პარტიამ „საქართველოსთვის“ პროკურატურას განცხადებით მიმართა. ისინი ითხოვენ, გამოძიება დაიწყოს ირაკლი კობახიძის მიერ გიორგი გახარიას მისამართით გაკეთებულ განცხადებებზე, სადაც ის ყოფილ პრემიე-მინისტრს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებაში ადანაშაულებს.
პროკურატურაში განცხადება „საქართველოსთვის“ წევრებმა, ანა ბუჩუკურმა და მიხეილ დაუშვილმა შეიტანეს. ისინი პროკურატურისგან მოითხოვენ, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბრალდებებზე, გამოიკითხოს ირაკლი კობახიძე, ჩატარდეს დროული, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება და დანაშაულის დაუდასტურებლობის შემთხვევაში, დააყენონ ცრუ დასმენაზე კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხი.
„ჩვენ დღეს მივმართეთ გენერალურ პროკურატურას, რომ ჩაატაროს ობიექტური, გამჭირვალე, სრულყოფილი და ეფექტიანი გამოძიება. გამოიძიოს ის უპასუხისმგებლო და უსაფუძვლო ბრალდებები, რასაც ვისმენთ ორგანიზაცია „ოცნების“ ხელმძღვანელის ირაკლი კობახიძის მიერ გიორგი გახარიასთან დაკავშირებით. ბოლო პერიოდის განმავლობაში მუდმივად გვაბრალებენ ნარკოტიკის მოხმარებას, შეძენას და ასე შემდეგ. ცალსახად, ამ ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი სრულყოფილი, ობიქტური და გამჭირვალე გამოძიებით. როდესაც დადგინდება, რომ ეს ბრალდებები არის აბსოლუტურად უსაფუძვლო, უნდა დადგეს ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხი ცრუ დასმენასთან დაკავშირებით, რადგან რასაც ეს ადამიანები გვაბრალებენ, დანაშაულია, ამას სჭირდება გამოძიება და პასუხისგებაში უნდა მიეცეს ის პირი, ვინც უბრალოდ ცრუ დასმენას ახორციელებს ჩვენი პარტიის ლიდერის მიმართ“, – განაცხადა დაუშვილმა.
ცნობისთვის: “ვის უნდა უჩივლოს? მე უნდა მიჩივლოს? არასწორ კითხვას სვამთ. არ არის საინტერესო”, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, მივა თუ არა
გამოკითხვაზე, თუკი ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდების გამო გიორგი გახარია მას და “ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებს უჩივლებს. მისივე თქმით, “ვისაც სდებენ ბრალს, მან უნდა ამტკიცოს, არის თუ არა ნარკომანი“. “ვფიქრობ, რომ ვისაც სდებენ ბრალს, მან უნდა ამტკიცოს, არის თუ არა ნარკომანი. არ არის საინტერესო და ჩვენ მოსახლეობას არ აინტერესებს ამა თუ იმ ადამიანის ნარკოდამოკიდებულება“ , – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პ.ს. აქვე აღვნიშნავთ, კანონის თანახმად, ბრალმდებელმა (ან ამა თუ იმ ინფორმაციის გამავრცელებელმა) უნდა დაამტკიცოს ნათქვამის სისწორე და არა – პირიქით.