Sliderპოლიტიკა

“ივანიშვილი კი არ დაგვიჭერია, მისი ხათრით კონსტიტუცია შევცვალეთ” – გია ბარამიძე

"ყველაფერს აკეთებდა, რაც უნდოდა, გადასახადებსაც არ იხდიდა და ესეც კიდევ ჩვენი დანაშაული და მიქარვაა. ახლა გაირკვა, რომ ივანიშვილი რუსული პროექტია და ეს მაშინ არავის ეგონა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბარამიძემ, გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა, რომ ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფნის დროს, ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდა, მაგრამ რაკი ის გამოჩნდა, როგორც ოპონენტი, არჩევნებში მისი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, მიხეილ სააკაშვილის მთავრობამ კონსტიტუცია შეცვალა.

„კი არ დაგვიჭერია, მისი ხათრით კონსტიტუცია შევცვალეთ. მიხეილ სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილის გამო, იმისთვის, რომ მას არჩევნებში მონაწილეობა მიეღო და თანასწორი კონკურენცია ყოფილიყო, კონსტიტუცია შეცვალა და ისიც შევიტანეთ, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეს, თუ ის ევროკავშირის მოქალაქეა, შეუძლია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყოს. მას მოვარგეთ და ძალიან კი მივქარეთ, რომ ეს არასწორი რაღაც გავაკეთეთ“, – განაცხადა ბარამიძემ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება თუ ამბობს, რომ კონსტიტუცია ბიძინა ივანიშვილის გამო შეცვალა, ამავდროულად რატომ აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსული პროექტია, გიორგი ბარამიძის თქმით, ახლა გაირკვა, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსული პროექტია და ეს მაშინ არავის ეგონა.

„მაშინ ბიძინა ივანიშვილი ძალიან დალხინებულად და მშვენივრად ცხოვრობდა საქართველოში. უფრო მეტიც, მისი რეკომენდაციით, ასევე შეცდომას რომ უშვებდა ხელისუფლება, ვიღაცამ ეს მომპარა, ის მომპარაო და ადამიანებს იჭერდნენ კიდევაც. ბიძინა ივანიშვილი შესანიშნავად ცხოვრობდა და მას არაფერი საშურისძიებო არ სჭირს, საქართველოში სასახლეებს აშენებდა და ყველაფერს აკეთებდა, რაც უნდოდა; კიდევ, გადასახადებსაც არ იხდიდა და ესეც კიდევ ჩვენი დანაშაული და მიქარვაა, უკაცრავად ამ სიტყვისთვის, რასაც ჩვენ ვაკეთებდით და მას კოჭს ვუგორებდით“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close