სხვადასხვა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, საქართველოში ყოველწლიურად დაახლოებით, 450 ადამიანი იღუპება – მესხიშვილი

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, საქართველოში ყოველწლიურად დაახლოებით, 450 ადამიანი იღუპება, რაც საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე 4-ჯერ მეტია. ეს პრაქტიკულად, კატასტროფულ მაჩვენებელს ნიშნავს, – ამის შესახებ საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევების მაღალი მაჩვენებლის მთავარი მიზეზი არის ის, რომ საგზაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ერთი კონკრეტული სტრუქტურა არ არსებობს, რომელიც ჯერ საგზაო შემთხვევების სტატისტიკას აწარმოებდა, შემდეგ მიზეზებს დაადგენდა და ამის შემდეგ პრევენციულ ღონისძიებებს დაგეგმავდა.

„ბოლო 5 წლის განმავლობაში, საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა პრაქტიკულად უცვლელი რჩება და ყოველწლიურად დაახლოებით, 450 ადამიანი იღუპება. წელსაც არ მგონია, საერთო ჯამში დიდი განსხვავება იყოს ციფრებში. ყოველწლიურად 450 დაღუპული ადამიანი არის 4-ჯერ მეტი ვიდრე საშუალო ევროპული მაჩვენებელი. 4-ჯერ მეტი ნიშნავს პრაქტიკულად კატასტროფულ მაჩვენებელს. სხვადასხვა საერთაშორისო გათვლებით, საქართველო როგორც წესი, ყველაზე უარეს შედეგს აჩვენებს ხოლმე, მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნებში და ევროპის ქვეყნების მასშტაბითაც. ხშირად ჩვენ რუსეთთან და სომხეთთან ერთად, ნეგატიურ სტატისტიკაში მოწინავეთა სამეულში ვართ. ეს სტატისტიკა ყველაფერზე მეტყველებს, ჩვენს ქვეყანას აქვს თუ არა პრობლემა,“ – აღნიშნავს დავით მესხიშვილი.

მისივე თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზებში ხვდება სიჩქარის გადაჭარბება, ავტომობილის ტექნიკური გაუმართაობა, არასწორი მანევრირება. ამასთან, ძალიან მაღალი პროცენტული წილი მოდის დაუდგენელ მიზეზებზე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close