტურებულს,
საქმის კეთება ვისაც სურს, ეძებს საშუალებას,
ვისაც არ უნდა საქმის კეთება – ეძებს მიზეზს“ – წერს ელგუჯა შვანგირაძე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close