Sliderსაზოგადოება

“გამოვლენილია კომპანია, რომელიც თბილისის მერიას 67 ნაგავმზიდსა და 7 ქუჩის მექანიკურ დამგველს მიაწვდის” – კალაძე

გამოვლენილია კომპანია, რომელიც თბილისის მერიას 67 ერთეული ნაგავმზიდსა და 7 ერთეულ ქუჩის მექანიკურ დამგველს მიაწვდის. სპეცტექნიკის საერთო ღირებულება 9 მილიონი ევროა, – ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა.

„2018 წლის 27 ნოემბერს, საქართველოს მთავრობამ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ხელი მოაწერეს სასესხო ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც თბილისის მყარი ნარჩენების მართვის სისტემის სრულყოფისათვის 15 მილიონამდე ევრო გამოიყო. ამ სესხის ძირითადი კომპონენტი არის სპეცტექნიკის, მათ შორის 67 ერთეული ნაგავმზიდის და 7 ერთეული ქუჩის მექანიკური დამგველი, ე.წ. სვიპერის შეძენა, რომელთა ღირებულება ჯამში 9 მილიონი ევროა.

თბილისის მყარი ნარჩენების პროექტის პირველ კომპონენტზე, რომელიც გულისხმობს ავტოპარკის განახლებას, სატენდერო პროცედურები დასრულებულია და გამოვლენილია გამარჯვებული, რომელთანაც 6 ოქტომბერს გაფორმდა ხელშეკრულება“, – აცხადებს კალაძე.

მისივე თქმით, ტექნიკის მოწოდების ვადაა 8-10 თვე, თუმცა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები მწარმოებლებთან ვადის შემცირებასთან დაკავშირებით.

„გარდა ამისა, საქართველოს მთავრობასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის, 2021 წლის 9 სექტემბერს გაფორმებული სასესხო შეთანხმების საფუძველზე, იგეგმება დამატებით 65 ერთეული ტექნიკის შესყიდვა, მათ შორის 44 ერთეული ნარჩენების შემგროვებელი მანქანის. ტენდერი მომზადების პროცესშია და 2022 წელს გამოვლინდება გამარჯვებული.

ამჟამად თბილისს ემსახურება 120 ერთეული ნაგავმზიდი. პროექტის პირველი და მეორე ფაზის დასრულების შემდგომ, დედაქალაქს მოემსახურება სრულიად ახალი, ევროპული ხარისხის ტექნიკა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close