Sliderსაზოგადოება

“ელიავას ბაზრობაზე მოწესრიგებული იქნება ირგვლივ ყველაფერი, დღეს იქ არის გაუსაძლისი პირობები” – კალაძე

ელიავას ბაზრობას მოვაწესრიგებთ ისე, რომ ყველას ინტერესი მაქსიმალურად იქნება დაცული – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ფეისბუქ-ლაივის დროს განაცხადა. კალაძემ მოქალაქეების კითხვებს დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გივი ჩხარტიშვილთან ერთად უპასუხა.

„ეს სივრცე დღეს ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ამ ფორმით მუშაობის ასე გაგრძელება მიუღებელია როგორც იქ მომუშავე ადამიანებისთვის, ისე ირგვლივ მცხოვრებთათვის და ზოგადად, ქალაქისთვის. ჩვენ დაწყებული გვაქვს მოლაპარაკებები ამ ტერიტორიის მფლობელებთან, რათა შევიმუშაოთ, თანამედროვე, განვითარებული ქვეყნების მსგავსი განაშენიანების რეგულირების გეგმა, სადაც ადამიანებს ექნებათ საშუალება, ნორმალურად გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა. ასევე, მოწესრიგებული იქნება ირგვლივ ყველაფერი. დღეს იქ არის გაუსაძლისი პირობები – ღია სივრცეში ხდება საშენი მასალების ტრანსპორტირება, ავტომობილების დაშლა, ამიტომ გვინდა, ეს ყველაფერი მოვაწესრიგოთ“, – განაცხადა კალაძემ.

როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, ტერიტორიის მფლობელებთან თანამშრომლობა კარგად მიმდინარეობს, რისთვისაც მათ მადლობა გადაუხადა. ამასთან, დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გივი ჩხარტიშვილის თქმით, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჩატარდა შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან და მათ მიეწოდათ ინფორმაცია მერიის ხედვასთან დაკავშირებით. ჩხარტიშვილის განცხადებით, ელიავას ბაზრობასა და მიმდებარე ტერიტორიაზე დღესდღეობით არსებული მდგომარეობა ყველასთვის მიუღებელია.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close