Sliderსაზოგადოება

“თბილისის მერი კარგ გზას ადგას და ვისურვებდი, იდეის განხორციელებისას მაქსიმალურად მჭირდო კავშირში იყოს არქიტექტორებთან”

„მთელი 2 თვე იმაზე ვსაუბრობდი, რომ 10 ათასამდე შენობა-ნაგებობა გვაქვს ქალაქში, რომელსაც სხვადასხვა კატეგორიის ავარიულობა აქვს და ის, რომ მილიონობით ლარს ვხარჯავთ გამაგრებით სამუშაოებში, არის წყალში გადაყრილი ფული, რადგან 5-6 წლის მერე ის ისევ ავარიულია და გამაგრება სჭირდება. ცხადია, 10 ათასი შენობა-ნაგებობის მთლიანად ჩანაცვლება 4 წლის განმავლობაში შეუძლებელია და ყოველწლიურად გვექნება გათვალისწინებული ათეულობით მილიონი ლარი იმისთვის, რომ დავიწყოთ ყველაზე ავარიული შენობების ჩანაცვლება ახალი, საცხოვრებელი, გარემონტებული ბინებით, რომელიც გადაეცემა ამ ოჯახებს. თუ არის, მაგალითად, 5 სართულიანი შენობა-ნაგებობა, უნდა იყოს ყველა მოსახლის თანხმობა თავისი ამხანაგობის თავმჯდომარესთან, შემდეგ მოდის მუნიციპალიტეტი, გაგვყავს იჯარით იქ მცხოვრებლები, ის ადამიანები არაფერს იხდიან, ყველაფერს მუნიციპალიტეტი იღებს თავის თავზე და ამ ადამიანებს 2 წელში ჩაბარდებათ ევრომასალებით, ენერგოეფექტური მასალით ნაშენები საცხოვრებელი ბინები, უკვე გარემონტებული, ერთადერთი, უნდა შევიდნენ და იცხოვრონ. 5 სართულიანის მაგივრად, შეიძლება, 8-9 სართულიანი პროექტები განვახორციელოთ და ეს საბჭოთა ძველი არქიტექტურა ჩანაცვლდება ახალი, თანამედროვე არქიტექტურით“ – კახა კალაძე, თბილისის მერი.

ავარიული სახლები. სახლები მიშენებებით. სახლები დაშენებებით – პრობლემა, რომლის გადაჭრის გზებზე საუბრობდნენ, მაგრამ არაფერს აკეთებდნენ. პრობლემა, რომელიც ყოველი ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ გვახსენებს თავს, ისიც ცოტა ხნით, სხვა, ახალი პრობლემის „გამომზეურებამდე“ და მოგეხსენებათ, საქართველო პრობლემების ნაკლებობას არ განიცდის.

1987 წელს ცენტრალურმა კომიტეტმა მიიღო დადგენილება, რომელმაც ბიუროკრატიას და შესაბამისად, მოსახლეობას გაუხსნა ხელფეხი კორპუსებზე მიშენებადაშენება დაეწყოთ. მოგვიანებით ამ პროცესს, რატომღაც „ახალი არქიტექტურა“ უწოდეს.

თავის მხრივ, „ახალი არქიტექტურა“ გასული საუკუნის 20-იან წლებში დაიწყო და არა სსრკ-ში, დანარჩენ მსოფლიოში. ამ პერიოდის არქიტექტურული აზრის სამჭედლოს “ბაუჰაუსის” დამაარსებელმა უდიდესმა არქიტექტორმა, პრაქტიკოსმა, თეორეტიკოსმა, პედაგოგმა, ვალტერ გროპიუსმა ზუსტად განსაზღვრა ფუნქციონალიზმის – ახალი არქიტექტურის არსი:  “ახალი არქიტექტურა არ არის დიდი არქიტექტურული ხის ერთ-ერთი ტოტი, არამედ დამოუკიდებელი აღმონაცენია ამ ხის ქვეშ” ანუ თვისებრივად ახალი მოვლენა.

“ევოლუციამ გადაბუგა ხიდები წარსულისაკენ”, – აცხადებს ლე კორბუზიე.

ამ ფრაზებით “ახალი არქიტექტურის” ამ ორი უდიდესი წარმომადგენლის მიერ ყველაფერია ნათქვამი – წარსულს ჩაბარდა “ოქროს კვეთა”, ასპარეზზე გამოდის “მოდულიორი”.

არც ერთი ეპოქა, არც ერთი არქიტექტურული სტილი არ ყოფილა ისეთი კატეგორიული და კანონიზებული, როგორიც “ახალი არქიტექტურა”: 1. სახლი სვეტებზე; 2. ბრტყელი სახურავი-ბაღები; 3. თავისუფალი დაგეგმარება; 4. ლენტური (ჰორიზონტალური) ფანჯრები; 5. თავისუფალი ფასადი – ეს ლე კორბუზიეს “ახალი არქიტექტურის” ხუთი პრინციპია. თვითონვე ააშენა ამ პრინციპებით 15-მდე შენობა, ძირითადად ვილები, სუფთა, მინიმალისტური, სტერილური. შემდეგ მისი გენია ვერ ჩაეტია მის მიერვე დეკლარირებული პრინციპების ჩარჩოში და უგანა მას, შექმნა მარსელის სახლი, ფილიპსის პავილიონი, სამდივნოს და ასამბლეის შენობები და მართლმსაჯულების სასახლე ჩანდიგარჰში (ინდოეთი, პენჯაბი) და ულამაზესი კაპელა რონშანში.

“ახალმა არქიტექტურამ” თითქმის 50 წელიწადი (XX საუკუნის 20-იანი წლებიდან 70-იან წლებამდე) ერთპიროვნულად მართა მსოფლიო არქიტექტურა, მაგრამ ყოველ დაბადებას მოსდევს სიკვდილი და “ახალი არქიტექტურაც” გარდაიცვალა. გამოჩენილმა ინგლისელ-ამერიკელმა არქიტექტორმა ჩარლზ ჯენქსმა წუთების სიზუსტით დაადგინა მისი გარდაცვალების დრო და პოსტმოდერნისტული არქიტექტურული პერიოდის დადგომა. “ახალი არქიტექტურა გარდაიცვალა სენტ-ლუისში, მისურის შტატში, 1972 წლის 15 ივნისს 3, 32 საათზე, როდესაც პორტ აიოგუს რამდენიმე 14-სართულიანი საცხოვრებელი სახლი დინამიტებით დაანგრიეს, რომლებიც აშენებული იყო 1951 წელს გამოჩენილი იაპონელი არქიტექტორის იამასაკის პროექტით, CIAM-ის იდეალების სკრუპულოზური დაცვით, რომელსაც ამერიკის არქიტექტორთა ინსტიტუტის უმაღლესი პრემია ჰქონდა მინიჭებული”, – განაცხადა ჯენქსმა. ეს “ახალი არქიტექტურის” გარდაცვალების ლამაზი მეტაფორაა, რადგან სტილები და მიმართულებები უცებ არ კვდება. ისეთი მოვლენაც კი, როგორც არის ხრუშჩოვიზმი, “ხრუშჩოვკები” კიდევ დიდ ხანს არსებობენ მისი ავტორის გარდაცვალების შემდეგ.

ხრუშოვკა“, რომელსაც, როგორც არქიტექტორები ამბობენ ექსპლუატაციის ვადა დიდი ხნის წინ გაუვიდა, თბილისში ძირითად გვხვდება ვარკეთილში, საბურთალოსა და დიღომში. „უმჯობესია არ დავინანოთ ფული მოძველებული, ე.წ. ვადაგასული შენობების დემონტაჟსა და მათ ადგილას მყარი ნაგებობის აშენებაში, ვიდრე დიდი და ყოვლისმომცველი ტრაგედიის წინაშე დავდგეთ“, – აცხადებენ სპეციალისტები.

_ მოვისმინე თბილისის მერის შესანიშნავი ინიციატივა და შემიძლია ვთქვა, რომ ეს საკმაოდ რთულად განსახორციელებელი პროექტია, თუმცა  პროცესი აუცილებლად უნდა დაიწყოს. ჩვენს ქალაქში უკვე ძალიან ბევრია მოძველებული, ამორტიზირებული შენობა, ე.წ. ხრუშოვკის ტიპის საცხოვრებელი სახლები და ამ პრობლემას მიხედვა სჭირდება. ვფიქრობ, რომ ბატონ კახას აქცენტი საცხოვრებელ მასივებზე ჰქონდა, რომლებიც გასული საუკუნის 50-იან 70-იან წლებში ჩამოყალიბდნენ და დარწმუნებული ვარ, რომ პროცესის დაწყებამდე საჭიროა საფუძვლიანი ანალიტიკური კვლევა, – ასე დაიწყო «პროგრესნიუსთან საუბარი სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ნინო იმნაძემ.
რა ტიპის ანალიტიკურ კვლევა უნდა ჩატარდეს, ვინ უნდა ჩაატაროს და როგორ შეიძლება თბილისის მერის კახა კალაძის ინიციატივა განხორციელდეს ამ და სხვა საკითხებზე ნინო იმნაძე საუბრობს.

_ უნდა მოხდეს საცხოვრებელი თუ საზოგადოებრივი შენობების გამოვლენა და მათი ვარგისიანობის შესწავლა. ერთი ხელის მოსმით ყველაფრის დანგრევა არც ეკონომიური იქნება და არც მიზანშეწონილი, ამიტომ აუცილებელია შენობების კატეგორიებად დაყოფა. ისეთ მდიდარ და განვითარებულ ქვეყანაშიც კი, როგორიც გერმანიაა, მოძველებული შენობები კატეგორიებადაა დაყოფილი –  ნაწილის განახლება-რეაბილიტაცია, ნაწილის კი სრული დემონტაჟი ხდება.  კვლევების შედეგად გამოვლინდება ნაგებობა რამდენად მდგრადია, რამდენად არსებობს იმის პოტენციალი, რომ მოხდეს მისი რეკონსტრუქცია. სასურველია ასევე ჩატარდეს ურბანული კვლევა. ქალაქგეგმარებითი ანალიზის გარეშე ასეთი საქმის დაწყება არ შეიძლება. ასე, რომ ეს კომპლექსური ღონისძიებებია და რა თქმა უნდა, ძირფესვიან ანალიტიკას მოითხოვს.  რა თქმა უნდა, პროექტი ფინანსურად საკმაოდ ძვირად განსახორციელებელია და სახელმწიფოსთან ერთად კარგი იქნება კერძო სექტორის ჩართულობაც.
2019 წელს ტექნიკურ უნივერსიტეტში საკმაოდ საინტერესო დისერტაცია – „თბილისის 50-იან, 70-იან წლებში აშენებული  მსხვილი საცხოვრებელი მასივების რეკონტრუქცია-რეაბილიტაციის არქიტექტორული ქალაქგეგმარების გადაწყვეტის პრინციპები“ – შეიქმნა. დისერტაციაში, რომლის ავტორია  გოჩა ხოფერია, გამოკვლეულია საცხოვრებელი მასივები და ტიპობრივი პროექტებით აშენებული საცხოვრებელი სახლები ე.წ. ხრუშოვკები. საბურთალოს კვარტალში განხილულია 112 კორპუსი, დიღმის მასივში 77 კორპუსი და ე.წ. მესამე მასივში 87 კორპუსი. ეს გახლავთ საკმაოდ სერიოზული კვლევა თავისი ანალიზით, სადაც ნაგებობები დაყოფილია ტიპოლოგიური თვალსაზრისით. აქ იგულისხმება როგორც სართულიანობა, ასევე დაგეგმარების პრინციპები და კონსტრუქციული მდგრადობა. კვლევის ფარგლებში გამოვლენდა შენობები, რომლებიც რეკონსტრუქციას აღარ ექვემდებარება და უნდა დაიშალოს. რა თქმა უნდა, ძველის ახლით ჩანაცვლება საკანონმდებლო რეგულაციებთან თანხვედრით და თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით უნდა მოხდეს.
_ კვლევა მზად ყოფილა, ასე გამოდის. ალბათ შენობა-ნაგებობების ვიზუალურ მხარესაც გულისხმობთ.
_ რა თქმა უნდა. ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ადამიანის საარსებო გარემოს კეთილმოწყობაზე, არა მარტო გეგმარებით სტრუქტურაზე და ქალაქგეგმარების გადაწყვეტაზე, არამედ მის ესთეტიკურ და ვიზუალურ მხარეზეც, რამეთუ ასეთი ნაგებობები აქტიურად მონაწილეობენ ქალაქის სივრცული სტრუქტურის ჩამოყალიბებაში, ქუჩების ვიზუალური მხარის შექმნაში და ეს ყველაფერი გავლენას ახდენს პიროვნების ჩამოყალიბებაზეც. ასე, რომ ეს ხანგრძლივი პროცესია, რომელსაც წინ როგორც ურბანული, ისე სტრუქტურული და სივრცულ-მოცულობითი კვლევა და ანალიზი უნდა უძღოდეს.
არ ვიცი ბატონმა კახას აქცენტი უფრო საცხოვრებელ სახლებზე აქვს თუ საზოგადოებრივ შენობებზე, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ გასული საუკუნის 50-იან 80-იანი წლების მოდერნიზმის საინტერესო ობიექტებიდან ბევრი სავალალო მდგომარეობაშია და ღირებული არქიტექტურის გამო სერიოზულ გარდაქმნას საჭიროებს. მაგალითად, არქეოლოგიური  მუზეუმი დიდ დიღომში, ასევე ყოფილი ტექნიკუმი მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე და ა.შ. ეს იმდენად მონუმენტური ნაგებობებია, რომ მთელი ქალაქის სივრცულ სტრუქტურაში მონაწილეობენ. ასეთი კარგი ინიციატივა საკმაოდ კარგ კვლევას მოითხოვს და ამიტომ მე როგორც ფაკულტეტის დეკანი მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები.
კარგი იქნება, რომ სახელმწიფო გაეცნოს ამ მიმართულებით გაკეთებულ დისერტაციებს. რა თქმა უნდა ეს დისერტაციები პერსპექტივებზეა გათვლილი, სადაც კონცეფციები და მეთოდოლოგიები არის ჩამოყალიბებული. ჩვენ გვქონდა მარიამ მენაბდის საინტერესო დისერტაცია – „მრავალსართულიანი ტიპობრივი საცხოვრებელი სახლების ფასადების მოდერნიზაცია“, რომელიც ასევე გასული საუკუნის 50-იანი, 70-იან წლების მრავალსართულიანი, ტიპობრივი საცხოვრებელი სახლების ფასადების მოდერნიზაციას ეხება. მაგალითად, ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმდებარედ განთავსებული 8 სართულიანი საცხოვრებელი სახლების ფასადები უკვე სავალალო მდგომარეობაშია. ანუ ვიზუალური თვალსაზრისით, ვეღარ აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს, თუმცა ეს არ უნდა იყოს ისე გაგებული, რომ მარტივი საქმეა. ყველაფერს უნდა დაერთოს სერიოზული კვლევა, როგორც ურბანული, ასევე მდგრადობა, კონსტრუქციული, კატეგორიების განსაზღვრა  და ა.შ. ამ პერიოდის შენობებიდან ზოგიერთი შეიძლება საკმაოდ მდგრადი იყოს და მხოლოდ მცირე სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარებას საჭიროებდეს. თუმცა არის კატეგორია, რომელიც ნამდვილად დემონტაჟს  მოითხოვს. მგონია, რომ თბილისის მერი კარგ გზას ადგას და ვისურვებდი, რომ იდეის განხორციელების პროცესში მაქსიმალურად მჭირდო კავშირში იყოს არქიტექტორებთან, იყოს თანამონაწილეობა როგორც პროფესიონალების, ასევე საზოგადოების. ეს ყველაფერი მერიას საშუალებას მისცემს, რომ მეთოდოლოგია და პრიორიტეტები  ჩამოაყალიბოს. ყოველ შემთხვევაში, თუ მოგვმართავენ, ჩვენ მზად ვართ, რომ ამ მიმართულებით გარკვეული კვლევითი სამუშაოები ჩავატაროთ.

პროცესი დაწყებულია, მაგალითად, სარეკრეაციო სივრცეებთან დაკავშირებით, ბევრი მათგანი გაკეთდა, ბევრსაც აანონსებს სახელმწიფო. თუკი საცხოვრებელ კვარტალების გარდასახვაზე იქნება საუბარი, იქ უნდა შეიქმნას სარეკრეაციო სივრცეები, ამიტომ ეს არის უზარმაზარი კომპლექსი და ძალიან დიდი სამუშაო, მთავარია პროცესი დაიწყოს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button