საქართველოში ბავშვების 28% ჭარბწონიანია, 11% – მსუქანი
ბავშვთა ასაკის სიმსუქნის ეპიდზედამხედველობის (COSI) 2022 წლის კვლევის თანახმად, საქართველოში ბავშვების 28%-ში აღინიშნება ჭარბი წონა, ხოლო 11% მსუქანია.
„ბავშვთა ასაკის სიმსუქნის ეპიდზედამხედველობის (COSI) 2022 წლის კვლევის მიხედვით, ბავშვების 28%-ში აღინიშნება ჭარბი წონა (ბიჭების 30% და გოგონების 26%), ხოლო 11% მსუქანია. დაბალია ხილის და ბოსტნეულის მოხმარების მაჩვენებელი”,- აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებულ გაიდლაინში ნათქვამია, რომ ბავშვების სიმსუქნე კავშირშია ზოგიერთი დაავადების გაახალგაზრდავებასთან. მაგალითად, შაქრიანი დიაბეტის მეორე ტიპი 20 წლის წინ ძირითადად მოზრდილებში ვლინდებოდა, ახლა კი სულ უფრო ხშირად ჩანს ბავშვებშიც.
გარდა ამისა, ჭარბწონიანი ბავშვები მოზრდილობაშიც მიდრეკილნი არიან წონის მატებისკენ. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, 10-15 წლის ასაკში მსუქანი ბავშვების 80 % ჭარბ წონას 25 წლის ასაკშიც ინარჩუნებდა.
ჭარბი წონა შაქრიანი დიაბეტის, არტერიული ჰიპერტენზიის, ძვალსახსროვანი, ნევროლოგიური, სიმსივნური დაავადებების, ასთმის სოციალური სტიგმატიზაციის რისკფაქტორია. ასევე მატულობს გულის უკმარისობის ადრეული განვითარებისა და უეცარი სიკვდილის რისკი.