საზოგადოება

გაიკეთებდით თუ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას? – NDI კვლევის შედეგებს აქვეყნებს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, კითხვაზე, გაიკეთებდით თუ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას, გამოკითხულთა 47 პროცენტი აცხადებს, რომ არ გაიკეთებდა.

გამოკითხულთა 35 პროცენტი კი აცხადებს, რომ ვაქცინას გაიკეთებდა, შვიდი პროცენტის თქმით, ვაქცინა უკვე გაიკეთა, ხოლო 11 პროცენტმა კითხვაზე პასუხი არ იცის.

ამასთან, იმ პირებიდან, რომლებიც ვაქცინაციას ეწინააღმდეგებიან, აცრაზე უარის თქმის მიზეზად 47 პროცენტი ამბობს, რომ არ ენდობა ვაქცინის ხარისხს; ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მიზეზების გამო, აცრაზე უარს ამბობს გამოკითხულთა 20 პროცენტი; შვიდი პროცენტი მიიჩნევს, რომ ვაქცინაციას სინამდვილეში სხვა მიზნები აქვს; ორი პროცენტი ზოგადად  ვაქცინების წინააღმდეგია, ხუთი პროცენტი სხვა მიზეზს ასახელებს, ხოლო კითხვაზე პასუხი არ იცის გამოკითხულთა ხუთმა პროცენტმა.

კითხვაზე, რომ დასჭირდეთ ინფორმაცია აცრაზე რეგისტრაციის შესახებ, იციან თუ არა როგორ დარეგისტრირდნენ, გამოკითხულთა 56 პროცენტი აცხადებს, რომ არა, ხოლო 42 პროცენტი ამბობს, რომ ამის შესახებ აქვს ინფორმაცია. კითხვაზე პასუხი არ აქვს გამოკითხულთა ორ პროცენტს.

NDI-ს ინფორმაციით, აღნიშნული კვლევა 13-25 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,016 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.3 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close