პოლიტიკა

გარიგება, საბოლოო ჯამში, დაგვბრალდა ჩვენ, ჩხეიძეებს, მაჭუტაძეს და კიდევ ორ დეპუტატს, „ნაციონალური მოძრაობა“ გადგა გვერდზე და აღშფოთებული სახეც მიიღო – ნატო ჩხეიძე

პირადი კითხვები მექნება ჩემს კოლეგა „ნაციონალური“ ფრაქციის ზოგიერთ წევრთან და ალბათ შეკითხვები ექნება საზოგადოებასაც, რათა უფრო მეტი სინათლე მოეფინოს გუშინ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების კენჭისყრასთან დაკავშირებით მომხდარ საკითხს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ნატო ჩხეიძემ განაცხადა.

როგორც ნატო ჩხეიძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ ბრიფინგის დროს მეტი გულწრფელობის, დამაჯერებლობის თუ რაღაც მეტის გულისთვის თქვეს, რომ ჩათში ჩაგდებულ მესიჯში იყო ოთხი გვარი: სალია, საჯაია, წიქარიშვილი, მუხაშავრია, ეს ოთხი ჩამოთვალეს.

„მათ გამორჩათ, დაავიწყდათ ან დაივიწყეს, რომ იმ ჩათში იყო მეხუთე გვარი ნიშნიანიძე, მაგრამ ეს არ გამორჩათ, არ დაივიწყა „ქართულმა ოცნებამ“. საერთოდ, არ არის დიდი პირობის შემსრულებელი „ქართული ოცნება“ და ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, მოინდომეს და დაინტერესებული პირები ნახავთ, რომ კანდიდატთა სიაში, რომლებიც მეორე ტურში უნდა გადავიდნენ, ერთ-ერთი არის ნიშნიანიძე. როგორც ჩანს, სწორედაც მოქმედებდა ის ფორმულა 4/1-ზე, რომელიც მთლად ბოლომდე და ნათლად ოპოზიციური ჯგუფებისთვისაც არ იყო დამაჯერებელი, მთლად გაგებული და ამიტომ იყო, რომ სწორედ ოპოზიციურ ჯგუფებში იყო ის ფრაზა, რომ აქ იყო გარიგება და ეს გარიგება, საბოლოო ჯამში, დაგვბრალდა ჩვენ, ჩხეიძეებს, მაჭუტაძეს და კიდევ ორ დეპუტატს, „ნაციონალური მოძრაობა“ გადგა გვერდზე და აღშფოთებული სახეც მიიღო. მე, ცხადია, პირადი კითხვები მექნება ჩემს კოლეგა „ნაციონალური ფრაქციის“ ზოგიერთ წევრთან და ალბათ შეკითხვები ექნება საზოგადოებასაც, რათა უფრო მეტი სინათლე მოეფინოს ამ საკითხს“, – განაცხადა ჩხეიძემ.

კითხვაზე,  ბეჟაშვილი ამბობდა, რომ ეს ოთხი კანდიდატი იყო ჩაგდებული ჩათში და მხოლოდ ამათთვის უნდა დაგეჭირათ მხარი, ჩხეიძემ აღნიშნა, რომ ამ კითხვით ბეჟაშვილს უნდა მიმართონ.

„შეკითხვა დაუსვით ბეჟაშვილს, ჩათში ჩაგდებული იყო ხუთი კანდიდატი, რატომ თქვა, რომ ოთხი იყო ჩაგდებული და საზოგადოების წინაშე რატომ არ თქვა – ნიშნიანიძე“, – განაცხადა ჩხეიძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების კანდიდატებს კენჭისყრის დროს გუშინ მხარი დაუჭირა ხუთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა – ნიკა მაჭუტაძემ, ბაჩუკი ქარდავამ, ნატო და როსტომ ჩხეიძეებმა და ასევე დილარ ხაბულიანმა.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, ვინ მისცა ხმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევას, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების შეხვედრა გაიმართა. როგორც შეხვედრის შემდეგ ანა წითლიძემ განაცხადა, ვერ ხედავს „ნაციონალურ მოძრაობაში“ იმ დეპუტატების ადგილს, რომლებმაც იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევას მხარი დაუჭირეს.

ამასთან, გუშინვე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს ბაჩუკი ქარდავამ, ნიკა მაჭუტაძემ, ნატო და როსტომ ჩხეიძეებმა.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close