პოლიტიკა

ძალადობა და სიძულვილი კლავს ჩვენს ქვეყანას, მის მომავალს.. დავამარცხოთ სიძულვილი და ერთმანეთის მტრობა – კახა კალაძე

 

“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებაზე, მმართველი გუნდის კანდიდატმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს მიმართა.

კახა კალაძემ დაგმო ძალადობა ჟურნალისტების მიმართ, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ არანაკლები ბოროტებაა ფსიქოლოგიური ძალადობა, რომელიც, მისი თქმით, სხვადასხვა ტელევიზიის ეთერიდან წლებია ისმის.

„მინდა მოგესალმოთ მედიის წარმომადგენლებს და მოგმართოთ, როგორც მერობის კანდიდატმა, როგორც მოქმედმა მერმა, მმართველი გუნდის წევრმა, როგორც მოქალაქე კახა კალაძემ და კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც ჩვენს ქალაქში სამწუხაროდ, 5 ივლისს განვითარდა. რასაკვირველია, ძალადობა და სიძულვილი კლავს ჩვენს ქვეყანას, მის მომავალს და ყველა ის ადამიანი, ვინც 5 ივლისს გიმეტებდათ თქვენ, გირტყამდათ, ძალადობდა, აზიანებდა ქვეყნის განვითარებასა და ჩვენს ხვალინდელ დღეს. ეს დასჯადი ქმედებაა და ეს ყველაფერი სამარცხვინოა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის შეფასებით, ფიზიკურ ძალადობასთან ერთად, არანაკლები ბოროტებაა ფსიქოლოგიური ძალადობა.

„არანაკლები ბოროტებაა ფსიქოლოგიური ძალადობა, რასაც, სამწუხაროდ, ადგილი აქვს ჩვენ საზოგადოებაში. ხშირად ვისმენთ სხვადასხვა ტელეეთერიდან ადამიანების დამცირებას, ცილისწამებას, მათ ბულინგს მხოლოდ და მხოლოდ განსხვავებული პოლიტიკური თუ სხვა ნიშნის გამო. ამიტომ, როდესაც ხვალინდელ თბილისზე ვსაუბრობთ, ჩემი, თქვენი და ყველას სურვილი უნდა იყოს ერთი – დავამარცხოთ სიძულვილი და ერთმანეთის მტრობა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close