პოლიტიკა

დისტანციური მუშაობა საქართველოდან – რას სთავაზობს მთავრობა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს?

ქვეყნის ეტაპობრივი გახსნის სტრატეგიის ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სპეციალური რეჟიმით შემოსვლის შესახებ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად მოამზადა და გათვლილია იმ უცხოელებზე, რომლებიც არიან ფრილანსერები (თვითდასაქმებულები); მუშაობენ დისტანციურად ან შეუძლიათ, საკუთარი ბიზნესი მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მართონ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, შემუშავებული პროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობა გამონაკლისის წესით დაუშვებს ყველა ქვეყნის მოქალაქის საზღვრის კვეთას, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე სულ მცირე, ექვსი თვით ცხოვრების უფლება ექნება.

„ჩვენ ამ მიზნობრივ აუდიტორიას ვიწვევთ საქართველოში და სპეციალური პირობებით ჩვენს ქვეყანაში ცხოვრებას ვთავაზობთ. საქართველოს მსოფლიოში ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით უსაფრთხო ქვეყნის იმიჯი აქვს და ჩვენ ამ შესაძლებლობის გამოყენება გვინდა – საუბარია საზღვრის გახსნაზე ისე, რომ ერთი მხრივ, მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა ჯანმრთელობა, მაგრამ, მეორე მხრივ, საქართველოში შემოვუშვათ უკლებლივ ყველა ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ზემოხსენებულ კატეგორიას მიეკუთვნება,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, პროექტის ფარგლებში შემუშავდა განაცხადების მიღების პლატფორმა, რომლითაც გრძელვადიანი პერიოდით საქართველოში ყოფნის მსურველებს შეეძლებათ, რომ ისარგებლონ.

ინიციატივის მიხედვით, გრძელი ვადით ვიზიტორის ქვეყანაში შემოსვლისთვის სავალდებულოა სამივე კატეგორიის მოგზაურმა შეავსოს სავალდებულო აპლიკაცია და მიიღოს ქვეყნის საზღვრის კვეთისთვის საჭირო წინასწარი დასტური. აპლიკაციაში პირები წარმოადგენენ პირად ინფორმაციას, ცნობას დამსაქმებლის ან კონტაქტორის შესახებ, წინასწარი დასტურს სავალდებულო 14 დღიანი კარანტინის გავლის თაობაზე და სხვა. მინისტრის განცხადებით, ე.წ. გრძელვადიანი ვიზიტორები 14-დღიან კარანტინს კომერციული ტარიფით საკუთარი ხარჯით გაივლიან, ასევე განიხილება ექვს თვიანი სამოგზაურო დაზღვევის ქონაც.

უწყება აცხადებს, რომ სიახლე სამინისტროს ხელმძღვანელობამ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად დარგის წარმომადგენლებს გააცნო და დადებითი უკუკავშირიც მიიღო.

„ტურიზმის ინდუსტრიისგან ჩვენ პოზიტიური შეფასება მივიღეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია,“ – განაცხადა მინისტრმა.

ნათია თურნავას განცხადებით, ინიციატივა ხელს შეუწყობს საქართველოში უფრო მეტად მხარჯველუნარიანი ვიზიტორების შემოსვლას.

„ეს ადამიანები დიდი ხნით იცხოვრებენ საქართველოში, რაც იმას ნიშნავს, რომ ამით პირდაპირპროპორციულად დავეხმარებით ბინის გაქირავების ბიზნესსაც, რომელიც პანდემიამ ძალიან დააზარალა, ასევე სასტუმროების სექტორს კარანტინის დროს, სარესტორნო ბიზნესს და სხვ. პროექტი ხელს შეუწყობს ასევე ტურისტულ კომპანიებს, ტრანსპორტისა და გიდების სერვისების აქტიურად გამოყენებას, რადგან გრძელვადიანი ვიზიტორები ქვეყანაში მხარჯველუნარიანი ტურისტები იქნებიან,“ – განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, სამინისტრო პროექტს უახლოეს დღეებში საჯაროდ გამოიტანს განსახილველად, რათა მიზნობრივი ჯგუფების წარმომადგენლებს ჰქონდეთ საშუალება, დაიწყონ აპლიკაციების შევსება, საქართველოში იმოგზაურონ და საკუთარი ბიზნესსაქმიანობა აქედან აწარმოონ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close