სამართალი

დმანისის მუნიციპალიტეტში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, დმანისში ერთი პირი – 1993 წელს დაბადებული დ.დ. დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დ.დ.-მ მიმდინარე წლის 21 სექტემბერს, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში, წინასაარჩევნო შეხვედრაზე მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებისას, დანის გამოყენებით სახის არეში დაზიანებები მიაყენა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს: 1976 წელს დაბადებულ მ.ო.-სა და 1983 წელს დაბადებულ შ.ს.-ს. დაშავებული მამაკაცები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა უტარდებათ.

პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე საათში, დმანისის მუნიციპალიტეტში დააკავა.
სოფელ განთიადში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დროს, სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს ჩხუბში მონაწილე სხვა პირებმაც“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები ინციდენტში მონაწილე ყველა პირის დადგენისა და შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით.

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლითა და და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გუშინ დმანისის მუნიციპალიტეტში დაპირისპირებისას ორი პირი ცივი იარაღით დაჭრეს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close