Slider

„ამ დროს უნდა ჩაჯდე.. მოდულის შენობაში ვიჯექი, მაშინ, როცა იქ ხალხს ფატრავდნენ“ – ლალი მოროშკინა

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე „პროგრესნიუსი“ კონფლიქტოლოგ და პიარ-ტექნოლოგ ლალი მოროშკინას ესაუბრა:

_ ქალბატონო ლალი, თანამდებობიდან წასვლის შემდე გიორგი გახარიას „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა ნაწილი დაუპირისპირდა და ლამის ყველა ამქვეყნიუს ცოდვაში ბრალი დასდო. როგორ ფიქრობთ, ეს წასვლა მართლაც ღალატს ჰგავდა?
_ დავიწყოთ იმით, რომ თანამდებობიდან წასული ადამიანის განსჯა და ქილიკი უღირს საქციელად მიმაჩნია. ადვილია ადამიანის განსჯა, როდესაც განვითარებული მოვლენებისგან შორს ხარ. ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანს, რომელიც მაღალ თანამდებობაზე ინიშნება, პირველ რიგში, ძალიან ძლიერი ფსიქიკა ჭირდება. მე სამჯერ ვიყავი მაღალ თანამდებობაზე, ვიცი, რომ ამ დროს, არავინ არაფერს გპატიობს და ყველაფრისთვის მზად უნდა იყო. მესმის, რომ ყოფილ პრემიერს, გიორგი გახარიას 20 ივნისის ამბები ტვირთად დააწვა. რთულია, როდესაც გამუდმებით გესმის, რომ გოგონამ თვალი დაკარგა, ვიღაცა სცემეს, ვიღაცა დაიჭირეს. ეს მარტივი პროცესი არაა.
_  ბევრს  დღემდე ეჭვი ეპარება იმაში, რომ სროლის ბრძანება გიორგი გახარიამ გასცა.
_ მე არ ვიცი, ვინ რა გააკეთა, იმიტომ, რომ შიგნით არ ვარ და ამ მოვლენებს შიგნიდან არ ვუყურებ. თავი რომ დავანებოთ შეფასებას ვინ სად იყო და რა ბრძანება გასცა, ასეთი ბრალდებები ადვილი გადასატანი არაა. მინდა ყველას შევახსენო, რომ გახარია პოლიციური ან სამხედრო სტრუქტურიდან არ მოსულა. ის ბიზმესმენი იყო და ბიზნესმენისთვის ეს წარმოუდგენლად მძიმე ტვირთია, როგორც რთული იყო ბიძინა ივანიშვილისთვის. ადამიანმა ამდენი ქველმოქმედება გასწია და ყოველ ბრალდებები, სახლთან აქციები, ყვირილი და დრონების ფრენა მიიღო. ადამიანები ამ დროს ძალიან ითრგუნებიან და იმ გადაწყვეტილებებს იღებენ, რომლებიც მიიღეს. როდესაც ტელევიზორში განვითარებულ მოვლენებს ვუყურებდი, ზუსტად ვიცოდი, ვინმეს ერთი ნაჩხაპნიც რომ გასჩენოდა, გახარიას სამარადისოდ პირსისხლიანი ტირანის სახელს მიაკრავდნენ. ეს იმის ბრალია, რომ თავის დროზე ოცნებამ ნაციონალური მოძრაობა არ დასაჯა. ახლა ამ ძალამ ფესვები გაიდგა,  მომძლავრდა და თავს უფლებას აძლევს, რომ სააკაშვილის გამოცილებული უცხო ქვეყნების დიპლომატები ჩამოიყვანოს და მათი ჭკუის დარიგება გვასმენინოს. აი, ამიტომ მოხდებოდა გახარიასგან ტირანის შექმნა და არა იმიტომ, რომ იქ არაფერი უნდა მომხდარიყო. კანონი კანონია და უნდა აღსრულდეს. არავის დაჭერა არ მსიამოვნებს, მაგრამ თუ სააპელაციო სასამართლომაც  დაადგინა, რომ ნიკა მელია დამნაშავეა და ეს არ აღსრულდა, მაშინ შევკრიბავ 10 კაციან გუნდს, დავარბევ, გავაცამტვერებ, მაღაზიებიდან გამოვიტან, რაც გამოსატანია და აბა ვინმე გამეკაროს და ნახევარი საქართველო ასე იზამს.
დღეს სააკაშვილი რომ ყელყელაობს, სწორედ ამ დაუსჯელობის სინდრომის ბრალია. უნდა მოეკიდებინათ ხელი, ციხეში ჩაეყუდებინათ  და  ვერავინ ვერაფერს გაბედავდა. დაუსჯელობის სინდრომის გარდა, პიარიც, უფრო სწორად, პიარის არარსებობაც პრობლემაა. როგორც  პიარტექნოლოგს ისეთი განცდა მაქვს, თითქოს პიარი მიზანმიმართულად უარყვეს და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. როცა გახარიას წასვლის მიზეზებზე ვსაუბრობთ, უნდა ვთქვათ, რომ საქართველოში კრიზის-მენეჯმენტი ცუდად იმართებოდა. სამწუხაროდ, სამი ექიმის ჭკუაზე ვატარეთ ქვეყანა და შარშან, როდესაც ამის აუცილებლობა არ იყო, სრულიად ჩავკეტეთ და მოვკალით ბიზნესი ისე, რომ ადამიანებს ალტერნატივა არ შევთავაზეთ. ერთ დღეში რომ 60 000 ადამიანი დაწერს განცხადებას, რომ ქვეყანა დატოვოს და სადღაც სამუშაოდ გადაიკარგოს, ეს პოლიტიკის კრახია. მე ზუსტად ვიცი, რომ კოვიდ-პანდემით გამოწვეული არასწორი მართვის გამო ბიზნეს სექტორი აპირებდა ძალიან სერიოზულად მოეთხოვა პასუხი გახარიასგან.  მხოლოდ 25 ქვეყანაა მსოფლიოში მეტ-ნაკლებად ჩაკეტილი, დანარჩენები კი ჩვეულებრივად ცხოვრებას აგრძელებენ.
_  თქვენი სიტყვებიდან გამომდინარე, ყოფილი პრემიერის პოლიტიკაში დაბრუნება სრულიად გამორიცხულად მიგაჩნიათ.
_ იმისთვის, რომ პოლიტიკაში მობრუნდე, აქტივში ერთი საქმე მაინც უნდა გქონდეს. კრიზისული მენეჯმენტი, რაზეც ყოფილი პრემიერი  აპელირებდა, აღმოჩნდა, რომ საერთოდ არ მუშაობს – უბრალოდ, ძალიან მარტივი გზით წავიდნენ, ყველაფერი ჩაკეტეს და ეკონომიკა გაანადგურეს. ვერ მიიღეს ცილისწამების შესახებ კანონი, რომელიც უამრავ ადამიანს დაიცავდა, ბოლომდე არ იქნა მიყვანილი დავით გარეჯის საქმე, ანუ ძალიან ბევრი მინუსია.
ალბათ მიაქცევდით ყურადღებას, რომ ზუსტად ამ დღეებში, გამყრელიძის 8 მილიონიანი ტენდერი ჩავარდა. ამ დღეებში აღარც ე.წ. ეპიდემიოლოგები ჩანან, იმიტომ, რომ  იქ ყველას კუდები ერთმანეთზე ჰქონდა გადაბმული. დღეს კულუმბეგოვი ამბობს, რომ ვირუსი მიდის, როცა ერთი კვირის წინ საშინელ სურათს ხატავდა. ეს ყველაფერი მე, როგორც ანალიტიკოსს საშუალებას მაძლევს რაღაც დასკვნები გავაკეთო, რომლებიც მავანთათვის არც თუ ისე სახარბიელო იქნება.
_ რა თქმა უნდა, ერთი ფოტო რეიტინგის საზომად არ გამოდგება, მაგრამ საზოგადოების განწყობას ნაწილობრივ მაინც ასახავს. ახლბათ ხვდებით, რომელ ფოტოს ვგულისხმობ.
_ „პროფილში“ დედაჩემის სიუჟეტს, სადაც ბლინებს აცხობს, მილიონნახევარი ნახვა აქვს. ასე, რომ ..
_ იქნებ გვითხრათ,  სააკაშვილის ფაქტორი მიმდინარე მოვლენებში როგორია. რამდენიმე დღის წინ, უკრაინულ მედიაში გამოქვეყნდა უკრაინულ ექსპერტებთან ინტერვიუ, რომლებიც ვარაუდობენ,რომ ბაიდენის მხარდაჭერის გარეშე, შეიძლება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს პრობლემები უკრაინაშიც შეექმნას.
_ ბაიდენი საკუთარ თავს ვერ დაუჭერს მხარს ისეთ მდგომარეობაშია და სააკაშვილი სულ არ ახსოვს. დავანებოთ ამერიკას თავი, იმათ თავიანთი პრობლემები აქვთ, რაც შეეხება სააკაშვილს, ის და ზელენსკი ორივე რუსული პროექტია. ერთი კინემატოგრაფისტთა სტუდიაში მოებნეს და მეორე უკრაინულ ჯარში. სააკაშვილი როგორც პოლიტიკური ფიგურა დამთავრებულია, მაგრამ როგორც პოლიტიკური რუპორი და პოლიტიკური ნაგვის გადამამუშავებელი მანქანა ჯერკიდევ არსებობს და მას ყოველთვის გამოიყენებენ ბინძური თამაშებისთვის ისევ და ისევ რუსეთი. მოგეხსენებათ, რუსეთში 30 გადაცემაში მაინც მივიღე მონაწილეობა, როგორც პოლიტოლოგმა. ენისა თუ სხვადასხვა პრობლემების გამო, საქართველოდან ერთადერთი ვარ, რომელიც რუსულ გადაცემებში იღებს მონაწილეობას. როდესაც ამას დავთანხმდი, ბევრი ვინერვიულე, იმიტომ, რომ უნდა შეძლო შენი ქვეყნის საუკეთესოდ წარმოჩენა. ყველა სტუდიაში ვყვებოდი, რომ ასე ვიბრძვით, ამდენს მივაღწიეთ, რომ ჩვენი ეკონომიკა ასე გაძლიერდა, მაგრამ  როგორც კი სააკაშვილზე დავაპირებდი აუგის თქმას, მეუბნებოდნენ, რომ ეს მათთვის უინტერესოა. ხაზგასმით ვამბობ, რეალური საქმეები არ აინტერესებდათ იქნებოდა ეს  ფოტორეპორტიორების საქმე, ციხის ამბოხი თუ სხვა, ყველაფერს უარყოფდნენ და მეუბნებოდნენ ეს არა, მისი ქალები, მასაჟისტები და ვოიაჟები გვაინტერესებსო. მე სააკაშვილისპირადი ცხოვრება არ მაინტერესებს და ამაზე არასოდეს არც ერთი სიტყვა არ მითქვამს, მაგრამ ჭკვიანი ადამიანი ხომ მიხვდება, რომ მეათეხარისხოვანზე გადაჰქონდათ ყურადღება, საპნის ბუშტივით საქმეები აინტერესებთ და რეალური საქმეები არა.
_ რატომ?
_  იმიტომ, რომ მათი აგენტია. რუსეთში არც ერთი გადაცემა პირდაპირ ეთერში არ გადის, მათ შორის, არც ის გადაცემა, რომელსაც პირდაპირი ეთერი ქვია, ამიტომ ადგილებს, სადაც სააკაშვილზე, როგორც დამნაშავეზე ვსაუბრობდი და არგუმენტირები მომყავდა, როდესაც  ვეუბნებოდი, რომ სააკაშვილმა ჩვენი ენერრგორესურსები ხონჩით მოგართვათ, ამას არ უშვებდნენ ეთერში და ჭრიდნენ.
_ სააკაშვილს უკვე მისი მომხრეებიც კი უწუნებენ სიმამაცეს. საყვედურობენ, რომ სიმამაცით რუსეთში ნავალნიმ, საქართველოში კი მელიამ აჯობა..
_ მელიას ვაჟკაცობა იქნებოდა, რომ ეთქვა, დარტყმის ქვეშ არ დავაყენებ ახალგაზრდებსო და ციხეში ჩამჯდარიყო.  რეალურად რას ვხედავთ? პირველ რიგში ახალგაზრდები, მერე ქალები, ოპოზიციური პარტიები და შენ სადღაც ბოლოში ხარ მიყუჟული. წინა ხაზზე მყოფ ახალგაზრდებში რამდენიმე ჩემი სტუდენტი ამოვიცანი, ნიჭიერი და კარგი ადამიანები არიან და საშინელებაა, როცა ვიღაც მათ ზურგებს ეფარება. ამ დროს უნდა ჩაჯდე და მე მაქვს ამის თქმის უფლება, იმიტომ, სასჯელი მოვიხადე და მოდულის შენობაში ვიჯექი, მაშინ, როცა იქ ხალხს ფატრავდნენ. შემეძლო ჩემს დაჭერაზე ერთი ამბავი ამეტეხა, მაგრამ წავედი და მოვიხადე.  ვაჟკაცობა ისაა, ციხიდან რომ აგრძელებ ბრძოლას. ნელსონ მანდელები და სხვები მაგალითად რომ მოჰყავთ, ის ხალხი თბილი ოფისებიდან არ იბრძოდა და წინ ქალები და ახალგაზრდები აფარებული არ ჰყავდა. ეს კვაზი ვაჟკაცობა და კვაზი ერთობაა. დროა, აღიარონ, რომ აღარ არსებობენ, როგორც ოპოზიციური პარტია. რომ მათ რიგებში ძალიან მძიმე ვითარებაა – ნახევარი შიზოფრენიკები ჰყავთ და ნახევარი ანგაჟირებულები.
_ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით, თქვენს მოლოდინებზე რას გვეტყვით?
_ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც უმძიმეს პერიოდში, მეორედ მოდის პრემიერ მინისტრად, უდიდეს პატივს ვცემ. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული შეხლა-შემოხლა გვქონდა, როცა სასჯელაღსრულების სისტემას თავიდან ვაყენებდით ფეხზე, მადლობელი ვარ, რომ ჩემი მოსაზრებები გაიზიარა. ამ ახალგაზრდა ადამიანს, რომელსაც მოუწევს კოვიდ პანდემიით გამოწვეული  არასწორი მართვის დალაგება, ნაციონალებისთვის ადგილის მიჩენა, საერთაშორისო საზოგადოებასთან ნდობის მოპოვება და ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბება ლომის გული ჰქონია. მე მოსმენილი მაქვს მაქვს ფრანგულ არხებზე მისი ინტერვიუები და შემიძლია გითხრათ, რომ ეს პროფესიონალიზმის ზეიმი გახლდათ. ასეთი ავტორიტეტული ადამიანი გვყავს ქვეყანაში, რომელსაც ასე შეუძლია ფრანგ პოლიტიკოსებთან საუბარი და ამ დროს ჩვენი ტელევიზიები რაღაც სისულელეებს აშუქებენ.
გულწრფელად ვუთანაგრძნობ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც ასეთ რთულ დროს, როცა ყველაფერი გაპარტახებულია, პრემიერობას დათანხმდა. ჩემი პატივისცემა სრული მხარდაჭერა ამ მამაც ადამიანს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close