პოლიტიკა

ისინი არიან გაცოფებულები – სუბარი კრამერის განცხადების შესახებ

ადამიანებმა, რომლებიც წლების განმავლობაში საქართველოს შიდა საქმეებში ძალიან უხეშად ერევიან ან ცდილობენ, რომ ჩაერიონ და თავს გვაჩვენებენ საქართველოს მეგობრებად, მეგობრის ნიღაბი მოიხსნეს და ღია მტრობაზე გადავიდნენ, – ასე უპასუხა მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის, დევიდ კრამერის განცხადების პასუხად, რომლის მიხედვითაც „ამჟამად, სანქციების გარეშე საქართველო აშკარად არასწორი მიმართულებით მიდის“. ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი დევიდ კრამერი ასევე ბიძინა ივანიშვილსა და „ქართული ოცნების“ წევრებზე სანქციების დაწესებას ითხოვს.

სოზარ სუბარის განმარტებით, ქვეყნის მოწინააღმდეგე ძალები ღია მუქარაზე გადავიდნენ.

„ისინი არიან გაცოფებულები, რადგან საქართველოს ომში ჩართვა ვერ მოახერხეს; გაცოფებულები არიან, რადგან ხედავენ, რომ ვერ ახერხებენ თავიანთი აგენტურა ხელისუფლებაში ისევ დააბრუნონ; ხედავენ, რომ ეს აგენტურა სრულიად გაკოტრებულია, ნამცეცებად იშლება და ერთადერთი გზა დარჩათ – დაემუქრონ ქართველ ხალხს, რომ: „იქნება სანქციები, თუ ჩვენს ნებას არ დავყვებით!“. ქართველ ხალხს არ იცნობენ და არ იციან, რომ ჩვენ კიდევ უფრო შევკავშირდებით. არც იმას არ დავუშვებთ, რომ საქართველო ომში ჩაერთოს და მათი აგენტურა ხელისუფლებაში დაბრუნდეს. ხალხმა მათი აგენტურის ხელისუფლებაში ყოფნის სიმწარე მწარედ იწვნია და მეორედ ამ შეცდომას აღარ დავუშვებთ. როდესაც აშშ-ის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი ასეთ განცხადებებს აკეთებს, კიდევ ერთხელ, პირდაპირ მივმართავდი ქალბატონ კელი დეგნანს: იქნებ შეფასება მისცეს თავის მხრიდან, ემიჯნება თუ არა ამ განცხადებას მაინც, რომ საქართველოს სანქციები უნდა დაუწესდეს? თუ, ქალბატონო კელი, მიგაჩნიათ, რომ ესეც გარკვეულწილად გამოხატვის თავისუფლებაა? ძალიან კარგი იქნება, თქვენი აზრი რომ დააფიქსიროთ. ისედაც ყველაფერზე აფიქსირებთ თქვენს აზრს“ , – განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close