Sliderსაზოგადოება

“წელს საერთოდ არ მიბანავია” – სახალხო დამცველის აპარატის დასკვნა სიღნაღის რაიონში მდებარე ხანდაზმულთა სახლის ბენეფიციართა ყოფის შესახებ

შემაშფოთებელ ანტისანიტარულ მდგომარეობასთან ერთად, დაწესებულებას არ აქვს წინასწარ, სპეციალისტის მიერ შედგენილი, ხანდაზმულთა საჭიროებებზე მორგებული კვების მენიუ.

სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფმა კახეთში, სიღნაღის რაიონში მდებარე ხანდაზმულთა სახლის – “ხანდაზმულთა საველე ბეთელი” – მონიტორინგი განახორციელა.

დასკვნის მიხედვით, ბენეფიციარები მძიმე ანტისანიტარულ პირობებში იმყოფებიან. შენობაში გაუსაძლისი და მძაფრი სუნი დგას, ყურადღება არ ექცევა ჰიგიენას. ბენეფიციართა უმეტესობას ძველი, დახეული და ჭუჭყიანი ტანსაცმელი აცვია.

დაწესებულება არ უზრუნველყოფს პირადი ჰიგიენის საშუალებებს და პირადი ჰიგიენის დაცვას,  ბენეფიციარებს არ აქვთ ბანაობის შესაძლებლობა. ერთ-ერთი ხანდაზმულის თქმით, მიმდინარე წელს საერთოდ არ უბანავია.

“ხანდაზმულთა სახლს არ აქვს ადეკვატური ინფრასტრუქტურა. აქ არის მხოლოდ ერთი სააბაზანო ოთახი, რომელიც განკუთვნილია ყველა ბენეფიციარისთვის, სველ წერტილებში კი საშინელი ანტისანიტარიაა.

დაწესებულება უგულებელყოფს ხანდაზმულთა ჯანმრთელობის დაცვას. კერძოდ, არ აქვს ექიმის კადრი, არსებული მცირე სამედიცინო დოკუმენტაცია არასრულია.

შემაშფოთებელ ანტისანიტარულ მდგომარეობასთან ერთად, დაწესებულებას არ აქვს წინასწარ, სპეციალისტის მიერ შედგენილი, ხანდაზმულთა საჭიროებებზე მორგებული კვების მენიუ. შესაბამისად, მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა ვერ შეძლეს საკვების კვებითი ღირებულების შეფასება.

ხანდაზმულთა სახლის პერსონალს არ აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია, კერძოდ, არ აქვთ გავლილი ხანდაზმულთა მოვლისთვის აუცილებელი ტრენინგები. ყურადსაღებია, რომ დაწესებულებას არ ჰყავს კაცი მომვლელი, რომელიც უზრუნველყოფდა კაცი ბენეფიციარების მოვლას ისე, რომ არ შელახულიყო ხანდაზმულთა ღირსება. უნდა აღინიშნოს, რომ დაწესებულებაში მომუშავე პერსონალის ანაზღაურება ყველაზე დაბალია, სახალხო დამცველის აპარატის მიერ შემოწმებულ და შესწავლილ სხვა ხანდაზმულთა სახლებთან შედარებით.

იკვეთება ხანდაზმულთა დიფერენცირება, მათი როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური ჯანმრთელობის მიხედვით. აღნიშნული აღვივებს ბენეფიციართა შორის დაპირისპირებასაც.

შესამჩნევია, ადმინისტრაციის მიმართ შიში და უნდობლობა. ადმინისტრაციის თანდასწრებით, ხანდაზმულები არ გამოთქვამდნენ წუხილს და ერიდებოდნენ მათთვის მნიშვნელოვან პრობლემებზე საუბარს. ხოლო, მარტო დარჩენის შემთხვევაში, მონიტორინგის ჯგუფთან აფიქსირებდნენ დაწესებულებაში ცხოვრების გამოწვევებს”, – აღნიშნულია მონიტორინგის ჯგუფის განცხადებაში.

ხანდაზმულთა არასათანადო, ღირსების შემლახველ მდგომარეობაში ყოფნის გამო ომბუდსმენმა მიმართა ჯანდაცვის მინისტრს და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა სააგენტოს, მყისიერად მოახდინოს რეაგირება ზემოაღნიშნულ დარღვევებზე და დაუყოვნებლივ უზრუნველყოს დაწესებულებაში მყოფი ხანდაზმულების გადაყვანა სხვა დაწესებულებებში, სადაც მათ ღირსეული პირობები ექნებათ.

წნორის ხანდაზმულთა სახლში ცხოვრობს 21 ხანდაზმული, მათგან 17 ბენეფიციარის მომსახურებას სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო აფინანსებს. 2 პირს მუნიციპალიტეტი აფინანსებს, ორი თვითდაფინანსებაზეა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close