Sliderეკონომიკა

პარლამენტარებს ეროვნული ბანკის საქმიანობის შესახებ ნებისმიერ ინფორმაციაზე წვდომა კვლავ არ ექნებათ, მმართველმა პარტიამ საკანონმდებლო ცვლილებას მხარი არ დაუჭირა

პოლიტიკურ გაერთიანება “გირჩის“ საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის გათვალისწინებით, პარლამენტარებს ეროვნული ბანკის საქმიანობასთან დაკავშირებით ნებისმიერ ინფორმაციაზე სრული წვდომა შეიძლება ჰქონოდათ, პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა.

“ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი პარლამენტმა ჩააგდო, თუმცა აღსანიშნავია, რომ მას 41-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა და წინააღმდეგ მხოლოდ პარლამენტის ორმა წევრმა მისცა ხმა.

საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, პარლამენტის წევრს შესაძლებლობა ეძლეოდათ ნებისმიერი კონფიდენციალური ინფორმაცია პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით გამოეთხოვათ.

როგორც “გირჩის“ დეპუტატმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა საპარლამენტო განხილვების დროს განმარტა, მათ მიერ შეთავაზებული პროექტი ეროვნული ბანკის მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების რისკებს ამცირებს, ხოლო თავად პარლამენტს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებისა და ვალდებულების განხორცილების შესაძლებლობას აძლევს – განახორციელოს ეროვნული ბანკის საქმიანობაზე ზედამხედველობა.

რაქვიაშვილის განმარტებით, ეს ახლა თეორიულადაც შეუძლებელია, რადგან ეროვნულ ბანკს მთელი რიგი ინფორმაცია, რომელიც მის საქმიანობას ეხება, გასაიდუმლოებული აქვს.

“ასეთი გარემოება რამე ზედამხედველობას გამორიცხავს. ეროვნული ბანკის საქმიანობასთან დაკავშირებით ინფორმაციაზე წვდომა არანაირ რისკებს და პრობლემას არ აჩენს, მაგრამ ჩვენ – პარლამენტარებს გვაძლევს შესაძლებლობას, გავიგოთ, რა ხდება ეროვნულ ბანკში და თუ იქ პრობლემებია, ამაზე ვიმსჯელოთ და ზედამხედველობა განვახორციელოთ“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

იპნ

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close