Slider

„ეკლესია გასაწმენდია, მაგრამ არა პეტრეს ცოცხით.. ეს არის ბრძოლა ეშმაკისა უფლის წინააღმდეგ და ბოლო ჟამის მოახლოების ნიშანი“

სამმა უსაშინლესმა ფაქტმა, რომელიც ეკლესიის წიაღში მოხდა, ძირეულად შემძრა – ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზეპროგრესნიუსს მიტროპოლიტი მელქისედეკ (ელიზბარდიაკონიძე ესაუბრა: 

_ საქართველოს ეკლესიაში დღეს რომ ხდება, მსგავსი არც ისტორიაში წამიკითხავს და არც მსმენია. შეიძლება სადღაც, რომელიღაც ეკლესიაში უარესიც ხდება, მაგრამ ეს ვერ დამამშვიდებს. სხვამ თუ 10 ცოდვა ჩაიდინა და მე 9 არ ნიშნავს, რომ უფრო სუფთა ვარ. სამმა უსაშინლესმა ფაქტმა, რომელიც ამ ბოლო დროს, ეკლესიის წიაღში მოხდა, ძირეულად შემძრა. პირველი სტრასბურგის შემთხვევაა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დეკანოზი ბასილ კვირჩილაძე მარტოხელა დედის შვილს, ბიჭს, რომელიც ეკლესიაში მსახურობდა, სექსუალური შინაარსის ვიდეოებსა და ინტიმურ მესიჯებს უგზავნიდა. ვის ვაგზავნით საზღვარგარეთ საქართველოს სახელით, ვინ რისი მაქნისი და რისი გამკეთებელია, უკვე აღარ ვიცი.. მეორე დეკანოზი თამაზ ლომიძეა, რომელიც გერმანიაში, მიუნხენის ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაში მსახურობს და დავით გარეჯზე აცხადებს – რას მივტირით ამ შენობებს, შენობა არ არის მთავარიო. გაიგეთ ხალხო? ქართული სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენელი ამბობს, რომ მისთვის დავით გარეჯი მხოლოდ რაღაც შენობაა და სხვა არაფერი. ასეთი სასულიერო პირი ეკლესიიდან გასაგდებია, მაგრამ ისინიც უნდა გაპარსო, ვინც ერთი არაკაცი სტრასბურგში გააგზავნა და მეორე მიუნხენში. დასასჯელი მხოლოდ ჩახმახზე თითის გამომკვრელი კი არა, ბრძანების გამცემიცაა. აკაკის „გამზრდელი“ წაიკითხონ და ფინალი გულში კარგად გაიმეორონ. და ბოლოს, პეტრე ცაავა, რომელმაც ყველაფერს წერტილი დაუსვა. პეტრე მგონი მალე რევოლუციას ჩაუდგება სათავეში და ზუსტად ეს იქნება მეორედ მოსვლის ბოლო ნიშანი.
ასეთები კი არ უნდა გაპარსო, წვერი უნდა მოუწვა, რომ აღარასოდეს ამოუვიდეს.
_ გიორგი ანდრიაძემ ივარაუდა, რომ ხალხი, რომელიც ეკლესიაში განხეთქილების შეტანას ცდილობს, განიკვეთება და სავარაუდოდ, თავის ეკლესიას შექმნის..
_ ეს არის ბრძოლა ეშმაკისა უფლის წინააღმდეგ და ბოლო ჟამის მოახლოვების ნიშანი. უფალმა დაგვიტოვა სწავლება, რომ მეორედ მოსვლის ჟამს მართალნი მარჯვნივ და მტყუანი მარცხნივ განიყოფიან და მოვედით ჩემთან მართალნო, ეტყვის მარჯვნივ მდგომს, ხოლო მარცხნივ დარჩენილებს ეტყვის – განვედით ჩემგანო. ამ პერიოდში ადამიანი თავად ირჩევს სად დადგეს და სწორედ ახლა მოხდება ადამიანის თავისუფალი არჩევანის შეფასება. მე ვგულისხმობ გზააცდენილ მრევლს, რომელიც გაჰყვა გზიდან ამცდენელს. წმინდა მატრონა მოსკოველი ამბობს, რომ მდიდარმა მღვდლებმა აწამებინეს ქრისტე, მდიდარმა მღვდლებმა ჩამოაგდეს ნიკოლოზ მეორე და მომავალშიც მდიდარი მღვდლები წარუძღვებიან ხალხს ჯოჯოხეთისკენ. აგერ წმინდა მატრონა მოსკოველის ნაქადაგები და აგერ ჩვენი დღევანდელი საპატრიარქოს მდგომარეობა.
მე ვეტყოდი პეტრეს, რომ არასწორი კაცია, რომელიც ოსტატურად ცდილობს საპატრიარქოში ჩაბუდებული შეცდომების თავის სასარგებლოდ გამოყენებას. გარდა იმისა, რომ ნაციონალების კარის მგოსანია, ამ ადამიანს არავითარი სულიერება არ გააჩნია და არც შეიძლებოდა ჰქონოდა. ამის შესახებ პირველად 2009 წელს დავწერე და მაშინ ეკლესიის მაღალი იერარქებისგან ძალიან დიდი საყვედური შემხვდა – როგორ თუ პეტრეზე ამას ამბობო.
საპატრიარქოსთან ხალხის მიყვანა და აქციების მოწყობა, რაც პეტრე ცაავამ გააკეთა, იმაზე უარესია, რაც მანამდე სინოდის სხდომაზე იბჟუტურა. მან ეკლესიაში განხეთქილების შეტანა და მარტვილელების აყოლიება გადაწყვიტა. მეცოდება ის ხალხი.. მამა ანდრიაც და სხვებიც, ვინც მას გაჰყვნენ. ადვილი მისახვედრია, რომ უკრაინის მიწაზე მყოფი იდეოლოგი და დამფინანსებელი ამ ადამიანებს კარგ ადგილებს პირდება, როგორც კი საპატრიარქო „გაიწმინდება“ და პეტრე საკათალიკოსო სკამზე დაჯდება. ნამუსიანი კაცი, თავმდაბალი მოძღვარი საპატრიარქოდან გაგზავნილ მეუფე სტეფანეს მრევლთან წარადგენდა და ეტყოდა –  მე თქვენი მღვდელმთავარი აღარ ვარ და ჩემი ცხოვრების გზა მაქვს. მოუსმინეთ ამ მღდელმთავარს, დაემორჩილეთ და არავითარ ლოცვა კურთხევას არ გაძლევთ, რომ ჭყონდიდის ეპარქიამ არ იარსებოს, თუნდაც ჩემს თავს დატეხილი უბედურების გამო. ჩემს ცხოვრებაში იყო დღეები, როდესაც უსამართლოდ შემიტიეს და ჩემმა მხარდამჭერებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს, მაგრამ საქართველოს საპატრიარქო და დედა ეკლესია ამ ხელმოწერებს  ავარიდე, მაგრამ ეს ჩემი მორალია.
_ იქნებ ამ შემთხვევის შესახებ მეტი გვიამბოთ?
_ ერთ დროს, სკოლაში რელიგიას ვასწავლიდი. შევარდნაძის პერიოდი იყო. სიონის მგალობელთა გუნდში იყვნენ მშობლები, რომლებმაც მოინდომეს, რომ თავიანთი შვილების სკოლაში რელიგიის მასწავლებელი ყოფილიყო და დირექტორთან შეთანხმებით, ამ საქმის გაძღოლა მთხოვეს. დავიწყე მასწავლებლობა. სწავლა 9-ის ნახევარზე იწყებოდა და 8-ის ნახევარზე უკვე სკოლაში ვიყავი და მოსწავლე  საკმეველის სუნში შემოდიოდა. სკოლის ცხოვრება მთლიანად შეიცვალა. მოსწავლეებისა და მასწავლებლების ჩაცმულობაშიც კი რიდი და მოკრძალება გაჩნდა. ბავშვები ექსკურსიაზე ეკლესია-მონასტრებში დამყავდა და იქ გაკვეთილებს ვუტარებდი. სწორედ ამ პერიოდში, სკოლის ეზოში გამოყოფილი იყო ადგილი და  ეკლესია შენდებოდა. ოთხშაბათობით ეკლესიაში პარაკლისი ტარდებოდა, მოსწავლეებთან ერთად ვესწრებოდით და ბავშვები მოძღვართან ზეთს იცხებდნენ. მოსწავლეებთან და მშობლებთან შეთანხმებით გადაწყდა, რომ ოთხშაბათობით, დედა ბავშვს რომ სკოლის ბუფეტისთვის 50 თეთრს გამოატანდა, იქიდან 10 ან 20 თეთრი ტაძრისთვის შეეწირა და მშენებლობაში ჩვენი წილი შეგვეტანა. იდეა ბავშვებსაც მოეწონათ, მშობლებსაც და მასწავლებლებსაც. შეიძლება მთელი სკოლიდან, მთელი დღის განმავლობაში, 10 ლარზე მეტი არ შეგროვილიყო, მაგრამ უფალმა მცირედიც შეიწირა და უფრო მეტადაც შეიწირა, ვიდრე ბევრი. სიტყვა რომ არ გამიგრძელდეს, გეტყვით, რომ ჩვენი იდეა ეკლესიის მოძღვარს არ მოეწონა – აღარ გააკეთო მასე, მერე სკოლის დირექტორი იტყვის, რომ ეკლესია ჩვენი სკოლის ფულით აშენდაო. სინამდვილეში, სიხარბე გამოაჩინა, რომ აქ მარტო მე უნდა ვიყოო და თავისი კავშირების დახმარებით, სკოლიდან გამაგდო. მიტროპოლიტმა გიორგი გამრეკელმა, რომელიც მაშინ სასწავლო კომიტეტის თავმჯდომარე იყო, დამიბარა და სიყვარულით მირჩია, რომ სკოლიდან წამოვსულიყავი. მამა ბესარიონი პატრიარქის ნათლულია და მაინც მოგერევაო. ხედავთ? რა თქმა უნდა, პატრიარქი ამას არ დათანხმდებოდა და სკოლიდან ვინმეს გამოგდებას არ მოისურვებდა, მაგრამ მოძღვარმა პატრიარქის ნათლულის სახელით ისარგებლა. ჩემი  სკოლიდან გამოშვებაზე დიდი ამბავი ატყდა. მშობლებმა ჩემი უკან დაბრუნების მოთხოვნით  ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს, მაგრამ ავუკრძალე. ტყუილიც კი ვიკადრე, უწმინდესი სხვა ადგილზე, სხვა სამსახურს მთავაზობს თქო. არ ვიკადრე, რომ ეკლესიის მამამთავარი ჩემი საქმით შემწუხებინა. ჩუმად წამოვედი და არავისთვის არაფერი მითქვამს. ახლა ამას პირველად თქვენთან ვამბობ ფაქტის შედარებისთვის. თუ მე, მაშინ უბრალო დიაკონმა მოვიფიქრე და ეკლესიას ჩემი წუხილი ავარიდე, პეტრე ცაავას ვერ უნდა მოიეფიქრებინა, საპატრიარქოსთან ხალხი რომ მიიყვანა და აბჟუტურა? მან უფალთან ომი დააპირა! პეტრე ბატონო, უფალთან ომმა  მართალი იაკობი დააკოჭლა, მართალ იაკობამდე კი პეტრეს კი არა, მთელ ეკლესიას ძალიან დიდი გზა აქვს.
დიახ, ბასილის სტრასბურგში და თამაზის მიუნხენში გამგზავნი გასაგდებია და ეკლესია გასაწმენდია, მაგრამ არა პეტრეს ცოცხით..  ეს უნდა გააკეთოს ხალხმა და არა პეტრეს აღზრდილებმა. ამას დავით მეფის და გიორგი ჭყონდიდელის სული სჭირდება. მეცოდება მარტვილი.. რა დღეშია ეს ულამაზესი კუთხე, ეს უნიჭიერესი ხალხი.. ამ კუთხეს ორი წმინდა მღვდელმთავარი ჰყავს ხალხო – გიორგი ჭყონდიდელი და წმინდა ამბროსი ხელაია! წარმოგიდგენიათ, რამხელა სიწმინდეა, მაგრამ სადაც სიწმინდე დიდია, ეშმაკის ბრძოლაც მეტია. შეუთვალა პატრიარქმა, მოდი, შეინახე და ჩემთან იყავიო. ამაზე მეტი სიყვარული და კაცთმოყვარეობა რა უნდა იყოს და ჩვენ პასუხად რას ვაკეთებთ? ოსტატურად ვიყენებთ პატრიარქოს ამ თვისებას, რასაც გვინდა ჩავიდენთ და მაინც გვაპატიებსო. გესმით რასთან გვაქვს საქმე?ამ ფაქტებით დახუნძლული საპატრიარქო ნამდვილად ვერ იქნება მორალისა და ზნეობის განმსაზღვრელი.
_ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, პოლიტიკურ და საჯარო პირებს შორის პერსონალურ რეიტინგში პატრიარქი ლიდერობს, ინსტიტუტების რეიტინგში კი საქართველოს ეკლესია ჯარის შემდეგ მეორე ადგილზეა.
_
 ეს მხოლოდ და მხოლოდ კათოლიკოს პატრიარქის და სულ 3 ან 4 მღვდელმთავრის დამსახურებაა, რომლებიც ზნეკეთილობით გამოირჩევიან. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ეკლესიას ავტორიტეტი ნამდვილად  მოუპოვა 1977 წლიდან დღემდე და კიდევ გააგრძელებს, მაგრამ მოხუცდა, დაიღალა და ვეღარ შეძლებს, თუ ხელი არ შევუწყვეთ. პირველად უნდა ვთქვა, მაგრამ უნდა ვთქვა.. კი ბატონო, დავღუნავ თავს და ვიტყვი, რომ დამნაშავე ვარ, რომ მეტი სიმტკიცე არ გამოვიჩინე კათალიკოს პატრიარქის საპატრიარქო ტახტისა და საქართველოს ეკლესიის დასაცავად და უფრო მედგარი ომი არ გამოვაცხადე.  ჩემნაირი რამდენიმე კიდევ ბევრი ვიცი, რომელიც ახლოს არ გაიკარეს იმიტომ, რომ მარტო პეტრეს კი არ გამოეკიდება, სხვასაც ამხელს. ეს ხალხი გაძევებულია, იმიტომ რომ ჩვენი ცნობიერება პატრიოტიზმზე და მორალის ზეობაზეა დამყარებული. ჩვენდა საუბედუროდ, ეს არავის უნდა. ამიტომ მივიღეთ ის რაც მივიღეთ და რაც დღემდე გრძელდება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close