საზოგადოება

გაუქმდება თუ არა მედლები წარჩინებული მოსწავლეებისთვის – რა წერია განათლების მინისტრის ახალ ბრძანებაში

საქართველოს დიდ ქალაქებსა და რამდენიმე სოფელში 2020-2021 სასწავლო წელი დისტანციურად დაიწყო და ეს ინფორმაცია სიახლე აღარავისთვისაა, თუმცა ალბათ ინტერესსმოკლებული არ იქნება იმის გარკვევა, როგორ უნდა მოხდეს მოსწავლეთა შეფასება დისტანციური სწავლებისას.

ამ საკითხმა ჯერ კიდევ გასულ სასწავლო წელს დიდი გაუგებრობა გამოიწვია და ამავე რეჟიმით სწავლის გაგრძელება კვლავ ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს.

განათლების მინისტრის ახალი ბრძანების მიხედვით, რომელიც საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის დისტანციურად წარმართვას და მიღებული შედეგების შეფასების წესსა თუ პირობების დამტკიცების ეხება, არსებობს მუხლი N9, სადაც გაწერილია, როგორ უნდა მოხდეს დისტანციური სწავლების შეფასება.

„მუხლი 9. დისტანციური სწავლების შეფასება

  1. სკოლაში დისტანციური სწავლების დროს მოსწავლეთა შეფასება წარმოებს როგორც განმსაზღვრელი, ასევე განმავითარებელი ფორმით ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად.
  2. დამატებითი რეკომენდაციები დისტანციური სასწავლო პროცესის შესაფასებლად, სკოლას მიეწოდება სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ“, – ასეთია ოფიციალური ნაწილი.

იქიდან გამომდინარე, რომ ჯერჯერობით არავინ იცის, დისტანციურად დაწყებული სასწავლო პროცესი როგორ გაგრძელდება, საუბარი იმაზე – კონკრეტულად რა დამატებითი რეკომენდაციების მიწოდებაზეა საუბარი მინისტრის ბრძანებაში, ცოტა ნაადრევია, მაგრამ ფაქტია – საქართველოს პედაგოგიურ საზოგადოებას არა მხოლოდ კორონავირუსთან, არამედ განმავითარებელ შეფასებებთანაც  მოუწევთ შეგუება.

განმავითარებელი შეფასების დანერგვაზე საუბარი კი პანდემიამდე კარგა ხნით ადრე დაიწყო და მაშინ, სხვათა შორის, მშობლები გამოვიდნენ ამ ნოუ-ჰაუს წინააღმდეგ, მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ სკოლებში კვლავ აქტუალურია მედალოსნების საკითხი და საშუალო საფეხურის მედალზე დასრულება, მინიმუმ, პრესტიჟულია.

ეროვნულ სასწავლო გეგმაში შესული ცვლილების მიხედვით, კი განმავითარებელი შეფასება საბოლოოდ დაინერგა მაღალ კლასებში. მიუხედავად იმისა, განმსაზღვრელი შეფასება კვლავ რჩება მეორე ძირითად კომპონენტად, ამ შემთხვევაში, გამოდის, მედლები აქტუალობას კარგავს; ამავე დროს, თუ სკოლებში მედლები კვლავ გაიცემა, ეს დიდ აჟიოტაჟსა თუ უკმაყოფილებას გამოიწვევს, რადგან გამოვა – ჯილდო მასწავლებლის შეფასებით გაიცემა და ასეთ დროს ობიექტურობას დაცვა იოლი ნამდვილად არ იქნება; აქვე გასათვალისწინებელია, რომ კარგა ხანია მედლების გაცემის წესის შეცვლაზე საუბრობენ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მედლების გაუქმების ვერსია საფუძველსმოკლებული სულაც არ გამოდის.

პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ხელმძღვანელი, მაია კობახიძე Etaloni.ge-სთან აცხადებს, რომ აუცილებელი არ არის, განმსაზღვრელი შეფასება განმავითარებელმა ჩაანაცვლოს და შეფასების მხოლოდ ერთი მიმართულება ავირჩიოთ:

განმავითარებელ შეფასებას აქვს მნიშვნელოვანი დატვირთვა, თუმცა მისი დანერგვა არ ნიშნავს იმას, რომ გავაუქმოთ განმსაზღვრელი შეფასება; ჩემი ვარაუდით, დასაშვებია – განმავითარებელი შეფასება დარჩეს შეფასების კომპონენტად საწყის საფეხურზე, მაგრამ რაც შეეხება მეორე-მესამე, საბაზო და საშუალო საფეხურებს, ამ შემთხვევაში, იქნება განმსაზღვრელიც და განმავითარებელი შეფასებასაც.

აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს, ჯერჯერობით შეფასების ერთ კონკრეტული კომპონენტის არჩევას, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა არ აპირებს, დანარჩენს კი ეპიდსიტუაცია გვიჩვენებს.

Etaloni.ge

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close