Slider

ქრისტეშობა საქართველოში – შობის მახარობლებმა მოსახლეობას დღესასწაული გალობით მიულოცეს

თბილისსა და რეგიონებში ტრადიციული საშობაო ალილო ავტომობილების მსვლელობით იმართება.

პანდემიის გამო მსვლელობა წელსაც განსხვავებული ფორმატით ტარდება. მორწმუნეები და სასულიერო პირები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, საიდანაც თბილისის ქუჩებში ავტომობილებით მსვლელობა დაიწყო. სამღვდელოება მოსახლეობას მანქანებიდან დალოცავს და ნაკურთხ წყალს ასხურებს. მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება, სადაც 16:00 საათზე, სასულიერო პირები ქრისტესშობის სამადლობელი პარაკლისს გადაიხდიან.

რესპუბლიკის მოედანზე კარავია დადგმული, სადაც საჩუქრები და ტკბილეული გროვდება. მსურველებს საშობაო ნობათის მიტანა სამების ახალგაზრდულ ცენტრშიც შეუძლიათ. შეგროვებული ნუგბარი კი ბავშვთა სახლებსა და მოხუცთა თავშესაფრებში გადანაწილდება.

რესპუბლიკის მოედანზე უკვე იმყოფებოდნენ მთავრობის წევრები, თბილისის მერიის წარმომადგენლები, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დეპუტატებთან ერთად. მათ ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს.

ქუთაისი

ქრისტეს შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქუთაისში ალილოს ტრადიციული მსვლელობა გაიმართა.

შობის მახარობლები ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოანემ სასულიერო პირებთან ერთად დალოცა.

საშობაო მსვლელობას შეუერთდნენ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია.

„ვულოცავ ქუთაისს, მთელს იმერეთსა და საქართველოს შობის დღესასწაულს. სასიამოვნოა ის, რომ ძალიან კარგი ტრადიცია აღვადგინეთ წელს, როგორც ქუთაისში ასევე, იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში იმართება საშობაო მსვლელობა და ჩვენს მოსახლეობას, ვჩუქნით სასიამოვნო საშობაო წუთებს“, – ზვიად შალამბერიძე.

შობის მახარობლებმა ქუჩაში მსვლელობითა და გალობით მოსახლეობას დღესასწაული მიულოცეს, შეგროვილ სურსათ-სანოვაგეს სხვადასხვა დღის ცენტრის ბენეფიციარებს დაურიგებენ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close