პოლიტიკა

„რუსთავი2“ რომ ჩაიდო ჯიბეში ბიძინა ივანიშვილმა, მას შემდეგ დაიწყო სასამართლოში პრობლემებზე ღიად საუბარი. ექვსი წლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, იგივე კეზერაშვილთან დაკავშირებით – ხაბეიშვილი

კი ბატონო, ვლაპარაკობდი მის მილიონებზე, რომელიც შესაძლოა, იყო მოპარული, მაგრამ ეს იყო ჩემი აზრი. ამის შემდეგ იყო კეზერაშვილთან დაკავშირებით ევროპული სასამართლოების გადაწყვეტილება, ბევრი რამ შეიცვალა.

2016 წელს ჩემი დამოკიდებულებები მქონდა, მათ შორის „ევროპულ საქართველოსთან“ დაკავშირებით, რაც არ შემცვლია, მაგრამ არ ნიშნავს, რომ პირადი გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე შეიძლება, ვინმესთან არ ვითანამშრომლო. კი ბატონო, ვლაპარაკობდი მის მილიონებზე, რომელიც შესაძლოა, იყო მოპარული, მაგრამ ეს იყო ჩემი აზრი. ამის შემდეგ იყო კეზერაშვილთან დაკავშირებით ევროპული სასამართლოების გადაწყვეტილება, ბევრი რამ შეიცვალა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

აღნიშნული განცხადებით ლევან ხაბეიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში უპასუხა კითხვას, რომელიც ეხებოდა 2016 წელს კეზერაშვილის მიმართ ხაბეიშვილის ბრალდებას.

კერძოდ, საუბარია ლევან ხაბეიშვილის რამდენიმე წლის წინანდელ იმ განცხადებაზე, სადაც ხაბეიშვილი აღნიშნავს: „თქვენ რა გგონიათ, წინა ხელისუფლებამ არჩევნები რატომ წააგო? ესენი იყვნენ ყაჩაღები და მძარცველები და თავის დროზე იმ ხელისუფლებამ ვერ გასცა პასუხი, თორემ ასეთი ხალხი ხელისუფლებაში ვერ მოვიდოდა, ივანიშვილი დღეს ხელისუფლებაში არ იდგებოდა, ეს ყაჩაღები არ იქნებოდნენ. კეზერაშვილმა რომ მოიპარა მილიარდები და ადეკვატური პასუხი არ იყო გაცემული, ეს არის პრობლემა და ეს კეზერაშვილი ხომ არ იცით, დღეს რას აკეთებს? ბიძინა ივანიშვილის კარზე მსახურობს და აფინანსებს ვითომ ოპოზიციას. დაქუცმაცებული, გათითოკაცებული ოპოზიცია არის ხელისუფლებისთვის საჩუქარი, რომელსაც არაფრის კეთების საშუალება არ აქვს, არც იცის, როგორ უნდა აკეთოს, არის კრიმინალებით სავსე და ქურდები და ყაჩაღები არიან, მაგრამ ამას აკეთებს ოპოზიცია და ამას აკეთებინებს ივანიშვილი. ამას აკეთებინებენ კეზერაშვილის ხელით, ეს არის ფაქტი. და აკეთებს ამას ბოკერიას, ჩერგოლეიშვილის და ამ ხალხის მეშვეობით“.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, მისთვის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშები, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია.

„2016 წლის შემდეგ და მას მერეც ჩვენ, მათ შორის ჩვენს ოპოზიციურ ფლანგზე ვთანამშრომლობდით ადამიანებთან, რომლებიც არათუ  წინა ხელისუფლების დროს იყვნენ ხელისუფლებაში, არამედ „ქართული ონების“ ხელისუფლებაში იყვნენ და ჩვენ ეს პრობლემა არ გვქონია. რაც შეეხება კეზერაშვილთან დაკავშირებულ განცხადებებს, 2016 წელი იყო, ჩემი დამოკიდებულებები მქონდა, მათ შორის „ევროპულ საქართველოსთან“ დაკავშირებით, რაც არ შემცვლია, მაგრამ არ ნიშნავს, რომ ჩემი პირადი გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, შეიძლება, ვინმესთან არ ვითანამშრომლო. მესამე – 2016 წლის შემდეგ იყო იგივე კეზერაშვილთან დაკავშირებით ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, 2016 წლის შემდეგ იყო კეზერაშვილზე ევროპული რეზოლუციები, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნა მისი და ოპოზიციური ტელევიზიის დევნის შესახებ და ყოველდღიურად ვუყურებ საქართველოში რუსულ პროპაგანდისტულ არხებზე თავდასხმებს, მათ შორის კეზერაშვილზე, ხაბეიშვილზე.

კი ბატონო, ვლაპარაკობდი მის მილიონებზე, რომელიც შესაძლოა, იყო მოპარული, მაგრამ ეს იყო ჩემი განცხადება, ჩემი აზრი. ამის შემდეგ იყო ევროპული სასამართლოების გადაწყვეტილება, ამის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, დრო გავიდა. კობახიძეს ხომ არ წარმოვადგენ, ვთქვა, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ფეხებზე მკიდია, არად ჩავაგდებ, მე არ მაინტერესებს ევროპული სასამართლოები, ევროპული რეზოლუციები – წარმოვადგენ „ნაციონალურ მოძრაობას“. ფაქტად შემიძლია, გითხრათ ის, რომ რუსი ოლიგარქი და მისი პროპაგანდისტული მანქანა, კობახიძეებით, ვოლსკებითა და ზარქუებით ებრძვის დავით კეზერაშვილს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

კითხვაზე, „აღმოჩნდა თუ არა, რომ დასაბუთების გარეშე ცილს სწამებდით დავით კეზერაშვილს?“, – ლევან ხაბეიშვილი პასუხობს, რომ ეს იყო მისი პოლიტიკური განცხადება.

„2016 წელს იყო ეს განცხადება, მას შემდეგ გასულია ექვსი წელი, გიგა ბოკერიასა და ჩერგოლეიშვილთან დაკავშირებით იყო, რადგან მქონდა ჩემი წარმოდგენა ბოკერიას გუნდზე, რომელიც მიმაჩნდა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს „ნაციონალურ მოძრაობას“ ართმევდა, შემდეგ მოხდა ისე, რომ გაიყო, ზუსტად ასე მოხდა. ამასობაში მქონდა ეს ბრალდება კეზერაშვილის მიმართ. 2016 წლის შემდეგ ამ ქვეყანაში ბევრი რამ შეიცვალა, იგივე სასამართლოსთან, პროკურატუსასთან დაკავშირებით, 2018-19 წლის მოვლენებიდან გამომდინარე, უკვე ღიად კეთდებოდა საჯარო განცხადებები პარტნიორებისგან, რომ პოლიტიზებულია პროკურატურა, 2020 წლის შემდეგ დაიწყო ამაზე უფრო ღიად საუბარი. „რუსთავი2“ რომ ჩაიდო ჯიბეში ბიძინა ივანიშვილმა, მას შემდეგ დაიწყო სასამართლოში პრობლემებზე ღიად საუბარი. ექვსი წლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, იგივე კეზერაშვილთან დაკავშირებით. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, ევროპული რეზოლუციები და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ჩემთვის შეიძლება, საკმარისი არ იყოს? გულწრფელად ასე ვფიქრობდი, როცა ვთქვი. საბუთი რომ მჭეროდა, ეთერშიც ხომ მექნებოდა, ეს ხომ კვლევის შედეგი არ იყო, ჩემი პოლიტიკური განცხადება იყო. ვახსენე, რატომაც ვსაუბრობდი მაშინ კეზერაშვილზე, მის პარტიასთან დაკავშირებით და ახლაც ამ წარმოდგენის ვარ, რომ თავის დროზე რაც მოხდა და რაც გაკეთდა „ნაციონალურ მოძრაობაში“, არ იყო კარგი, როცა კონკრეტული მანდატები აიღეს და წავიდნენ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close