პოლიტიკა

ბრიტანეთის დაზვერვას არ აქვს და არ გადაუცია უკრაინის სადაზვერვო სამსახურისთვის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთს სანქციების თავიდან აცილებაში ეხმარება

მე გავეცანი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას და სპეკულაციებს ამის შესახებ, მაგრამ ასევე ყურადღებას გავამახვილებ ფინანსთა მინისტრის განცხადებაზე. რაც ვნახე, საქართველოს ეროვნული ბანკი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველო არ იყოს გამოყენებული, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ფინანსური სანქციების თავიდან აცილების ადგილად - მარკ კლეიტონი

დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში აცხადებს, რომ ბრიტანეთის დაზვერვას არ აქვს და არ გადაუცია უკრაინის სადაზვერვო სამსახურისთვის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთს სანქციების თავიდან აცილებაში ეხმარება. ამის შესახებ მარკ კლეიტონმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„მე გავეცანი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას და სპეკულაციებს ამის შესახებ, მაგრამ ასევე ყურადღებას გავამახვილებ ფინანსთა მინისტრის განცხადებაზე. რაც ვნახე, საქართველოს ეროვნული ბანკი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველო არ იყოს გამოყენებული, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ფინანსური სანქციების თავიდან აცილების ადგილად.

ჩვენ ვნახეთ მართლაც სწრაფი ქმედება. მაგალითად, VTB ბანკი, სანქციების შესაბამისად, რამდენიმე დღეში დაიხურა. „საქართველოს ბანკი“ და „თიბისი ბანკი“ ლონდონის საფონდო ბირჟაზე არიან წარმოდგენილნი და ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ფინანსური სანქციები უზრუნველყონ.

და ბოლოს, როდესაც საქმე ეხება ვაჭრობასა და სანქცირებული საქონლის შეზღუდვებს, ვიცი, რომ ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტროსთან და თქვენს საბაჟო სამსახურთან ერთად, მუშაობს იმისთვის, რომ არ იყოს გაჟონვა და ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმაც განაცხადა. ასე რომ, ვფიქრობ, ჩემი პასუხი არის ის, რომ არსებობს სანქციების უპრეცედენტო პაკეტი და გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად ამ ომისთვის პუტინისთვის უპრეცედენტო ხარჯების დაკისრებას. როგორც ვხედავ, საქართველო თავის როლს ასრულებს ამის დაცვაში და რა თქმა უნდა, ჩვენი იმედია, რომ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ყველაფერს, რაც შეუძლია, რათა საქართველო არ გახდეს სანქციებისგან თავის არიდების ადგილი“, – განაცხადა კლეიტონმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close