Sliderსამართალი

ბერმუდის სასამართლოს ივანიშვილმა დისტანციურად მისცა ჩვენება – ვინ და როგორ გამოიტანა ვიდეოჩანაწერი?

ჯერჯერობით პასუხგაუცემელია კითხვა, როგორ აღმოჩნდა მედიის ხელში ბიძინა ივანიშვილის მიერ ბერმუდის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებიდან ამონარიდის ვიდეო, მაშინ, როცა ივანიშვილის ადვოკატის ვიქტორ ყიფიანის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა შვეიცარული ბანკის „კრედიტ სვისის“ საქმეზე ჩვენება დისტანციურად მისცა.

„ეს არაა ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნა, არამედ სასამართლოს მხრიდან დაშვებული პრაქტიკაა…  ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ დისტანციური წესით საკუთარი უფლებების დაცვა ითვლება დამკვიდრებულ პრაქტიკად. ჩვენ თუ გავიხსენებთ ზოგიერთ შეფასებას, რომ აქ საქართველოში შეუძლებელია პოზიცია დისტანციურად წარადგინო, აი, თუნდაც ბერმუდის სასამართლო პროცესი მიუთითებს, რომ ესაა აღიარებული ნორმა და პრაქტიკა. ამ მხრივ დანაკლისს და ხარვეზს ჩვენ არ უნდა ვეძებდეთ“, – აღნიშნა ყიფიანმა.

ეს ბიძინა ივანიშვილის მხრიდან არ არის მხოლოდ მისი შელახული უფლებების აღდგენის მცდელობა, ეს არის ერთი დიდი სევდიანი ისტორია ამხელა რეპუტაციის მქონე ბანკის შესახებ, რომელსაც შეუძლია გაფლანგოს აქტივები და ნულამდე დაიყვანოს მისდამი გამოცხადებული ნდობა, – ბერმუდის სასამართლოში განხილული ბიძინა ივანიშვილის საჩივრის შესახებ, მისმა ადვოკატმა ვიქტორ ყიფიანმა „ქრონიკაში“ ისაუბრა.

„იმ პირობებში, როდესაც ბანკს არაფერი ჰქონდა ხელჩასაჭიდი, პროცესი იყო ბიძინა ივანიშვილის ნერვებზე თამაშის უბადრუკი მცდელობა. ბანკის ადვოკატები ფაქტებით მანიპულაციებითა და კითხვების უცნაურად ჩამოყალიბებით ცდილობდნენ, ემოციური წონასწორობა დაერღვიათ მოწმისთვის და სასამართლოსთვის ეჩვენებინათ, რომ მისი ჩვენება არ იყო სარწმუნო. ჩვენ ეს ეტაპი წარმატები განვვლეთ. ყველა პასუხი იყო კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული. ბიძინა ივანიშვილის არგუმენტირებულმა და გაწონასწორებულმა პასუხებმა ბანკის ადვოკატები გამოიყვანა წონასწორობიდან. მოსამართლემ თქვა, რომ ბატონი ივანიშვილის მიმართ დამატებითი შეკითხვები არ აქვს, მაგრამ მან არაერთი შენიშვნა მისცა მოპასუხე მხარის ადვოკატებს, რომ ისინი თანმიმდევრულები და პროცესთან დაახლოებულები ყოფილიყვნენ თავიანთი კითხვების ფორმულირებისას. ჯერჯერობით მთელი პროცესი არის ნერვების თამაში. ბანკმა ვერ გათვალა თავისი ტაქტიკის წარმატებულობა. სწორად ვერ შეაფასა ვისთან აქვს საქმე. ბიძინა ივანიშვილს ქართული პოლიტიკური ბატალიების მეტად მძიმე ასპარეზი აქვს გამოვლილი, მისი მწყობრიდან გამოყვანა არც თუ ისე იოლი საქმეა“, – აღნიშნა ყიფიანმა.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა, Credit Suisse-ს ოთხი წლის წინ უჩივლა. მან ბანკის დაზღვევის პროდუქტებში $755 მილიონის მოცულობის დეპოზიტი განათავსა. 2015 წელს ივანიშვილმა აღმოაჩინა, რომ სადაზღვევო სქემიდან პატრიკ ლესკადრონის მიერ განხორციელებული თაღლითურ ოპერაციების გამო, $400 მილიონი გაქრა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close