ეკონომიკა

თბილისის მერიამ საკრებულოს დედაქალაქის 2022 წლის ბიუჯეტის შუალედური პროექტი წარედგინა

დედაქალაქის 2022 წლის ბიუჯეტის შუალედური პროექტი თბილისის საკრებულოს უკვე წარედგინა, რომლის მიხედვითაც, საბიუჯეტო ნაწილი მილიარდ 200 მილიონისგან შედგება, ხოლო დონორი ორგანიზაციებისგან მოზიდული გრანტების ფარგლებში, დაახლოებით, 230 მლნ ლარია განსაზღვრული, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„კანონმდებლობიდან გამომდინარე, შუალედური პროექტი უკვე წარვუდგინეთ საკრებულოს, რომლის მიხედვითაც, საბიუჯეტო ნაწილი შედგება მილიარდ 200 მლნ-სგან, ხოლო დონორი ორგანიზაციებისგან მოზიდული გრანტების ფარგლებში, დაახლოებით, 230 მლნ ლარია განსაზღვრული. ჯამურად, ამ ეტაპზე, შუალედური ბიუჯეტი არის მილიარდ 430 მლნ-ზე წარდგენილი. ეს არის შუალედური ბიუჯეტი და არა საბოლოო. ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ცენტრალურ ხელისუფლებასთან. რამდენჯერმე მქონდა შეხვედრა პრემიერ-მინისტრთანაც. მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ირაკლი ღარიბაშვილს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. გვექნება შესაძლებლობა, დედაქალაქის ბიუჯეტმა სპეცტრანსფერით, დამატებითი თანხები მიიღოს, რათა შევძლოთ იმ პროექტების განხორციელება, რაზეც მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, თბილისელებს ვესაუბრებოდი. საბოლოო ბიუჯეტთან დაკავშირებით, უახლოეს მომავალში გვექნება გადაწყვეტილება და ზუსტი ციფრი გვეცოდინება. დღეს რაც არის წარდგენილი საკრებულოში, ეს არის შუალედური ბიუჯეტი. მას შემდეგ, რაც ცენტრალურ ხელისუფლებასთან განხილვას და მოლაპარაკებას დავასრულებთ, დამატებითი სახსრების მობილიზების შესახებ გვეცოდინება და, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს საზოგადოებას ინფორმაციის სახით მივაწვდით“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close