სამართალი

დმანისში წინასაარჩევნო შეხვედრის დროს ორი პირი ცივი იარაღით დაჭრეს

დმანისში დაპირისპირებისას ორი პირი ცივი იარაღით დაჭრეს. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი  გიორგი ტატუაშვილი აცხადებს, ის წინასაარჩევნო შეხვედრას მართავდა სოფელ განთიადში, რა დროსაც „ქართული ოცნების“ წევრები მივიდნენ, მათ მხარდამჭერებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და ცივი იარაღით დაჭრეს.

“ქართული ოცნების” აქტივისტებმა და სუსის იმუნიტეტიანმა პირებმა, რომლებიც სუსშიც მუშაობენ და “ქართულ ოცნებაშიც”, მოაწყვეს სოფელ განთიაში ჩვენი შეხვედრის დროს პროვოკაცია, რასაც მოაყოლეს ფიზიკური დაპირისპირება და 2 ჩვენი შტაბის წევრი არის დაჭრილი ცივი იარაღით. როგორც მე მითხრეს, მათი მხრიდან დეპუტატობის კანდიდატის მიხეილ დაუთაშვილის შვილი, დავით დაუთაშვილი იყო დანით შეიარაღებული,” – აღნიშნა ტატუაშვილმა.

რაც შეეხება “ქართულ ოცნებას,” “მმართველ გუნდში” ბრალდებებს უარყოფენ და ამბობენ, რომ მათ ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა არ მიუღიათ. “მმართველი გუნდის” აქტივისტები აცხადებენ, რომ საარჩევნო შეხვედრაზე ჩხუბი “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს ერთმანეთში მოუვიდათ.

“შეგვაგინეს და ეგ იყო… ჩვენ უნდა შევხვედრილიყავით. მივედით და დაიწყეს წივილ-კივილი ქალებმა. გოგოები არიან, ავჩარკები არიან, ვინ არიან ვერ გავიგე… შეურაცხყოფა მოგვაყენეს, მერე ჩხუბი დაიწყეს, ერთმანეთში იჩხუბეს. უცხო ხალხი ჰყავდათ ბევრი მოყვანილი. ადგილობრივებს ეგონათ, რომ ისინი ამათ ურტყამდნენ და ერთმანეთში იჩხუბეს. ჩვენც ვიდექით და სეირს ვუცქერდით. ჩვენ არ ვყოფილვართ ჩხუბში მონაწილეები,” – განაცხადა “ქართული ოცნების” მხარდამჭერმა ბორის ციხელაშვილმა.

დმანისში მომხდარ დაპირისპირებას უკვე გამოეხმაურნენ „ქართულ ოცნებაში“. პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მომხდარს აბსოლუტურად გაუმართლებელი და სრულიად მიუღებელი უწოდა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close