Sliderსამართალი

რას გულისხმობს ფარული მოსმენების შესახებ საკანონმდებლო ცვილება და რა ჩათვალა სალომე ზურაბიშვილმა  ადამიანის უფლებების შეზღუდვად?

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ფარული საგამოძიებო (ფარული მოსმენები) მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს, რომლის ინიციატორები არიან “ქართული ოცნების“ დეპუტატები: ირაკლი ბერაია, ალექსანდრე ტაბატაძე, ვლადიმერ ჩაჩიბაია, რესან კონცელიძე, გია ბენაშვილი, ირაკლი ჩიქოვანი, ეკა სეფაშვილი, რატი იონათამიშვილი, გიორგი ხელაშვილი და კახა კახიშვილი.

რას გულისხმობს საკანონმდებლო ცვილება და რა ჩათვალა სალომე ზურაბიშვილმა  ადამიანის უფლებების შეზღუდვად.

კანონპროექტით, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებული ვადები ხანგრძლივდება, ხოლო დანაშაულთა წრე, რაზეც ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება იქნება დასაშვები, იზრდება.

იცვლება ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი პირისთვის შეტყობინების წესი.

მოქმედი კანონმდებლობით, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ მოსამართლის განჩინება იმ ვადით გაიცემა, რომელიც საჭიროა გამოძიების მიზნის მისაღწევად, მაგრამ არაუმეტეს ერთი თვისა.

იმ შემთხვევაში, თუ ეს ვადა საკმარისი არ აღმოჩნდა, დასაშვებია მისი გაგრძელება პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით, არაუმეტეს ორი თვისა. პროკურორის შუამდგომლობაში უნდა აისახოს ინფორმაცია დაწყებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მონაცემების შესახებ და მიეთითოს, გამოძიებისათვის საკმარისი მონაცემების მოპოვება რის გამო ვერ მოხერხდა. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადა შეიძლება კიდევ ერთხელ, არაუმეტეს 3 თვისა გაგრძელდეს, გენერალური პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადის შემდგომი გაგრძელება დაუშვებელია.

“სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ განხორცილებული ცვლილებების პროექტით კი ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების საერთო ვადა შეადგენს არაუმეტეს 9 თვეს და ის სამ ეტაპად ტარდება, გარდა “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით“ გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევებისა.

კერძოდ, ფარული საგამოძიებო მოქმედება პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე მიღებული მოსამართლის განჩინებით პირველ ეტაპზე ტარდება არაუმეტეს 3 თვის ვადით, მეორე ეტაპზე − ზემდგომი პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე მიღებული მოსამართლის განჩინებით არაუმეტეს 3 თვის ვადით, ხოლო მესამე ეტაპზე − გენერალური პროკურორის ან მისი პირველი მოადგილის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე მიღებული მოსამართლის განჩინებით არაუმეტეს 3 თვის ვადით.

ამასთან, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადა გენერალური პროკურორის ან მისი პირველი მოადგილის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე მიღებული მოსამართლის განჩინებით შესაძლოა კიდევ ერთხელ გაგრძელდეს არაუმეტეს 3 თვის ვადით, თუ ფარული საგამოძიებო მოქმედება “სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ტარდება.

გარდა ამისა, თუ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 142-ე, 142/1, 143-ე-143/2, 144-ე-144/3, 155-ე, 157/1, 194-ე, 194/1, 223-ე-226-ე, 230-ე-232-ე, 234-ე- 235/1, 239/1, 252-ე, 255-ე მუხლის მე-3-მე-7 ნაწილებით, 255/1, 260-ე მუხლის მე-4-მე-7 ნაწილებით, 261-ე მუხლის მე-4-მე-8 ნაწილებით, 262-ე, 263-ე, 284-ე, 308-ე-321/1, 322/1-333-ე, 337-ე-339-ე, 341-ე, 342-ე, 343-ე, 343/1, 345-ე, 346-ე, 404-ე-413-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებთან დაკავშირებით მიმდინარეობს, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადა, სასამართლოს კონტროლით, შესაძლოა იმდენჯერ გაგრძელდეს, რამდენჯერაც ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად საჭირო შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი იარსებებს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი პირისთვის შეტყობინებას ეხება. მოქმედი წესის მიხედვით, სათანადო ორგანომ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ინფორმაცია 24 თვის ვადაში იმ პირს უნდა შეატყობინოს, რომლის მიმართაც ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა.

საკანონმდებლო ცვლილებებით, თუ ფარული საგამოძიებო მოქმედება “სისხლის სამართლის კოდექსის“ – 108-ე, 109-ე, 142-ე, 142/1, 143-ე-143/2, 144-ე – 144/3, 155-ე, 157/1, 194-ე, 194/1, 223-ე – 226-ე, 230-ე – 232-ე, 234-ე-235/1, 239/1, 252-ე, 255-ე მუხლის მე-3-მე-7 ნაწილებით, 255/1, 260-ე მუხლის მე-4-მე-7 ნაწილებით, 261-ე მუხლის მე-4-მე-8 ნაწილებით, 262-ე, 263-ე, 284-ე, 308-ე-321/1, 3221 – 333-ე, 337-ე – 339-ე, 341-ე, 342-ე, 343- ე, 343/1, 345-ე, 346-ე, 404-ე – 413-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებთან დაკავშირებით ჩატარდა, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ინფორმაციის იმ პირისთვის შეტყობინება, რომლის მიმართაც იგი ჩატარდა, შესაძლოა იმდენჯერ გადავადდეს, რამდენჯერაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის, საზოგადოებრივ წესრიგისა და საგამოძიებო ორგანოს ეფექტიანად ფუნქციონირებისთვის საფრთხის შექმნის თავიდან ასაცილებლად.

ამ შემთხვევაში, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი პირისთვის შეტყობინება, სასამართლოს კონტროლის საფუძველზე, ყოველ ჯერზე შესაძლოა გადავადდეს არა უმეტეს 12 თვის ვადით.

შეგახსენებთ, “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებების პროექტს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი რამდენიმე კვირის წინ დაუჭირა. კანონის პროექტი 78 ხმით, 11-წინააღმდეგ მიიღეს.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა კანონპროექტი ჯერ კიდევ განხილვის ეტაპზე შეაფასეს კრიტიკულად. როგორც ისინი აცხადებდნენ, შესაძლებელი ხდება სისხლის სამართლის კოდექსის არაერთი მუხლით მიმდინარე გამოძიების შემთხვევაში მოქალაქეებს უვადოდ უსმინონ და მათ ამის შესახებ არ შეატყობინონ. არასამთავრობოების თანახმად, მაშინ, როდესაც არ არსებობს კანონით გათვალისწინებული კონტროლის ეფექტიანი მექანიზმი, შემოთავაზებული ცვლილებები არსებითად აუარესებს ადამიანის პირადი ცხოვრების დაცულობის სტანდარტს და შესაძლებელს ხდის საგამოძიებო უწყებების მხრიდან უვადო ფარული მოსმენების განხორციელებას.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button