ეკონომიკა

საქართველოში ხორბლის მარაგები მინიმალურია, მაისიდან “ბარაქა” არ იმუშავებს, ცოტა ხანში ის სამი წისქვილიც გაჩერდება, რომელიც მუშაობდა

„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას განცხადებით, ბოლო თვეებია ქვეყანაში ხორბალი მინიმალური რაოდენობით შემოდიოდა და შედეგად წისქვილები გაჩერებულია.

როგორც სილაგავამ „ბიზნეს ფორმულასთან“ საუბრისას აღნიშნა, ხორბლის იმპორტიდან ფქვილზე გადართვა საიმპორტო გადასახადის სხვაობამ განაპირობა.

„ სამწუხაროდ, ხორბლის მარაგები მინიმალურია და უახლოეს რამდენიმე დღეში ის სამი წისქვილიც გაჩერდება, რომელიც მუშაობდა“,- აცხადებს სილაგავა.

“თვეების განმავლობაში ვმუშაობდით სამუშაო ჯგუფში, რომელშიც შედიოდა ეკონომიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები. გვქონდა წარდგენილი წინადადებები საგადასახადო რეჟიმების შეცვლასთან დაკავშირებით, რომლითაც ჩვენი აზრით გაუმჯობესდება სიტუაცია, თუმცა იყო აზრთა სხვადასხვაობა, შესაბამისად გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. ახლა წერილი შევიტანეთ პრემიერ-მინისტრთან. ერთადერთი გამოსავალი პრემიერთან შეხვედრა და ჩვენი წინადადების დაყენებაა, რადგან გადამწყვეტი სიტყვა პრემიერის არის“,- აცხადებს სილაგავა.

აღსანიშნავია, რომ შექმნილი ვითარება უკვე აისახა პურის ფასზე. აპრილში პური და პურპროდუქტების წლიურ ჭრილში 28.8%-ით გაძვირდა.

„მაისის ბოლომდე მარაგები გვაქვს. ძველი კონტრაქტებით შემოსული ხორბალი დარჩენილია. შემდეგ წარმოებას გავაჩერებთ“ – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ წისქვილკომბინატ „ბარაქას“ დირექტორი, ლადო ბიძინაშვილი აცხადებს.

„საკმაოდ დიდი ხანია სახელისუფლებო გუნდის წევრებთან შეხვედრებს ვმართავთ. იქნება ეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, თუ ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან. ფაქტია, შედეგი აქამდე არ დადგა. სამწუხაროდ, სახელმწიფოს მხრიდან ნაბიჯების მოლოდინი აღარ გვაქვს. მაისის ბოლოს გაჩერდება წარმოება და მოგვიწევს თანამშრომლების გაშვებაც. ამ ეტაპზე 100 ადამიანია ჩვენი დასაქმებული, რომლებიც წარმოებასა და რეალიზაციაში არიან ჩართული, ალბათ, 70%-ით შევამცირებთ დასაქმებულთა რაოდენობას. ამის შემდეგ, როგორი იქნება ვითარება, იმის მიხედვით გადავეწყობით, როგორც იმპორტის კუთხით, ასევე ადგილობრივი წარმოებაც შეიძლება შევინარჩუნოთ, ძალიან მიზერული ოდენობით“, – განაცხადა ,,ბიზნესპრესნიუსთან“ ლადო ბიძინაშვილმა.

ცნობისათვის, 2022 წლის მარტში საქართველოში ხორბლის იმპორტი ყველაზე დაბალ ნიშნულზე იყო. მარტში ქვეყანაში 9 963 ტონა ხორბალი შემოვიდა (3,197 მლნ დოლარი), ეს კი 2,3-ჯერ ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. თითქმის 11-ჯერ გაიზარდა ფქვილის იმპორტი. 2022 წლის იანვარ-მარტში კი ქვეყანაში შემოვიდა 31 782 ტონა (10,322 მლნ დოლარის ღირებულების) ფქვილი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 3 127 ტონა (916 ათასი დოლარის ღირებულების).
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close