Slider

„სააკაშვილი, როგორც ოპოზიციონერი წარუმატებელია, ამიტომ მისი მთავარი გათვლა დესტრუქციაზე და რევოლუციის მოწყობაზეა“- ამირან სალუქვაძე

ბოლო დროს უკრაინის ოფიციალურ პირებთან დაძაბული ურთიერთობა და კიევიდან დაგეგმილი რევოლუცია – ვინ არის მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციური მოძრაობის მამოძრავებელი თუ შემაფერხებელი ფაქტორი და აქვს თუ არა საქართველოში მორიგი რევოლუციური სცენარის ამოქმედების რესურსი – ამ და სხვა თემებზე „პროგრესნიუსს“ ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე ესაუბრა:

_ უკრაინაში მიმდინარე პროცესებს და იმას, რაც საქართველოში ხდება, ერთმანეთს არ დავუკავშირებდი. ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილი ცდილობს გავლენები არ დაკარგოს და საქართველო სათადარიგო ვარიანტად შემოინახოს. მას ამ პროცესების გარეშე არ შეუძლია. რასაც პოლიტიკურ ცხოველს ეძახიან, ამის ტიპიური წარმომადგენელია, თუმცა, არა კარგი გაგებით. თუ სააკაშვილის პოლიტიკურ ბიოგრაფიას გადავხედავთ, მას ოპოზიციაში ყოფნის დიდი გამოცდილება არ აქვს. შევარდნაძის დროს, იმ ხელისუფლების მაღაჩინოსანი იყო, რომელსაც მერე გამუდმებით ლანძღავდა. სხვათა შორის, ნაციონალები ამ ხელისუფლებას 9 წელზე ლაპარაკს უკრძალავენ და თავად მუდმივად შევარდნაძის და მისი მთავრობის ლანძღვა-გინებით იყვნენ დაკავებული. როგორც გითხარით, სააკაშვილი საკმაოდ მოკლე პერიოდის განმავლობაში იყო შევარდნაძის ოპოზიციაში, ახლა კი 8 წლის განმავლობაში უწევს ოპოზიციის ლიდერობა. ის ფაქტობრივად, ოპოზიციის ფლანგს ერთპიროვნულად მართავს და ვხედავთ, რომ ეს საქმიანობა ქვეყნის გავითარებაზე ორიენტირებული არ არის. მთელი ოპოზიციური საქმიანობა აგებულია მხოლოდ ნეგატივზე და მუდმივ დესტრუქციაზე. შესაბამისად,  ჩვენ ვერ ვხედავთ ხელისუფლების უკეთეს ალტერნატივას, არადა საზოგადოებაში ასეთი მოთხოვნა არსებობს. ყველა კვლევა მიუთითებს, რომ დღეს პოლიტიკურ ველზე დაახლოებით, 30%-დან 50%-მდე თავისუფალი სივრცეა, რომელსაც ადრე თუ გვიან, ვიღაც დაიკავებს, მაგრამ ამ ოპოზიციურ პარტიებს არ ჰყოფნით უნარი, რომ საკუთარ რიგებში თვითგანახლება  და ცვლილებები, ასევე ღირებულებებისა და იდეოლოგიების ნიადაგზე გამსხვილება განახორციელონ,  მაგრამ ეს როგორ უნდა მოახერხონ, როდესაც არც პროგრამები აქვთ, არც იდეოლოგია და არც ღირებულებები. შეხედავ პარტიას, ვიღაც სოციალ დემოკრატია, ვიღაც ულტრამემარჯვენე, ვიღაცას ცენტრისტული იდეოლოგია აქვს და ვერ გაიგებ, რომელი პარტიაა სად დგას, რომელ ფლანგზეა. ჩვენთან კლასიკური გაგებით, ასეთი პოლიტიკური ველი არაა ჩამოყალიბებული. ერთადერთი, რაზეც ისინი აპელირებენ, პრორუსულობა და პროდასავლურობაა, მაგრამ როდესაც ყოფილი ხელისუფლება დასავლურ ღირებულებებზე ლაპარაკობს, ჩვენ გვახსენდება, როგორ დაარღვიეს ხელისუფლებაში ყოფნის დროს ყველა ღირებულება, რომელსაც დასავლური  ქვია. აი, ეს სურათი  გვაქვს ოპოზიციურ ფლანგზე და ამ პროცესებს მართავს მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც 8 წლის განმავლობაში ვერ მოახერხა, რომ ოპოზიცია ხელისუფლების უკეთეს  ალტერნატივად ჩამოყალიბებულიყო. პირიქით, უარეს ალტერნატივად ყალიბდება და შედეგებს ვხედავთ – ოპოზიციამ ამ 8 წლის მანძილზე ყველა არჩევნები წააგო. ეს არის სამი საპარლამენტო, ორი საპრეზიდენტო, ორი თბილისის მერის არჩევნები  და ორი ადგილობრივი.
_ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, ოპოზიციის მუდმივად გაყალბებაზე საუბრობს.
_ მუდმივად ამით მანიპულირებენ. გაიძახიან, რომ ამომრჩეველთა 52%-მა უარი უთხრა ამ ხელისუფლებას, რაც სრული აბსურდია. გერმანიის ბოლო არჩევნებში მერკელმა 30% აიღო და ჩვენი ოპოზიციის ლოგიკით, ეს ნიშნავს, რომ 70%-მა უარი უთხრა? 70%-მა მერკელს კი არ უთხრა უარი, სხვა აირჩია და 6 თუ 7 პარტია შევიდა ბუნდესტაგში. მერკელმა მოიგო ის არჩევნები იმიტომ, რომ პირველ ადგილზე გავიდა და ყველა ქვეყანაში ასეა. რაც შეეხება გაყალბებას, თქმა უნდა, ვერ ამტკიცებენ და ვერც დაამტკიცებენ, რადგან არ ყოფილა. ყველა სადამკვირვებლო მისია, საერთაშორისო პარტნიორები  და ა.შ. მოუწოდებენ, წააგეთ და შედით პარლამენტშიო, მაგრამ მაინც აგრძელებენ. „ენდიაის“ გამოკითხვებს თუ ვენდობით, „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი 5%-მდე შემცირდა, მაგრამ რატომ არ უნდა ვენდოთ? გასაგებია, რომ ამ ორგანიზაციის კვლევებს ხშირად არ ვენდობით, მაგრამ „ენდიაის“ არ უნდა ჰქონდეს იმის სურვილი, რომ ნაციონალური მოძრაობის რეიტინგი შეამციროს. თუ ჩვენ წინასაარჩევნო რეიტინგებს და კვლევებს გადავხედავთ, ნაციონალური მოძრაობა 12%-დან 19%-ის ფარგლებში იყო. მათი  კვლევებითაც კი, 19%-ზე მეტი არ ჰქონიათ. ასე, რომ რაც აიღეს, მათი რეალური ნდობის რეიტინგია. რაც შეეხება დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს, „ფანჩატურში“ შესვლა მათი შეცდომა იყო. სააკაშვილმა ყველა ერთ სივრცეში შეიყვანა და საკუთარ თავთან გააიგივა. ასე ძალიან ბევრმა დაკარგა ხმა, თორემ მე მქონდა მოლოდინი, რომ ზოგიერთები ოდნავ მეტს აიღებდნენ. მაგალითად, „ლელოს“ 3%-ის მაგივრად შეიძლება 5-6% აეღო, ნათელაშვილს კვლევებით ყოველთვის 2-დან 4%-მდე ჰქონდა და 1%-იანი ბარიერი ძლივს გადალახა. ანალოგიურად მოხდა, სხვა პარტიებში. მოკლედ, ეს სურათი გვაქვს შიგნით, ეს განწყობებია და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩემი შეფასებით, ოპიოზიციონერი სააკაშვილი საკმაოდ წარუმატებელია. ამიტომ მისი მთავარი გათვლა არის დესტრუქციაზე, რევოლუციის მოწყობაზე და ა.შ.
_ რეალურად, თუ აქვს ოპოზიციას რევოლუციური სცენარის ამოქმედების რესურსი?
_ მთელ ოპოზიციურ გაერთიანებას 50 და 100 კაცზე მეტი ვერ გამოჰყავს და რომელ რესურსზეა საუბარი? საერთოდ, ხალხის დიდი მასა რაღაც კონკრეტული მიზეზის, მეტწილად ხელისუფლების შეცდომების გამო გამოდის, როდესაც ქვეყანაში ვითარება „ფეთქდება“. მაშინ აღარ უყურებენ რომელმა პოლიტიკურმა ლიდერმა ან პარტიამ დაიძახა. გავიხსენოთ „გავრილოვის ღამის“ მოვლენები ანუ ხალხი ფაქტის გამო მივიდა, თუმცა ნაწილობრივ, მოტყუებული აღმოჩნდა.
_ რას გულისხმობთ?
_ დავიწყოთ იმით, რომ ეს ღონისძიება პარლამენტში არ უნდა ჩაეტარებინათ. შეეძლოთ  სადმე გასვლითი სხდომა დაეგეგმათ ან თელავში ან ბაკურიანში ან სადმე და ამით ყველაფერი დამთავრდებოდა. ეს იყო შეცდომა, რომელიც ხელისუფლებამ დაუშვა და მოსახლეობისგან საკადრისი პასუხი მიიღო, მაგრამ თუ იმ დღის საინფორმაციო გამოშვებებს ნახავთ, ჩანს, რომ მოსახლეობას ინფორმაცია ისე მიაწოდეს, თითქოს ქვეყანაში ოკუპაცია გაფორმდა. აქციაზე მისული ადამიანების უმეტესობას ეგონა, რომ სპიკერის სავარძელში ჩაჯდა კი არა, რუსმა გავრილოვმა თანამდებობა დაიკავა. მე იმ დღეს პარლამენტთან პირდაპირი ჩართვები მქონდა, მაგრამ როგორც კი შტურმი დაიწყო, ეს ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი გახდა და კომენტარებთან და შეფასებებთან დაკავშირებით პოზიცია მთლიანად შემეცვალა. როდესაც ხედავ, რომ პოლიტიკური ძალები დესტრუქციურ ძალებად ყალიბდებიან, პირადად მე ერთ სიტყვასაც არ დავძრავ მათ სასარგებლოდ. პარლამენტზე შტურმი კატეგორიულად მიუღებელი იყო და ჩვენ ვნახეთ, რომ ამერიკაში ანალოგიურ პროცესებს შიდა ტერორიზმი უწოდეს.  ასე, რომ ქუჩაში ხალხის გამოსვლისთვის საზოგადოებაში განსაკუთრებული მუხტი  უნდა დაგროვდეს, მაგრამ რევოლუციური მუხტის მხარდაჭერა ოპოზიციას დღეს არ აქვს. შეიძლება ჰქონდეს, ხელისუფლების უკეთეს ალტერნატივას რომ წარმოადგენდეს, მაგრამ ასე არაა. ჩვენ ვხედავთ, რომ მსოფლიოში პანდემიით გამოწვეული მძიმე ეკონომიკური ვითარებაა და ეს ყველაფერი საქართველოში,სოციალურ ფონზე აისახება.  ადამიანებს ესმით, რომ პანდემია, მაგრამ კარგად ცხოვრება სურთ და ამან შეიძლება გარკვეული მუხტი  შექმნას. მეორე მხრივ,  ადამიანი ფიქრობს, თუ წავლენ, ამაზე უკეთესები უნდა მოვიდნენ, ხომ ასეა? ამ უკეთეს ვერ ხედავენ და ეს არის მთელი რეიტინგი. იმიტომ, რომ ადრე მაქვს ნათქვამი და გავიმეორებ. ეს ხალხი, ოპოზიციონერებს ვგულისხმობ,  ასაკში შედის და 2024 წლამდე მოცდა არ უნდა. იცოდნენ, რომ წასვლა მოუწევდათ, რომ ხალხს დავიწყებოდა ის ცუდი, რაც აკეთეს,მაგრამ ვერ წარმოედგინათ, რომ 8 წლის განმავლობაში ვერ  დაბრუნდებოდნენ.
_ სააკაშვილის განცხადებაც, დასაკარგი დრო აღარ გვაქვს, ან გამარჯვება ან ჩვენი შვილების მომავლის სიკვდილიო, ამას მოწმობს. როგორ ფიქრობთ, უკრაინის ოფიციალურ პირებთან ბოლო დროს დაძაბული ურთიერთობა უკრაინული ოდისეის დასასრულს ხომ არ ნიშნავს?
_ კატასტროფაა ასეთი მიდგომა. რაც შეეხება უკრაინაში მის საქმიანობას, მე საქართველოსთან მაინც არ დავაკავშირებდი. ეს ორი პარალელური,  ერთმანეთისგან დამოუკიდებელი პროცესებია. ჩვენ ვიხილეთ უკრაინაში მისი საქმიანობა. პეტრო პოროშენკომ მიიყვანა, იფიქრა გვერდით დაუდგებოდა, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა. სააკაშვილი ყველანაირად ცდილობდა, რომ რაიმე აღმასრულებელ თანამდებობაზე მოხვედრილიყო, მუდმივად ჰქონდა მცდელობა, რომ უკრაინის პრემიერ მინისტრი ან რომელიმე წამყვანი სამინისტროს ხელმღვანელი  გამხდარიყო. მრჩევლობიდან გუბერნიაში გადაინაცვლა და ნახეთ იქ მისი ნამუშევარი რითი დამთავრდა – თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
_ სრული ჩავარდნა..
_ არა მხოლოდ მისი, მთელი ქართული დესანტის. ფაქტობრივად, პირველი რიგის თანამდებობები ჩააბარეს და არაფერი გამოვიდა. ახლაც საკმაოდ საინტერესო სტრუქტურა ჩააბარეს, რომელსაც შეუძლია მიიღოს რეკომენდაციები, რომლებიც შემდგომ გაფორმდება სხვადასხვა უწყებების და მათ შორის, პრეზიდენტის განკარგულებებით, მაგრამ მსგავს საქმიანობას ვერ ვხედავთ. ის აქ იყო მიჩვეული და პირდაპირ ამბობს ინტერვიუში, რომ საქართველოში თქმა და აღსრულება ერთი იყო. ეს იყო შიშზე დაფუნებული წარმატება, რაც უკრაინაში არ გამოდის, ამიტომ როგორც გითხარით, ის ცდილობს და ყოველთვის ეცდება, რომ საქართველოში გავლენები არ დაკარგოს და ეს ქვეყანა  სათადარიგო ვარიანტად შემოინახოს.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close