სამართალი

სხვისი ნახმარი პიჯაკების ტარებას გირჩევნიათ, ის 9 მილიონი ზარალი აანაზღაუროთ, რაც ბიუჯეტს მოპარეთ – პროკურორი

თემურ ჯანაშიამ სხდომაზე მიიტანა პიჯაკები, რასთან დაკავშირებითაც ადვოკატები ამბობენ, რომ პრეზიდენტს სწორედ ამ პიჯაკების ყიდვას ედავებიან

სხვისი ნახმარი პიჯაკების ტარებას გირჩევნიათ, ის 9 მილიონი ზარალი აანაზღაუროთ, რაც ბიუჯეტის მიმართ არსებობს, – ამის შესახებ საბიუჯეტი თანხების გაფლანგვის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილის და თემურ ჯანაშიას ბრალდების საქმეზე პროცესი ხმაურით მიმდინარეობს. მხარეები პროკურორების აცილების შუამდგომლობაზე კამათობენ.

ადვოკატებისთვის გაუგებარია, რატომ ახსენა პროკურორმა გიორგი მუჯირმა ინტერვიუში 26 მაისის საქმე, სადაც ის ამ საქმეში დაზარალებულ მოქალაქეებზე საუბრობდა. პროკურორმა განმარტა, რომ ის ასევე ჩართული იყო 26 მაისის საქმის განხილვაშიც.

გარდა ამისა, თემურ ჯანაშიამ სხდომაზე მიიტანა პიჯაკები, რასთან დაკავშირებითაც ადვოკატები ამბობენ, რომ პრეზიდენტს სწორედ ამ პიჯაკების ყიდვას ედავებიან. თუმცა, პროკურორების თქმით, მილიონობით ლარი იხარჯებოდა, მათ შორის პრეზიდენტის ბოტოქსზე და მისთვის შექმნილ კომფორტსა, თუ ფუფუნებაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოში საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე სასამართლო პროცესს თავად ბრალდებული მიხეილ სააკაშვილიც ესწრება.

პროკურატურა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების გაფლანგვას ედავება. საუბარია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვაზე. აღნიშნულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით გაფლანგვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან 11 წლამდე ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, სდსს-ის უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას და ოთარ ქველიძის მონაწილეობით, მის მიერ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტების გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნით, საიდუმლო ფორმით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი სდსს-თვის გამოყო თანხები. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, 2009 წლის პირველი მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მიხეილ სააკაშვილის დავალებითა და ორგანიზებით, მისი პირადი მიზნებისთვის, აღნიშნული თანხიდან არამიზნობრივად დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367.34 ლარი. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ხარჯების ჩამოწერა სდსს-ის უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას ხელმძღვანელობით განხორციელდა საიდუმლო დოკუმენტებით, რომლებსაც გრიფი „საიდუმლო“ უკანონოდ მიენიჭა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button