Slider

„შენც სუ და მეც სუ!“ – ეს იყო შეთანხმება ოცნებასა“ და ნაცებს შორის, თუმცა შემდეგ მოპარული პროცენტები ვეღარ გაიყვეს“ – ზურაბ ვახანია

ქართველი საზოგადოების დამოკიდებულება არჩევნებისა და პოლიტიკური პარტიების მიმართ

გაყალბდა თუ არა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, როგორია მოსახლეობის განწყობა პოლიტიკური პარტიების საქმიანობისა და ოპოზიციური პარტიების ბოიკოტის რეჟიმის მიმართ – ამ და სხვა კითხვებზე პასუხის მისაღებად 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში და 2021 წლის იანვარში რამდენიმე პედაგოგმა და 80-მა სტუდენტმა საქართველოს მოსახლეობის გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხვის შედეგებსა და მოსახლეობის განწყობაზე „პროგრესნიუსს“ იდეის ავტორი, დ. უზნაძის სახ. საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოების თავმჯდომარის  მოადგილე, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი ზურაბ ვახანია ესაუბრა:

_ გამოკითხვა, რომელმაც  ჩვენთვის საინტერესო კითხვებზე სრული და ამომწურავი პასუხი გაგვცა, 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში და 2021 წლის იანვარში,  80 სტუდენტისა და რამდენიმე მასწავლებლის დახმარებით ჩავატარეთ. გამოკითხვაში მონაწილეობა 2901-მა მოქალაქემ მიიღო, მათგან 32 %-მა უარი თქვა პასუხების გაცემაზე. ამის მთავარ მიზეზად ასახელებდნენ იმას, რომ არჩევნებზე არ ყოფილან, ანდა პოლიტიკა არ აინტერესებთ. ჩვენ ვუხსნიდით, რომ ასეთი პასუხიც მისაღებია, ვიმეორებდით ანონიმურობის პირობას, თუმცა ამის შედეგად უარისმთქმელთა მხოლოდ 1/4 დაგვთანხმდა მონაწილეობაზე. ამიტომ საბოლოოდ მონაწილეობდა 2205 რესპონდენტი, ხოლო 24 %-მა უარი თქვა.
ვინაიდან მე თავად ვიყავი წარდგენილი პარლამენტარობის კანდიდატად სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით, მიკერძოების ასაცილებლად კვლევის ჩატარების ინსტრუქციაში ასეთი მოთხოვნა გვქონდა: „არ გამოკითხოთ ისეთი ადამიანი, რომელთანაც გისაუბრიათ ჩვენი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის შესახებ.“ რესპონდენტებს შორის არ ყოფილან ჩემი ნაცნობები და მხარდამჭერები.

გამოკითხვამ საქართველოს ყველა რეგიონი მოიცვა, სხვადასხვა ასაკის რესპონდენტები. ვერ მოვძებნეთ ჩვენი გამოკითხვის მსგავსი სხვა კვლევა, რათა შედეგები შეგვედარებინა. ამას ინტერესით გავაკეთებდით. NDI-ს მიერ დეკემბერში ჩატარებული კვლევა მხოლოდ რამდენიმე საკითხში თანაიკვეთება ჩვენს კვლევასთან და მას პარალელურად წარმოვაჩენთ. საინტერესოა, რომ გამოკითხვაზე უარი NDI-ს კვლევაშიც 24 %-მა თქვა, რაც ზუსტად ემთხვევა ჩვენს პირველ შედეგს.

ყველა შედეგი მოცემულია პროცენტებში (დამრგვალებულად).

  1. რა აზრისა ხართ გაყალბებაზე?

ა) არჩევნები თითქმის არ გაყალბებულა, მხოლოდ ტექნიკური ხარვეზები იყო   21

ბ) არჩევნები გაყალბდა, მაგრამ ამას შედეგები მნიშვნელოვნად არ შეუცვლია      19

გ) გაყალბებამ შედეგები მნიშვნელოვნად შეცვალა           35

დ) არ ვიცი / უარი პასუხზე                                                  25

  1. არჩევნების პირველ ტურში მონაწილეობდი? რომელ პარტიას მიეცი ხმა?

ა) არჩევნებში არ ვმონაწილეობდი / არჩევნებზე ვიყავი, 6

მაგრამ ხმა არავისთვის მიმიცია, ბიულეტენი გავაფუჭე

ბ) ხმა მივეცი ….. პარტიას                                                    68

გ) თავი შეიკავა / უარი პასუხზე                                          26

  1. არჩევნები რომ ხელახლა ჩატარდეს, რომელ პარტიას მისცემდი ხმას?

ა) არ მივიღებ მონაწილეობას / ხმას არცერთს არ მივცემ  12

ბ) ხმას მივცემ …… პარტიას                                                  60

გ) არ ვიცი / უარი პასუხზე                                                   28

მაშასადამე, ამჟამინდელ ვითარებაში 40 % ამბობს, რომ არცერთ პარტიას არ დაუჭერს მხარს, ან არ იცის, რომელს მიემხრობა, ან პასუხს უარობს.  NDI-ს კვლევაში ასეთი 54 % იყო. ჩვენი შედეგებით, ხელახალ არჩევნებს უგულებელყოფს ორჯერ მეტი ამომრჩეველი, ვიდრე ოქტომბრის არჩევნებზე იყო. ეს ბუნებრივია, ვინაიდან მრავალ ადამიანს აუცრუვდა გული. ამის გარდა, მოსახლეობის ნახევარზე მეტს მიაჩნია, რომ არჩევნები გაყალბდა, რაც ეჭვქვეშ აყენებს არსებული პარლამენტის ლეგიტიმაციას. ესეც ბუნებრივია, ვინაიდან ჩვენ ვიცით კონკრეტული ფაქტები, მაგალითად: თბილისში, იმერეთში თუ აჭარაში გაქრა მთელი ოჯახების მიერ სოც.-დემ. პარტიისთვის მიცემული ხმები; ყველა რეგიონში მრავლად იყო ე.წ. დაუბალანსებული ოქმები, თანაც ეს ტერმინი „დაუბალანსებელი“ კარგად ვერ გამოხატავს საქმის არსს. საქმე ისაა, რომ ყველა ასეთ ოქმში პარტიებისთვის მიწერილი ხმების ჯამი მნიშვნელოვნად აჭარბებდა არჩევნებზე მისულთა საერთო რაოდენობას. „დაუბალანსებლობა“ რომ მხოლოდ მექანიკური შეცდომების ბრალი ყოფილიყო, მაშინ ჯამი ზოგან მეტი უნდა ყოფილიყო და ზოგან _ ნაკლები. მაგრამ როდესაც ყველგან მეტია, აქედან ის გამომდინარეობს, რომ ეს იყო არა შემთხვევითი შეცდომების შედეგი, არამედ სწორედ ცალი მიმართულებით მიკერძოებული დამახინჯების შედეგი (მართლაც, რით ვეღარ ისწავლიდნენ კალკულატორის გამოყენებას?! თანაც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები ხომ ამოწმებდნენ?!).  მარტივად რომ ვთქვათ: ეს იყო ზედმეტად ჩაყრილი ბიულეტენების შედეგი. საქმე ისაა, რომ საარჩევნო უბნები ოფიციალურად იღებენ გაცილებით მეტ ბიულეტენს, ვიდრე ოფიციალურად დარეგისტრირებულ ამომრჩეველთა მაქსიმალური რაოდენობაა. ამას ისიც ემატება, რომ არჩევნებზე ყველა არ მიდის. მაშასადამე, საუბნო კომისიას რჩება უამრავი გამოუყენებელი ბიულეტენი, რაც გაყალბების ფართო გზას აჩენს (ახალმა საარჩევნო კანონმა ეს უნდა აღკვეთოს! მაგალითად, ხმების ელექტრონული დათვლით). მართლაც, ჩვენ ვიცით კონკრეტული ფაქტები, რომ მე-9 კლასელ ბავშვებს შეავსებინეს ცარიელი ბიულეტენები და ჩააყრევინეს ბიულეტენების ყუთში.

გავითვალისწინეთ საზოგადოების ძლიერი პოლიტიკური პოლარიზაცია. ამიტომ ჩვენი კითხვანი მოიცავდა აგრეთვე მე-4 შეკითხვას _ ყველაზე მიუღებელი სამი პარტიის დასახელებას. ამან მნიშვნელოვანი ახალი მონაცემები და კანონზომიერება გამოავლინა. გამოვლინდა აგრეთვე პარტიების რეალური რეიტინგი _ ესაა მხარდამჭერთა პროცენტს გამოკლებული მძაფრ მოწინააღმდეგეთა პროცენტი (არჩევნებში მონაწილე მოსახლეობაში). ეს გაცილებით უკეთ გვიჩვენებს საზოგადოების დამოკიდებულებებს, ვიდრე მხოლოდ დადებითი რეიტინგი ანუ მხარდამჭერთა პროცენტი. მართლაც, ვთქვათ, რომელიღაც პარტიას მოსახლეობის 15 % გულწრფელად ემხრობა, მაგრამ 70 %-ს ეს პარტია ყველაზე უარეს, ყველაზე მიუღებელ პარტიად მიაჩნია. ხოლო მეორე პარტიას 10 % ემხრობა, ხოლო ყველაზე მიუღებელ პარტიად მხოლოდ 2 %-ს მიაჩნია. განა პირველი პარტია უფრო პოპულარულია, ვიდრე მეორე?! ცხადია, რომ მხოლოდ 15 % და 10 % მცდარ წარმოდგენას გვიქმნის, იმისგან დამოუკიდებლად, თუ არჩევნებში ეს ორი პარტია რამდენ-რამდენ პროცენტს მიიღებს.

არ დარჩენილა არცერთი პარტია, თუნდაც ყველაზე უცნობი, რომელიც ჩვენს გამოკითხვაში არ დასახელებულა (დადებით ან უარყოფით კონტექსტში). ეს ჩვენი რესპონდენტების კარგ წარმომადგენლობითობას და, შესაბამისად, გამოკითხვის სანდოობას ასაბუთებს.

მთავარი ცხრილის მე-3 სვეტში მოცემულია თვითეული პარტიის ის პროცენტი, რომელიც „ცესკომ“ დაამტკიცა. მე-4 სვეტში _ ჩვენი გამოკითხვის შედეგი ანუ რეალური პროცენტი; მე-5 სვეტში _ ამ ორი პროცენტის სხვაობა (რომელ პარტიასაც ეს სხვაობა არ უწერია, მასთან სხვაობა უმნიშვნელოა); მე-6 სვეტში _ პასუხები შეკითხვაზე „ხელახალ არჩევნებში რომელს მისცემდით ხმას?“ ანუ დადებითი რეიტინგი; მე-7 სვეტში _ პასუხები შეკითხვაზე „რომელია ყველაზე მიუღებელი სამი პარტია“ ანუ უარყოფითი რეიტინგი; მე-8 სვეტში _ ამ ორი პროცენტის სხვაობა ანუ პარტიის რეალური რეიტინგი. ვიმეორებთ, რომ ყველა რიცხვი მხოლოდ ქართველ საზოგადოებას შეესაბამება, ანუ საქართველოს მოსახლეობის 84 %-ს (ეროვნულ უმცირესობათა შედეგების ექსტრაპოლაციას მხოლოდ „ქართული ოცნებისა“ და ნაცებისთვის ჩავატარებთ _ იხ. ქვემორე).

ჩვენი ცხრილი კარგად და სანდოდ გვიჩვენებს ქართველი საზოგადოების დამოკიდებულებებს. თუმცა ჩვენს რესპონდენტებს შორის თითქმის არ ყოფილან ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლები. მაგრამ ეს ხარვეზი  ექსტრაპოლაციით შეივსება ნაწილობრივ. საქართველოს მოსახლეობაში ეროვნულ უმცირესობათა ჯამური წილია 16 %. შესაბამის რაიონებში ამომრჩეველთა აქტიურობის პროცენტი, ცესკოს მონაცემებით, საშუალოდ 60 % იყო. ესეიგი არჩევნებში მონაწილე ეროვნულ უმცირესობათა ჯამური წილია 16 %-ის 60 % ანუ 9,6 %.  მათ უდიდეს უმრავ­ლე­სო­ბას, დავუშვათ 89 %-საც კი ხმა რომ მხოლოდ „ქართული ოცნებისთვის“ მიეცა, მაშინ „ქართული ოცნება“ მო­აგროვებდა დამატებით კიდევ 8,5 %-ს, ანუ სულ 31,5 % + 8,5 % = 40 %.  ხოლო ეროვნულ უმცირესობათა თუნდაც რომ 2/3-ს ანუ 67 %-ს ხმა რომ მხოლოდ ნაცებისთვის მიეცა, მაშინ ნაცებს ექნებოდათ დამატებით კიდევ 6,3 %, ანუ სულ 16,7 % + 6,3 % =  23 %. ცხადია, ეს 40 % და 23 % არის მხოლოდ თეორიული მაქსიმუმები, რადგან სინამდვილეში არც „ქართულ ოცნებას“ ექნებოდათ 89 % და არც ნაცებს _ 67 %. მაგრამ თუნდაც რომ დავუშვათ ეს არარეალურად გაზ­ვი­ადებული ვარიანტები, „ქართული ოცნებისა“ და ნაცების მაქსიმალური პროცენტებია შესაბამისად 40 % და 23 %.

და ბოლოს, გამოკითხვის ანალიზი და დასკვნები –       არჩევნებში მონაწილე თითქმის 60 პარტიიდან მხოლოდ „ქართული ოცნებისა“ და ნაცების შედეგებია მნიშვნელოვნად გაბერილი, ხოლო ყველა სხვა პარტიის შედეგები რეალურთან შედარებით შემცირებულია ან მიახლოებით მართებულია. მაშასადამე, არჩევნების დროს „ქართული ოცნებაც“ და ნაცებიც შეძლებისამებრ აყალბებდნენ, იყენებდნენ რა ყველა შესაძლო ხრიკს, ვისაც რა შეეძლო, სადაც შეეძლო და რამდენადაც შეეძლო. ამას ადასტურებს კიდევ ერთი ფაქტი. არჩევნების დღეს მთელი დღის განმავლობაში ნაცებს ყვირილი არ აუტეხიათ იმაზე, რომ არჩევნები ყველგან ყალბდება. იყო მხოლოდ მცირერიცხოვანი ცალკეული საჩივრები, ისიც უმეტესად მაჟორიტარებთან დაკავშირებით. ხმაურიანი მასობრივი აღშფოთება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც მთავრობამ ეგზიტპოლების შედეგები გამოაცხადა და ნაცები უკმაყოფილო დარჩნენ მათთვის მიწერილი პროცენტით. მაგრამ არჩევნები ხომ დღის განმავლობაში ყალბდებოდა, ნაცებს კი ყველა საუბნო კომისიაში ჰყავდათ წევრები. მაშ რატომ იყვნენ ჩუმად? პასუხი ადვილია: „შენც სუ და მეც სუ!“ არსებითად, ეს იყო დაუწერელი შეთანხმება „ქართულ ოცნებასა“ და ნაცებს შორის, თუმცა შემდეგ მოპარული პროცენტები ვეღარ გაიყვეს.

შედეგები გვიჩვენებს, რომ გაყალბებით ყველაზე მეტად „გირჩი“ დაზარალდა. ეს შედეგი კიდევ ერთხელ განამტკიცებს ჩვენი გამოკითხვის მიუკერძოებლობას, ვინაიდან „გირჩი“ ჩვენთვის ერთერთი ყველაზე უფრო მიუღებელი პარტიაა. თუმცა სიმართლე ისაა, რომ ამ პარტიას უეჭველი მხარდაჭერა აქვს (ცხადია, ძირითადად ახალგაზრდებში). ძლიერ დაზარდალდნენ აგრეთვე: ნინო ბურჯანაძე, დავით ჭიჭინაძე და სოციალ-დემოკრატები. სამივეს გადალახული ჰქონდა ბარიერი, მაგრამ გაყალბების გამო პარლამენტში ვერ მოხვდნენ (ნინო ბურჯანაძის პარტიაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, მაგრამ სიმართლეს ვერ დავმალავთ). დაზარალდნენ აგრეთვე: ევროპული საქართველო, თამაზ მეჭიაური, პატრიოტები, შალვა ნათელაშვილი, კახა კუკავა და ლელო. სხვა პარტიების შემთხვევაში სხვაობა მცირეა და მას ჩვენი გამოკითხვის სიზუსტე სანდოდ ვერ აჩვენებს. თუმცა საერთო ტენდენცია მაინც ჩანს: ერთის გარდა ყველა მცირე პარტიას დაკლებული აქვს პროცენტი. ეს რომ მხოლოდ სიზუსტის ცდომილების გამო ყოფილიყო, მაშინ ზოგისთვის ნაკლები უნდა ყოფილიყო და ზოგისთვის _ მეტი, შემთხვევითად. მაშასადამე, ორმა დიდმა პარტიამ, რომლებსაც ყველა საუბნო თუ საოლქო საარჩევნო კომისიაში ჰყავდათ წარმომადგენლები, დანარჩენ პარტიებს მოჰპარეს ხმები.

ამ ყოველივეს მიუხედავად, პირველ ადგილზე მაინც უეჭველად  „ქართული ოცნებაა“, ის მკვეთრად უსწრებს ყველა სხვას. „ქართული ოცნების“ პირველობა მყარიცაა _ ხელახალ არჩევნებშიც შენარჩუნდება. ამჟამად მას არჩევნებში მონაწილეთა 28,4 % ემხრობა, მეორე ადგილზე მყოფ ნაცებს _ 15,4 %.  ესაა არჩევნებში მონაწილეთა პროცენტები, ხოლო მთელ მოსახლეობაში პროპორციულად უფრო მცირე იქნება _ დაახლოებით 18 % და 9,5 %. NDI-ს კვლევით ეს რიცხვებია: 31 % და 5 %. NDI-ს მონაცემებით, ყველა სხვა პარტიას ერთად ემხრობა მოსახლეობის მხოლოდ 9 %. ჩვენი მონაცემებით _ 35 %. აშკარად ჩანს, რომ NDI-ს მონაცემები მხოლოდ „ქართული ოცნებისკენაა“ ძლიერ გადახრილი. ამის მიზეზი, სავარაუდოდ, შემდეგია. NDI-ს კვლევა შემთხვევით შერჩეულ რესპონდენტებთან სატელეფონო საუბრით მიმდინარეობდა, რესპონდენტები კი არ ენდობოდნენ ანონიმურობის პირობას, ამიტომ მათი უმრავლესობა მთავრობისთვის მოსაწონ პასუხებს იძლეოდა. ხოლო ჩვენს რესპონდენტებში, ნათესაობა-ნაცნობობა-მეზობლობის გამო, ანონიმურობის პირობის ნდობა გაცილებით მეტი იყო. მაშასადამე, NDI-ს კვლევა ნაკლებ სანდოა, ვიდრე ჩვენი. ამას კიდევ ერთი არგუმენტი ასაბუთებს. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა პროცენტი (18 %) ახლოსაა იმ მოსახლეობის პროცენტთან (21 %), რომელსაც მიაჩნია, რომ არჩევნები თითქმის არ გაყალბებულა. სწორედ ეს 18-21 % არის „ქართული ოცნების“ ნამდვილი მხარდამჭერი.

განხილული რიცხვები დადებით რეიტინგებს გამოსახავს. თუმცა საზოგადოების დამოკიდებულებებს, როგორც დავასაბუთეთ ზემორე, გაცილებით უკეთ რეალური რეიტინგები გვიჩვენებს. „ქართული ოცნების“ რეალური რეიტინგია მაქსიმუმ  40 % – 15 % = 25 %.  ხოლო ნაცების რეალური რეიტინგია მაქსიმუმ 23 % – 17 % = 6 %.   თანაც ესაა არჩევნებში მონაწილეთა პროცენტები, ხოლო მთელ მოსახლეობაში პროპორციულად უფრო მცირე იქნება _ სავარაუდოდ, 16 % და 4 %.

გამოიკვეთა საზოგადოების ძლიერი პოლარიზაცია ორი პოლუსით _ „ქართული ოცნება“ და ნაცები. ამასთან, სხვა პარტიების დიდ უმრავლესობას უარყოფითი რეალური რეიტინგი აქვს _ ანუ პარტია უფრო მეტი ადამიანისთვისაა მიუღებელი, ვიდრე მისაღები (გამონაკლისია მხოლოდ გირჩი, ლელო, სოციალ-დემოკრატები, ზვიად ძიძიგური, „ზვიადის გზა“, ალეკო ელისაშვილი). თანაც მაღალი დადებითი რეიტინგის მქონე ყველა პარტიას ასევე მაღალი აქვს უარყოფითი რეიტინგიც. ანუ რაც უფრო მეტი ადამიანი უჭერს მხარს პარტიას, მით უფრო მეტ სხვა ადამიანს სძულს ეს პარტია. მაშასადამე, ამომრჩეველთა დიდი ნაწილისთვის მხარდაჭერაც ძირითადად სიძულვილს, მიუღებლობას ემყარება: „ქართული ოცნების“ სიძულვილით ემხრობიან ნაცებს ან მათ სატელიტებს და პირუკუც _ ნაცებისა და მათი სატელიტების სიძულვილით ემხრობიან „ქართულ ოცნებას“ (ანუ ეს ორი პარტია, არსებითად, ერთმანეთს ასულდგმულებს და აძლიერებს). ამ გამარტივებულ-გაუხეშებულ თეთრ-შავ და პიროვნებებზე ცენტრირებულ ზერელე დამოკიდებულებებში იკარგება სხვადასხვა პარტიის არამარტო იდეოლოგია, არამედ მათი სახელწოდებებიც კი. გამოკითხვამ გვაჩვენა, რომ მოსახლეობის უმრავლესობამ პარტიების სახელწოდებებიც კი არ იცის და მით, უმეტეს, იდეოლოგია; განიხილავენ მხოლოდ ზოგიერთი პარტიის ლიდერს და ამ ლიდერის მიმართ ზერელე სუბიექტური მოწონება-არმოწონებით აფასებენ დანარჩენ ყველაფერს. ეს ყოველივე განუვითარებელი სამოქალაქო შეგნებისა და უდაბლესი პოლიტიკური კულტურის მაჩვენებელია. ცხადია, ამას ისიც ემატება, რომ საჯარო დაწესებულებებში მომუშავეთა და მათ ახლობელთა უზარმაზარი რაოდენობა არსებულ მთავრობას უჭერს მხარს, თანაც ყოველგვარი „ადმინისტრაციული წნეხის“ გარეშეც (ჩვენმა გამოკითხვამაც ამის უამრავი მაგალითი გვიჩვენა).

თუმცა, მეორე მხრივ, ნაცებისა და მათი სატელიტების ჯამური პროცენტი გაცილებით მეტია, ვიდრე „ქართული ოცნებისა“. წარმოვიდგინოთ, რომ არჩევნები გაუყალბებლად ჩატარებულიყო. მაშინ პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ დაახლოებით 32 % ექნებოდა, ნაცებსა და მათ ბარიერგადალახულ სატელიტებს _ 44 %. დანარჩენი 24 % კი ასე განაწილდებოდა: პატრიოტები _ 4 %, სოციალ-დემოკრატები _ 3 %, ნინო ბურჯანაძე _ 2 %, დავით ჭიჭინაძე _ 1,3 %, თამაზ მეჭიაური _ 1 %, კახა კუკავა _ 1 % … … და იქნებოდა კოალიციური პარლამენტი და კოალიციური მთავრობა.

ერთი საიმედო ტენდენცია მაინც გამოიკვეთა: ხელახალი არჩევნებისთვის პოლარიზაციის შემცირებაა მოსალოდნელი. ანუ „ქართულ ოცნებასა“ და ნაცებს ნაკლები ამომრჩეველი დაუჭერს მხარს და მათი ხმები ან დაიკარგება/გაყალბდება (ვინც არ მივა არჩევნებზე), ან სხვა, მათ შორის მცირე პარტიებზე გადანაწილდება. ყველა შემთხვევაში, საარჩევნო კანონი, წესები და ინსტრუქციები მნიშვნელოვნად უნდა შეიცვალოს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close