პოლიტიკა

„მათი დანაშაულებრივი საქმიანობა მხოლოდ გირგვლიანის ტრაგედიით არ შემოიფარგლება, მაგრამ ეს კარგი მაგალითია, თუ რატომაა შეუძლებელი მათთან დიდი შერიგება”

დიდი შერიგება” ვერ მოხდება, სანამ ამბობენ, რომ სანდრო გირგვლიანის საქმე არ არსებობს. მათი დანაშაულებრივი საქმიანობა მხოლოდ გირგვლიანის ტრაგედიით არ შემოიფარგლება, მაგრამ ეს კარგი მაგალითია, თუ რატომაა შეუძლებელი მათთან დიდი შერიგება”, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში “ნაციონალურ მოძრაობაზე” საუბრისას აცხადებს.

მისივე თქმით, სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებებიდან არცერთი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი არ ყოფილა.

“14 ოქტომბრის აქციაზე დიდ აქცენტს არ გავაკეთებ, რადგან ეს აქცია იყო ბოლო ხანებში ქვეყანაში შეუქცევადად მიმდინარე პროცესების შედეგი. ეს აქცია არ იყო კულმინაცია, ვინაიდან რაც უნდა ბევრი ხალხი ყოფილიყო იქ – და ნამდვილად იყო – საზოგადოებაში არსებულ პრობლემებს კი არ ემსახურებოდა, ერთი კონკრეტული პარტიის მიერ ერთი მიზეზით – თავისი ლიდერის გათავისუფლების მოთხოვნით იყო ორგანიზებული. კულმინაცია იქნება ის, თუ 30 ოქტომბერს ხელისუფლება შედეგებით მანიპულირებას, არჩევნების გაყალბებას ისეთი უხეში ფორმებით შეეცდება, რომ თავის მხარდამჭერებსაც კი უხერხულობის განცდა გაუჩნდებათ, სწორედ ისე, როგორც “ვარდების რევოლუციის” წინ მოხდა. ასეთ შემთხვევაში ქუჩაში ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალის ან ლიდერის ამომრჩეველი კი არა, ყველანაირი პოლიტიკური გემოვნების ადამიანი გამოვა, რაც უკვე დიდი ზვავი იქნება.

სააკაშვილმა საკუთარი პარტიისთვის ძალიან ცუდი როლი ითამაშა. როდესაც მისი ჩამოსვლის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, პირველ ტურში “ქართული ოცნების” თეორიული მხარდამჭერების მობილიზება მოხდა. წინასწარი კვლევებით, იმ მოქალაქეებმაც კი მისცეს ხმა, ვინც არჩევნებზე მისვლას არც აპირებდა. მათ დაინახეს ის, რისიც ამდენი წლის განმავლობაში ეშინოდათ – შესაძლოა დაბრუნდეს რეჟიმი. ასე რომ, ვფიქრობ, მეორე ტურში “ნაცმოძრაობას” გამარჯვებისთვის საკმარისი ამომრჩეველი არ ეყოლება. გამარჯვებას სჭირდება ამომრჩევლის ხმათა ის რაოდენობა, რაც სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა მთლიანობაში მიიღეს. ამის ალბათობა კი იმ პირობებში, როდესაც სააკაშვილი აქ არის, ძალიან ცოტაა.

გახარიას ამომრჩეველი, დარწმუნებული ვარ, არ მისცემს ხმას “ნაცმოძრაობას”. ასევე წარმოუდგენელია “ნაციონალებისკენ” გადაიხარონ სხვა პარტიის მხარდამჭერები, ვინც იმედგაცრუებულია “ოცნებით”. მათ კი, ვინც “ნაციონალებისთვის” აპირებდა ხმის მიცემას, პირველ ტურში ხმა უკვე მისცეს და შესაბამისად, მეორე ტურში ახალ სურათს არ ველოდები. თუმცა, არც იმას გამოვრიცხავ, რომ 30 ოქტომბრამდე “ქართულმა ოცნებამ” ისეთი რამ ჩაიდინოს, რომ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე მეც კი გამიყვანოს ქუჩაში, რაც ახლა სრულიად ფანტასტიკურად მიმაჩნია. თუმცა ბოლოდროინდელმა პროცესებმა დაგვანახა, რომ მათ სიბეცეს, სიბრიყვესა და უტიფრობას საზღვარი არა აქვს.

რატომ ვერ გავარღვიეთ ორპოლუსიანი სისტემა? იმიტომ, რომ ამომრჩეველი ოცდაათი წელია პოლიტიკურ ცხოვრებას მხოლოდ ორ ფერში ხედავს. ეს მეტყველებს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ უმწიფრობაზე. პარტიები არაფერ შუაშია, ეს ამომრჩევლის პრობლემაა, რომელიც მუდმივად მხოლოდ ორ პოლიტიკურ ძალას შორის აკეთებს არჩევანს. ყველაზე არ ვსაუბრობ, მცირედი გამონაკლისებიც არსებობენ, მაგრამ ისინი საერთო მოცემულობას ვერ ცვლიან. სანამ ამას თვალს არ გავუსწორებთ, მუდამ იმ გმირის ძიებაში ვიქნებით, რომელიც თეთრ ცხენზე ამხედრებული მოვა და გაგვათავისუფლებს.

დღევანდელ “ნაცმოძრაობაში” სააკაშვილის გარდა, არავინ არის დარჩენილი, ვისაც რეაბილიტაცია სჭირდება. ყველა, ვინც ხელისუფლებაში ყოფნისას ჩადენილი დანაშაულების ორგანიზებაში ან იდეოლოგიურ მხარდაჭერაში იყვნენ ეჭვმიტანილი, დღეს სხვა პარტიაში არიან, ზოგი ქვეყნიდან არის წასული, სასჯელს იხდის ან უკვე მოიხადა, ანუ “ნაცმოძრაობაში” მაშინდელი ლიდერებიდან და გადაწყვეტილების მიმღები პირებიდან, ორი-სამი კაცის გარდა, არავინაა. უგულავა დაბრუნდა, თორემ ისიც წასული იყო პარტიიდან. ასე რომ, მელიასთვის მისი მთავარი პრობლემა და გამოწვევა სააკაშვილია. თორემ პარტია, როგორც ასეთი, რეაბილიტირებულია.

გია ბარამიძემ იკადრა და გირგვლიანის საქმეც კი უარყო, გასაგებია რატომაც – ის თავადაც არის ამ საქმეებზე პასუხისმგებელი. “დიდი შერიგება” ვერ მოხდება, სანამ ამბობენ, რომ სანდრო გირგვლიანის საქმე არ არსებობს. მათი დანაშაულებრივი საქმიანობა მხოლოდ გირგვლიანის ტრაგედიით არ შემოიფარგლება, მაგრამ ეს კარგი მაგალითია, თუ რატომ არის შეუძლებელი მათთან დიდი შერიგება… საინტერესოა, სხვების, თუნდაც ხატია დეკანოიძისა და ნიკა მელიას პოზიცია – სამართლიანი სასამართლო არ არსებობსო, დამოუკიდებელი მართლმსაჯულება რომ გვქონდეს, კი ბატონოო, წარდგესო მიხეილ სააკაშვილი მის წინაშე და ყველა მივიღებთ იმ განაჩენს, რაც დადგებაო. უკაცრავად, მაგრამ რატომ არ არსებობს? მაშინ მოყვნენ, როგორ გაჩნდა ეს კლანი და რანაირად ჩაბეტონდა სასამართლო სისტემაში – წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან სასაცილოა უსამართლო სასამართლოსკენ თითის გაშვერა, სადაც წლებია არაფერი შეცვლილა, მხოლოდ პატრონი გამოიცვალა. ის კი არა, მურუსიძე სააკაშვილთან იმდენად არის ვალში, შესაძლოა პირიქითაც არის საქმე, იქნებ ჰგონია, რომ სააკაშვილის გუნდი ბრუნდება ხელისუფლებაში და შესაძლოა ისევ მათი მხარე დაიჭიროს.

სააკაშვილი ნამდვილად არ ეკუთვნის იმ კატეგორიას, რომელიც “ბოლი გამოვუშვით და ახლა დავმშვიდდეთ” პოზაში ჩადგება. მუდმივად იქნება ხელისუფლების პროვოცირების მცდელობა და არ გამოვრიცხავ, რომ წამოეგება და მორიგ სისულელეს ჩაიდენს… სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებებიდან არც ერთი სააკაშვილის მხარდამჭერი არ ყოფილა. მათ კარგად იციან, რომ სააკაშვილი უდანაშაულო არ არის, მაგრამ აკრიტიკებენ ქართულ მართლმსაჯულებას, ხელისუფლების წევრთა უგუნურ განცხადებებს. “ოცნებას” ჯერ კიდევ აქვს სისულელეების კეთების რესურსი, რის შედეგადაც მორიგი საერთაშორისო ავანტიურის წინაშე დაგვაყენებს, მაგრამ თუ მოახერხა და კანონის ფარგლებში განაგრძო მოქმედება, რამე განსხვავებულს არ უნდა ველოდოთ. ვგულისხმობ საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლას. უფრო შიდა წნეხს ველოდები, “ნაციონალები” მუდმივად შეეცდებიან ვითარების დესტაბილიზაციას. გეგმავენ მცირე, მაგრამ პერმანენტულ შეკრებებს, მასშტაბურ აქციას კი მეორე ტურის არჩევნების ღამეს გეგმავენ”, – განაცხადა ხიდაშელმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button