Sliderსამართალი

თბილისის შს მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის, იოსებ ალავიძის კომპანიამ „საქართველოს რკინიგზისგან“ 7.8 მლნ ლარიანი კონტრაქტი სავარაუდოდ მის კომპანიაზე მორგებული ტენდერის გზით მიიღო – “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”

2023 წლის 31 მარტს ტელეკომპანია ფორმულას ეთერში გავიდა სიუჟეტი – „8 მილიონიანი ტენდერი სოსო ალავიძისთვის“, რომელიც სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის კომპანიაზე ტენდერის მორგებას ეხება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ამ ტენდერში „საქართველოს რკინიგზის“  შესაძლო დარღვევები შეისწავლა.

„საქართველოს რკინიგზა“ დაცვის მომსახურებას სახელმწიფო შესყიდვის გზით ყიდულობს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ სისტემაში „საქართველოს რკინიგზის“ მიერ დაცვის მომსახურების შესყიდვა 2014 წლიდან ჩანს.

2014, 2015, 2016 და 2017 წლებში დაცვის მომსახურება ელექტრონული ტენდერით იყიდა სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტისგან, წელიწადში 9 მლნ ლარად.

2018 წელს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ დაცვის მომსახურებაზე გამოცხადებული ტენდერი არ შედგა, რადგან ტენდერში არცერთმა მიმწოდებელმა არ მიიღო მონაწილეობა. შესყიდვის საწყისი თანხა 9 მლნ ლარამდე იყო. იმის გამო, რომ  ტენდერი არ შედგა, „საქართველოს რკინიგზამ“ გამარტივებული (პირდაპირი) შესყიდვის გზით გააფორმა 10.5 მლნ ლარის კონტრაქტი დაცვის პოლიციის დეპარტამენტთან.

2019, 2020 და 2021 წლებში „საქართველოს რკინიგზას“ დაცვის მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი აღარ გამოუცხადებია და გამარტივებული შესყიდვის გზით აფორმებდა კონტრაქტებს დაცვის პოლიციის დეპარტამენტთან. კონტრაქტების ღირებულება 9.5 მლნ ლარიდან 11.2 მლნ ლარამდე იყო.

2022 წლის 4 აგვისტოდან 2023 წლის 5 აპრილამდე „საქართველოს რკინიგზამ“ გამარტივებული შესყიდვით 5 კონტრაქტი გაუფორმა დაცვის პოლიციის დეპარტამენტს, რომელთა ჯამური ღირებულება 10.5 მლნ ლარია და ამ კონტრაქტებიდან ყველაზე ახალს ვადა 2023 წლის 30 ივნისს ეწურება.

2018 წლის შემდეგ, პირველად, „საქართველოს რკინიგზამ“ დაცვის მომსახურებაზე ტენდერი 2023 წლის 8 თებერვალს გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად 7,797,855 ლარი განისაზღვრა. უნდა აღნინიშნოს, რომ  გამარტივებული შესყიდვის ნაცვლად, ტენდერის გამოცხადება კარგი პრაქტიკაა, მაგრამ ტენდერი მაქსიმალურად კონკურენტულ საფუძვლებზე უნდა გამოცხადდეს, რათარომელიმე მიმწოდებელი კომპანია პრივილეგირებულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს.

8 თებერვალს გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ – შპს „ინტერსექიურითი-ჯორჯიამ“ მიიღო, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი იოსებ (სოსო) ალავიძეა. იოსებ ალავიძეს 1997-2001 წლებში თბილისის შს მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობა ეკავა. კომპანია შპს „ინტერსექიურითი-ჯორჯია“ იოსებ ალავიძემ 1997 წელს დააარსა 4 პარტნიორთან ერთად.

„საქართველოს რკინიგზის“ დაცვის მომსახურებაზე გამოცხადებულ ტენდერში „ინტერსექიურითი-ჯორჯიამ“ საფასო შეთავაზება ზუსტად 7,797,855 ლარი, ანუ ტენდერის მაქსიმალური ღირებულება წარადგინა. იმის გამო, რომ  კონკურენტი არ ჰყავდა, კომპანიას კონტრაქტი ზუსტად ამ თანხაზე გაუფორმდა და შემსყიდველმა ტენდერის სავარაუდო ღირებულებიდან ეკონომია ვერ გააკეთა.

სწორედ ეს გარემოებაა საინტერესო, რატომ მიიღო ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ. სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ „საქართველოს რკინიგზამ“ პრეტენდენტისგან (მიმწოდებელი კომპანია) არანაკლებ 20 წლიანი უწყვეტი გამოცდილება მოითხოვა. ამასთან, პრეტენდენტს უნდა ჰქონოდა  2021 – 2022 წლების პერიოდში, ანალოგიური (დაცვის მომსახურება ცოცხალი ძალით) მომსახურების გაწევის გამოცდილება, რომლის ღირებულებაც ჯამურად მოთხოვნილი წლების განმავლობაში არ უნდა ყოფილიყო  3 მლნ ლარზე ნაკლები, საიდანაც 1 ხელშეკრულების ფარგლებში გაწეული მომსახურების ღირებულება 1 მლნ ლარზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო.

ნიშანდობლივია, რომ 2014-2017 წლებში გამოცხადებულ ტენდერებში „საქართველოს რკინიგზა“ 20 წლიან გამოცდილებას ან 3 მლნ ლარის მომსახურების გაწევის გამოცდილებას არ ითხოვდა. პრეტედენტს მხოლოდ ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილება უნდა ჰქონოდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბიზნეს რეგისტრის მიხედვით საქართველოში უსაფრთხოების დაცვის სექტორში 8 მსხვილი და 20 საშუალო ზომის კომპანია ფუნქციონირებს. აქედან მხოლოდ 2-ს აქვს არანაკლებ 20 წლიანი გამოცდილება, იოსებ ალავიძის „ინტერსექიურითი-ჯორჯიას“ და შპს „ვეზირს“. ამასთან, შპს „ვეზირი“ ძირითადად  ტელეკომუნიკაციისა და უსაფრთხოების სისტემების გაყიდვით და მონტაჟით არის დაკავებული. შესაბამისად, ტენდერში მონაწილეობის მისაღებად კომპანიის 20 წლიანი გამოცდილების მოთხოვნამ შპს „ინტერსექიურითი-ჯორჯია“ ფაქტობრივად პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩააყენა.

გასული წლებისგან განსხვავებით, ტენდერში მონაწილეობა არ მიიღო სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა, რისი მიზეზიც უცნობია. თუმცა საინტერესოა ის გარემოება, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი 2004 წელს შეიქმნა და თუ მისი წინამორბედი სამსახურის გამოცდილება არ ჩაეთვლება, მასაც არ გააჩნია საქმიანობის 20 წლიანი გამოცდილება.

„საქართველოს რკინიგზის“ ტენდერამდე შპს „ინტერსექიურითი-ჯორჯია“ 5 ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობდა  და ვერც ერთში ვერ გაიმარჯვა. გამარტივებული შესყიდვის გზით კი 56,000 ლარამდე ჯამური ღირებულების 44 კონტრაქტი ჰქონდა მიღებული სხვადასხვა შემსყიდველებისგან.

ზოგადად, სახელმწიფო უწყებები დაცვის მომსახურებას ძირითადად დაცვის პოლიციის დეპარტამენტისგან ყიდულობენ გამარტივებული შესყიდვის გზით, რადგან ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ობიექტის დაცვის უფლებამოსილება მხოლოდ სსიპ „დაცვის პოლიციის დეპარტამენტს“ გააჩნია. „საქართველოს რკინიგზამ“ პირველად გაუფორმა კონტრაქტი კერძო დაცვის კომპანიას. ტელეკომპანია ფორმულას ეთერში გასულ სიუჟეტში, „საქართველოს რკინიგზამ“ განმარტა, რომ ობიექტების დაცვის სპეციფიკაში ცვლილებები შევიდა და ტენდერი ახალი პირობებით ამიტომ გამოცხადდა. „დაცვის პოლიციის დეპარტამენტი“ დაიცავს რკინიგზის იმ სტრატეგიულ ობიექტებს, სადაც აუცილებელია შეიარაღებული დაცვის არსებობა, ხოლო სადაც იარაღის ქონა აუცილებელი არ არის, იმ ობიექტების დასაცავად გამოცხადდა ზემოთ აღნიშნული ტენდერი. თუმცა, „საქართველოს რკინიგზის“ განმარტება არ ხსნის მთავარ საეჭვო გარემოებას, რა საჭირო იყო კომპანიის 20 წლიანი გამოცდილება, მითუმეტეს, თუ სტრატეგიული ობიექტების დაცვა არ დაევალება.

შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში განთავსებული ტენდერების შესწავლამ აჩვენა, რომ აქამდე დაცვის მომსახურების შესყიდვაზე კომპანიის 20 წლიანი გამოცდილება არცერთ შემსყიდველს არ მოუთხოვია. გამოცდილების მოთხოვნის მაქსიმალურ ვადად 5 წელი გვხვდება.

საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ მე-13 მუხლის მიხედვით პრეტენდენტთა საკვალიფიკაციო მონაცემებთან დაკავშირებული მოთხოვნები უნდა იყოს პროპორციული და არადისკრიმინაციული, ხელს უნდა უწყობდეს ჯანსაღი კონკურენციის დამკვიდრებას და პრეტენდენტთა მიმართ თანასწორ მოპყრობას. „საქართველოს რკინიგზის“ მიერ ჩატარებული ტენდერი წინააღმდეგობაში მოდის აღნიშნულ მუხლთან.

როდესაც ტენდერი სავარაუდოდ კონკრეტულ კომპანიაზეა მორგებული, ეჭვს აჩენს კორუფციულ გარიგებაზე, შესყიდვაში ჩართული პირების პირად ინტერესებზე.

წყარო

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close