საზოგადოება

დღეს უკვე შეგვიძლია ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში ფასიანი, დაჩქარებული სერვისები შემოვიღოთ – კალაძე

საზოგადოებას ახსოვს, როდესაც 2017 წელს მოვედით მერიაში, რამდენად მაღალი იყო მომართვიანობა ურბანულ საკითხებთან დაკავშირებით და როგორ ჭირდა ქალაქგეგმარებითი გადაწყვეტილებების მიღება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„მაშინ ჩვენმა გუნდმა ძალიან ბევრი იმუშავა, რომ მიგვეღო შესაბამისი გადაწყვეტილებები და დაგროვებული მომართვებისთვის პასუხები გაგვეცა. დაახლოებით 800 ვადაგადაცილებული გადაწყვეტილება იყო, რომელიც საჭიროებდა სამსახურების პოზიციების შეჯერებას, გადაწყვეტილების მიღებას და პასუხის გაცემას, მაგრამ სამსახურებს ამის საშუალება არ ჰქონდათ შიდა დოკუმენტბრუნვისა და სამუშაო პროცესების მაშინდელი სტრუქტურიდან გამომდინარე.

როგორც ვთქვი, ბევრი ვიმუშავეთ და დროთა განმავლობაში შევძელით, რომ მომართვიანობისთვის საჭირო რესურსი და პროცესები მოგვემზადებინა და დროული პასუხები გაგვეცა კანონით დადგენილ ვადებში.

მიხარია, რომ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ დღესდღეობით ისე გამართა პროცესები, რომ ასეთი პრობლემის წინაშე აღარ ვდგავართ და ბიზნესსექტორს, დეველოპერულ კომპანიებს, თუნდაც ფიზიკურ პირებს, რომლებსაც ტერიტორიის სხვადასხვა მიზნით განვითარება ესაჭიროებათ, სამსახურთან პრობლემები აღარ გააჩნიათ.

აქედან გამომდინარე, დღეს უკვე შეგვიძლია ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში ფასიანი, დაჩქარებული სერვისები შემოვიღოთ. სწორედ ამიტომ, მინდა დაგავალოთ ირაკლი (ხმალაძე), დაიწყოთ ამაზე მუშაობა და უახლოეს მომავალში წარმომიდგინოთ პროექტი შესაბამისი პირობებით, ფასებით და ვადებით, თუ რა სერვისები შეიძლება შევთავაზოთ ურბანულ და სატრანსპორტო სისტემების გადაწყვეტებთან დაკავშირებით დეველოპერულ და სამშენებლო კერძო სექტორს, ასევე ფიზიკურ პირებს, რომლებიც ტერიტორიას ავითარებენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close