მშვიდობით! – თსუ-ის ემერიტუსი პროფესორი ნოდარ ფორაქიშვილი გარდაიცვალა
წავიდა იმ თაობის ბოლო მოჰიკანიც - ნოდარ ფორაქიშვილი, არ დასცალდა ოთხი დღე 91 წლის შესრულებამდე, 14 ნოემბერს გაუდგა შორეულ გზას და წაიყოლა სევდა ოდესღაც ძლიერი, აწ სულთმობრძავი ქართული რუსისტიკის - მისი თაობის მკვლევართა ესოდენ ძვირფასი ქართულ-რუსული კვლევების გამო...
ჟურნალისტი თამარ ნოსელიძე სოცქსელში წერს:
მშვიდობით, ძია ნოდარ ….
ბოლო დროს სულ ვფიქრობ იმაზე, რომ 1980-იან წლებში, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები, ჩემი თაობის სტუდენტები რამდენად ბოლომდე ვაცნობიერებთ და რამდენად გამოვხატავთ მადლიერებას, გნებავთ, რამდენად ვაფასებთ იმ შესაძლებლობას, რომ წილად გვხვდა ბედნიერება, სხვადასხვა ფაკულტეტზე ჩვენი პედაგოგები ყოფილიყვნენ იმ დროის გასაოცრად ერუდირებული ადამიანები, ცნობილი მეცნიერები, შესანიშნავი პიროვნებები.
ერთ-ერთი მათგანი იყო ნოდარ ფორაქიშვილი – პროფესორი, ემერიტუსი, საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და ამ თაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი, უზომოდ შეყვარებული თავის ქვეყანაზე და პირნათელი მის მიმართ, საქმის უბადლო მცოდნე, ქართული რუსისტიკის ტრადიციების მცველი და ღირსეული გამგრძელებელი, თსუ-ს ქართული რუსისტიკის ლეგენდარული კათედრის მემატიანე, გამორჩეული პუბლიცისტი და მეცნიერი, რომელიც ლიტერატურის სიღრმეებში შეღწევის არაჩვეულებრივი ნიჭითა და უნარით იყო დაჯილდოებული, მუხლჩაუხრელად რომ შრომობდა და თავისი ნაშრომებით თავგამოდებით ებრძოდა საქართველოსა და ქართველების სახელის დამახინჯება-დაკნინების ყოველგვარ გამოვლინებას რუსულ შოვინისტურ მედიაში. თითქმის 30 წლის მანძილზე იყო თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე და რუსული ფილოლოგიის კურატორი, კაცთმოყვარე და ემოციური ადამიანი, მჭერმეტყველი, გასაოცარი იუმორის გრძნობით, ღრმა ერუდიციითა და წიგნების შეგროვების დაუოკებელი სურვილით.
ქართული რუსისტიკის სათავეებთან იდგნენ ნამდვილი კორიფეები: დიდი ვანო შადურის „გვარდია“ და ამ „გვარდიის“ მიერ აღზრდილი მეცნიერები, მკვლევრები, მათი საქმის ერთგული გამგრძელებლები – შინაგანად გასაოცრად თავისუფალი პიროვნებები, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ საბჭოთა იდეოლოგიის ბორკილებით შებოჭილ საზოგადოებაში: იგორ ბოგომოლოვი, ლინა ხიხაძე, დიმიტრი თუხარელი, მარია ბაისოგოლოვა, ანა ჩხეიძე, ვახტანგ ნათაძე, გიორგი გიგოლოვი, ნოდარ ფორაქიშვილი, თენგიზ ბუაჩიძე, გივი გვენეტაძე, კონსტანტინე გერასიმოვი, დიმიტრი ჭანტურიშვილი, გიორგი წიბახაშვილი, ლეილა კაჭარავა და სხვები.
აქ ჩამოთვლითაგან არც ერთი აღარ არის.
წავიდა იმ თაობის ბოლო მოჰიკანიც – ნოდარ ფორაქიშვილი, არ დასცალდა ოთხი დღე 91 წლის შესრულებამდე, 14 ნოემბერს გაუდგა შორეულ გზას და წაიყოლა სევდა ოდესღაც ძლიერი, აწ სულთმობრძავი ქართული რუსისტიკის – მისი თაობის მკვლევართა ესოდენ ძვირფასი ქართულ-რუსული კვლევების გამო…
განისვენე მშვიდად, ძია ნოდარ…