საზოგადოება

„ანაკლია – ჭკვიანი საპორტო ქალაქი“ – ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტმა საერთაშორისო კონფერენციაზე პროექტი წარადგინა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დოქტორანტურის მეორე კურსის სტუდენტმა რატი კუპატაძემ ფაკულტეტის მიერ გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო ონლაინ კონფერენციაზე – „არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის თანამედროვე პრობლემები“, უნიკალური პროექტი – „ანაკლიის ჭკვიან საპორტო ქალაქად გარდაქმნა – გამოწვევები და შესაძლებლობები“ წარადგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, „ჭკვიანი ქალაქის“ კონცეფცია, ციფრული ინსტრუმენტების მეშვეობით, ქალაქის აქტივების მონიტორინგსა და პროცესების ეფექტიან მართვას გულისხმობს. ჭკვიანი ქალაქის მთავარი დანიშნულება მაცხოვრებლებისა თუ ვიზიტორების უკეთ მომსახურება და  ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა.
„ჭკვიანი ქალაქის კონცეფცია კარგად ერგება პორტებსა და საპორტო ქალაქებს. დღევანდელ მსოფლიოში არაერთი „სმარტ პორტი“ და ჭკვიანი საპორტო ქალაქია. რა შეგვიძლია ვისწავლოთ მათ მაგალითზე? არის თუ არა რეალური და განხორციელებადი ანაკლიის ტერიტორიაზე ჭკვიანი საპორტო ქალაქის შექმნა და შემდგომი განვითარება? რათქმა უნდა, შესაძლებელია და ეს კარგად ჩანს რატი კუპატაძის პროექტში. 21-ე საუკუნე მონაცემთა ბაზებისა და ციფრული ქსელების საუკუნეა. ნელ-ნელა გაციფრულდა ჩვენი სამუშაო, გასართობი თუ საცხოვრებელი სივრცეებიც, რაც უფრო მკაფიოდ გამოჩნდა კოვიდპანდემიის დროს. ცოდნა და სწორი მიდგომაა ის ძალა, რომლის დახმარებითაც შევძლებთ ამ მონაცემების ანალიზს, ოპტიმიზაციასა და ეფექტურ გამოყენებას. ეს ამოცანა განსაკუთრებით აქტუალურია ისეთ სტრესულ და ქაოტურ გარემოში, როგორიც თანამედროვე ქალაქებია – სადაც, დასახლების სიმჭიდროვისა და ეკონომიკის კონცენტრაციის გამო, ადამიანები ერთმანეთის ყოველდღიურობაზე ძალიან დიდ გავლენას ვახდენთ. აღნიშნული ცვლილებებიდან გამომდინარე, ჩამოყალიბდა ახალი, ე.წ. ჭკვიანი ქალაქის კონცეფცია, რომელიც გულისხმობს ქალაქში სხვადასხვა ფუნქციების: სატრანსპორტო, ურბანული, ეკონომიკური კულტურულ-შემეცნებითი და ა.შ. და სფეროების: მომსახურება, აღსრულება და ა.შ. ტექნოლოგიების საშუალებით გაუმჯობესებას“, – აცხადებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანი ნინო იმნაძე.
პროექტის ავტორის რატი კუპატაძის განმარტებით, „სმარტ ქალაქის“ დეფინიცია შეგვიძლია დავყოთ 8 ცენტრალურ კომპონენტად: ჭკვიანი/მოქნილი მმართველობის ფორმები, ენერგოეფექტურობა და ჭკვიანი ენერგეტიკა, ჭკვიანი შენობები, ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა, ინფრასტრუქტურა, ტექნოლოგიები, ჯანდაცვა და, ბოლოს, ჭკვიანი მოქალაქე.
„ძირითადად, ორ მნიშვნელოვან შეკითხვას მისვამენ. პირველი – რატომ ავირჩიე ანაკლია? ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი არის საერთაშორისო მნიშვნელობის, აქ იკვეთება რამდენიმე ქვეყნის და დიდი გეოპოლიტიკური მოთამაშის ინტერესი. გარდა ეკონომიკური და ფინანსური წარმატებისა, ანაკლიის პორტი გახდება უსაფრთხოების, პოლიტიკური და სტაბილური განვითარების გარანტორი. პორტის პროექტიდან გამომდინარე, გადავწყვიტე გამეკეთებინა ჭკვიანი საპორტო ქალაქის კონცეფცია, რადგან პორტის შექმნა და ფუნქციონირება ავტომატურად მოითხოვს ურბანული ქსოვილის განვითარებას მის ირგვლივ და მეორე შეკითხვა – რამდენად განხორციელებადია ეს იდეა?  რასაკვირველია, განხორციელებადია! ანაკლიის პორტის პროექტი აუცილებლად განხორციელდება, გასათვალისწინებელია დროის და გეოპოლიტიკური ფაქტორები, რის გამოც ფერხდება აღნიშნული პროექტი (მთავარი მოწინააღმდეგეა რუსეთი, რომელსაც პოლიტიკურის გარდა ფინანსური ინტერესებიც აქვს, საკუთარი ღრმაწყლოვანი პორტის სახით შავ ზღვაში). როგორც ზემოთ აღვნიშნე, ამხელა მასშტაბის ღრმაწყლოვანი პორტი ფუნქციონირებისთვის საჭიროებს გარკვეული ურბანული ქსოვილის არსებობას“ – აცხადებს რატი კუპატაძე.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, პანდემიის პირობებში ჩატარებული რიგით მეორე საერთაშორისო სამეცნიერო არქიტექტურული კონფერენცია მრავალფეროვანი და მრავლისმომცველი იყო. კონფერენციამ, პირველად არქიტექტურის სივრცეში, არქიტექტორთათვის ერთგვარი პლატფორმა შექმნა, სადაც სამომავლოდ, აქტუალური თემები მეცნიერულ დონეზე იქნება განხილული. თავის მხრივ კი, პლატფორმა საუკეთესო შესაძლებლობაა არქიტექტორებისთვის, საქართველოში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებში ჩაერთონ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close