საზოგადოება

დაშავებული ამოიყვანეს, ცოცხალია, ის გადაჰყავთ სასწრაფო სამედიცინო სამსახურის თანამშრომლებს – გომელაური

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, პარაპლანის ინსტრუქტორი, ამოყვანილია და ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებს გადაჰყავთ.

როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, გარდაცვლილია უცხოელი ტურისტი, რომელიც პარაპლანით ინსტრუქტორთან ერთად იყო.

„ერთი ადამიანი, რომელიც პარაპლანით ფრინავდა დაშავებულია, მასთან ერთად მყოფი უცხოელი ტურისტი გარდაცვლილია. დაშავებული, ქართველი ვინც იყო, ამოიყვანეს, ცოცხალია, ის გადაჰყავთ სასწრაფო სამედიცინო სამსახურის თანამშრომლებს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მისივე თქმით, გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნისას რვა ადამიანი დაიღუპა.

„მინდა, ღრმა მწუხარება გამოვთქვა მომხდარ ფაქტზე, მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახებს. მძიმეა ჩვენთვის, ყველასთვის, მით უმეტეს ოჯახებისთვის, მეგობრებისთვის, შსს-სთვის. ექვსი იყო ჩვენი თანამშრომელი, ორი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები იყვნენ. უბედური შემთხვევა მოხდა, ვერტმფრენმა დაკარგა კონტროლი და მოხვდა მისი ვარდნა. ჯერ მეტი არაფერი ვიცით, ექსპერტები იმუშავებენ, რამ გამოიწვია ვერტმფრენის მართვის დაკარგვა, აქედან გამომდინარე, უკვე გვექნება სავარაუდო პასუხი“, – განაცხადა გომელაურმა.

გუდაურში სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ვერტმფრენით გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა.

ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის ოთხი წევრი, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორი მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ორი მედიკოსი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close