სამართალი

ახალციხეში ძაღლის პატრონი, რომელმაც ბავშვი დაკბინა, ნერვიულობით გარდაიცვალა

ახალციხის სოფელ ზიკილიაში 57 წლის კაცი მოულოდნელად ცუდად გახდა და გარდაიცვალა. ადგილობრივების თქმით, შემთხვევამდე კაცს მეზობლებთან სიტყვიერი დაპირისპირება მოუვიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

შემთხვევა 18 აპრილს მოხდა. როგორც სოფელში ადგილობრივებმა გვითხრეს, გ.გ–ს ძაღლმა მეზობლის ბავშვი დაკბინა. ამის გამო ის ძალიან ნერვიულობდა. აღნიშნულ საკითხზე გარდაცვალებამდე რამდენიმე წუთით ადრე ბავშვის ბიძასთან მცირე შელაპარაკებაც მოუვიდა.

„ჩხუბი არ ყოფილა, უსაყვედურა, ეს ძაღლი სხვაგან დააბი რომ ბავშვმა მშვიდად გაიაროსო. იმანაც უპასუხა, ჩემი დაბმული იყო და რატომ მოვიდა შენი ბავშვიო. ამის მერე დაახლოებით 10 წუთში გახდა ცუდად. ისე მოხდა რომ ძაღლს და ბავშვს შეეწირა ის კაცი,“ – ამბობს ბავშვის ბებია.

როგორც სოფელში ჰყვებიან, ძაღლმა არასრულწლოვანს გ.გ–ს გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე უკბინა, ბავშვს სამედიცინო დახმარება ახალციხის კლინიკაში აღმოუჩინეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, იგი ამჟამად სახლშია, თუმცა მისი ბიძა ამბობს, არასრულწლოვანი შემოწმებაზე თბილისში მდებარე ერთ–ერთ კლინიკაში უნდა წაიყვანონ.

„იმ კაცთან არ მიჩხუბია, არც შეურაცხყოფა მიმიყენებია, უბრალოდ ვუთხარი ხვალ ბავშვი კლინიკაში უნდა წავიყვანო–მეთქი“, – ამბობს ბავშვის ბიძა.

სასამართლო სამედიცინო ექსპერტის, დავით მერაბიშვილის თქმით, 57 წლის კაცის გარდაცვალება გულის შეტევამ გამოიწვია. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

არასრულწლოვნის ბებიის თქმით საგამოძიებო უწყებამ დაკითხვაზე ბავშვის დედა დაიბარა: „ჩემ რძალს მიუვიდა უწყება“.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close